ალტერნატიული რეალობის შექმნის მცდელობა საქართველოში: ცრუ მედია გვერდები Facebook-ზე

2019-01-25 20:34:06
389

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „სამართლიანმა არჩევნებმა“ სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში Facebook-ზე 19 ცრუ საინფორმაციო სააგენტოს ტიპის გვერდი აღმოაჩინა. არჩევნების შემდეგ მსგავსი გვერდების რიცხვი გაიზარდა. ორგანიზაციის დაკვირვებით, 22 იანვრის მდგომარეობით, Facebook-ზე ცრუ მედიის 32 გვერდი მოქმედებს. ასეთი გვერდები საკუთარი სახელწოდების მიხედვით Facebook-ის მომხმარებლებს უქმნიან შთაბეჭდილებას, რომ თითქოს საინფორმაციო სააგენტოებს წარმოადგენენ. სინამდვილეში კი მათი მიზანი სოციალურ მედიაში ალტერნატიული ინფორმაციული წყაროს შექმნაა, რომელიც დასპონსორებული პოსტების სახით ახალ ამბებს შერჩევითად და კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად მიაწვდის საზოგადოებას. აღნიშნული ტიპის გვერდები უმეტესწილად იმ სახის ინფორმაციას ავრცელებენ, რომელიც ხელისუფლების დადებით კონტექსტში წარმოდგენას და მისი ოპონენტების დისკრედიტაციას ემსახურება. მათ შორის, ცრუ სააგენტოები ცრუ ინფორმაციის გავრცელებასაც არ ერიდებიან.

 

სანდოობის ილუზია - ცრუ მედია ერთი შეხედვით

ცრუ საინფორმაციო სააგენტოს ტიპის გვერდები სახელწოდების, პროფილის ფოტოებისა და ვიზუალური შეფუთვის მიხედვით ონლაინ მედიის შთაბეჭდილებას ქმნიან. ზოგჯერ მათი სახელწოდება რეალური საინფორმაციო საშუალების სახელწოდების მსგავსია. მაგალითად, ერთ-ერთი გვერდი მოქმედებს სახელწოდებით „მესხეთის კარიბჭე“, რაც შესაძლოა, მომხმარებლებს აერიოთ სამცხე-ჯავახეთში მოქმედ რეალურ მედია საშუალებაში - „სამხრეთის კარიბჭე“. აღსანიშნავია, რომ ცრუ მედიის - „მესხეთის კარიბჭეს“ პოსტები ღია პოლიტიკური მოწოდებებითაც ხასიათდება.

 

   

„მესხეთის კარიბჭის“ პოსტები 

 

ცრუ საინფორმაციო სააგენტოს ტიპის გვერდები აღწერილობაში მითითებული ინფორმაციით Facebook-ის მომხმარებლებს თავს მედია ორგანიზაციად აცნობენ. ზოგ შემთხვევაში აღნიშნულია, რომ თითქოს მოცემული სააგენტოები 2013-2015 წლიდან ფუნქციონირებენ, თუმცა ყველა ასეთი გვერდი „ფეისბუქზე“ 2018 წლის ნოემბერშია შექმნილი. 

 

 ცრუ მედიის „ფეისბუქ“ გვერდებზე მითითებული აღწერილობა

 

ცრუ მედიის გვერდებიდან არცერთ მათგანს გააჩნია შესაბამისი ვებ-გვერდი. ყალბი საინფორმაციო გვერდების ნაწილს მითითებული აქვს ვებ-გვერდის მისამართი, თუმცა ასეთი ვებ-გვერდები არ არსებობს. ზოგიერთ შემთხვევაში მითითებულია საკონტაქტო ინფორმაციაც. აღსანიშნავია, რომ მითითებული ტელეფონის ნომრები ციფრების კომბინაციის ერთნაირი სტილითაა შედგენილი: (მაგ: 598 98 98 98 ან 574 74 74 74). მითითებული ნომრებიდან მხოლოდ ერთთან ხერხდება დაკავშირება. თუმცა, პირმა, რომელმაც „სამართლიანი არჩევნების“ ზარს უპასუხა, საინფორმაციო სააგენტოსთან რაიმე კავშირი უარყო.

 

ცრუ მედიის გვერდებზე მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია

 

ცრუ მედია გვერდები არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ 

2018 წლის საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ Facebook-ზე არსებული სხვადასხვა ტიპის დისკრედიტაციული გვერდების აქტივობა შედარებით დაეცა. ცრუ მედიის გვერდების ჯგუფი „სამართლიანი არჩევნების“ მონიტორინგის ერთადერთი ობიექტია, რომლის აქტივობის დონემ 2018 წლის დეკემბერში საარჩევნო პროცესის რეკორდს გადააჭარბა. აღნიშნული ძირითადად ახალი გვერდების გააქტიურებამ განაპირობა. დეკემბერში ცრუ მედიის ტიპის 7 ახალი გვერდი გამოჩნდა. 4 მათგანი 10 დეკემბერს შეიქმნა. 12 იანვრამდე Facebook-ზე ISFED-ის მიერ იდენტიფიცირებული 27 ცრუ საინფორმაციო სააგენტოს ტიპის გვერდი მოქმედებდა. მათი მომწონებელთა ჯამური რაოდენობა 116,840-ს შეადგენს. 2018 წლის 1 ივნისიდან 2019 წლის 12 იანვრამდე ამ გვერდებზე 5,986 პოსტია გამოქვეყნებული. საარჩევნო კამპანიის პროცესში „სამართლიანმა არჩევნებმა“ ცრუ მედიის გვერდებზე 120-მდე დასპონსორებული პოსტის იდენტიფიცირება შეძლო.

 

2018 წლის 1 ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ცრუ მედიის გვერდების აქტივობა - პოსტების რაოდენობის დინამიკა კვირების მიხედვით

 

ცრუ მედია გვერდებს შორის 10 საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურამდე მოქმედებდა. მათ შორის ოთხი 2014-2015 წლებში არის შექმნილი. დანარჩენებმა კი მოქმედება 2018 წელს დაიწყეს, რომელთაგან სამი არჩევნების თარიღის დანიშვნის შემდეგ შეიქმნა. 28 ოქტომბრამდე მოქმედ გვერდებს მეორე ტურისათვის 10 ახალი გვერდიც შეემატა. მათი შექმნა 2 ნოემბერს დაიწყო. მეორე ტურის კენჭისყრის დღემდე უკანასკნელად ასეთი გვერდი,  სახელწოდებით -Mypress.ge, 25 ნოემბერს  შეიქმნა.

 

  

ცრუ მედიის გვერდები არჩევნების პირველი და მეორე ტურებისათვის - „სამართლიანი არჩევნების“ სოციალური მედიის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში

 

საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, Facebook-ზე სულ 12 ახალი ცრუ მედიის გვერდი შეიქმნა - 5 მათგანი 2019 წლის იანვრიდან შეუდგა მოქმედებას. ამ გვერდების მომწონებელთა  რაოდენობა 5-დან 280-მდე მერყეობს. თუმცა, გამომწერთა მცირე რიცხვი მათ ხელს არ უშლის, ფართო აუიდიტორიაზე გააჩნდეთ წვდომა. ყველა მათგანი, ცრუ მედიის სხვა გვერდებთან ერთად, აქტიურად ასპონსორებს პოსტებს.

 

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი გვერდები 2019 წლის 22 იანვრის მდგომარეობით 

  გვერდის სახელი შექმნის თარიღი მომწონებელთა რაოდენობა
1 Georgianinfo.ge 10.12.2018 132
2 Newsportal.ge 10.12.2018 118
3 Mynews.ge 10.12.2018 146
4 Gazzeta.ge 10.12.2018 123
5 Onlinenews.ge 11.12.2018 74
6 Webinfo.ge 21.12.2018 82
7 Ontime.ge 24.12.2018 281
8 Daily Info 12.01.2019 27
9 Infomedia+ 12.01.2019 14
10 Contact News 12.01.2019 157
11 ვებ გაზეთი 12.01.2019 5
12 ივერიის მაცნე 17.01.2019 49

 

ცრუ მედია საშუალებებს შორის მომწონებელთა და გამომწერთა ყველაზე მეტი რაოდენობით „საინფორმაციო  გვერდი / Information Page” გამოირჩევა (55,400-ზე მეტი მოწონება და 60,000-მდე გამოწერა). იგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, 2014 წლის 4 თებერვალს „ევროპული არჩევანი / evropuli archevani“-ის სახელწოდებით შეიქმნა. შექმნიდან ერთ თვეში გვერდმა სახელწოდება ცხრაჯერ შეიცვალა. მათ შორის, 20 თებერვალს გვერდის სახელწოდება „თვითმართველობის არჩევნები / ქართული ოცნება“ გახდა. მომდევნო დღეს „ქართულმა ოცნებამ“ სათაურის დასაწყისში გადმოინაცვლა. ეს სახელწოდება გვერდმა 26 თებერვლამდე შეინარჩუნა. გვერდის სახელწოდებათა ცვლილებების ისტორია ამყარებს ეჭვებს, რომ ამ გვერდის უკან „ქართული ოცნების“ ინტერესები იკვეთება. ასევე, ცხადი ხდება, რომ საარჩევნო პროცესში ცრუ ინფორმაციის გავრცელება და დისკრედიტაციის ტაქტიკა ჯერ კიდევ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების პერიოდიდან გამოიყენება. Facebook-ის მიერ გასაჯაროვებულიინფორმაციის მიხედვით, ამ დროისათვის გვერდს 10 ადმინისტრატორი მართავს. 

 

„საინფორმაციო გვერდის“ სახელწოდებათა ცვლილებები

თარიღი ცვლილება სახელწოდებაში
04.02.2014 ევროპული არჩევანი / evropuli archevani
05.02.2014 ევროპული არჩევანი
07.02.2014 საინფორმაციო გვერდი
20.02.2014 თვითმმართველობის არჩევნები
20.02.2014 თვითმმართველობის არჩევნები / ქართული ოცნება
21.02.2014 ქართული ოცნება / თვითმმართველობის არჩევნები
26.02.2014 საინფორმაციო გვერდი
26.02.2014 საინფორმაციო გვერდი / Information Page
02.03.2014 სიახლე.com / News. Com
02.03.2014 საინფორმაციო გვერდი / Information Page

 

2018 წლის 1 ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში „საინფორმაციო გვერდის“ აქტივობა - პოსტების რაოდენობის დინამიკა კვირების მიხედვით

 

საინფორმაციო გვერდი / Information Page” 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურისათვის ცრუ საინფორმაციო საშუალებებს შორის ყველაზე აქტიური იყო. გვერდის აქტივობის ზრდა საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებასთან ერთად, 29 აგვისტოდან, დაიწყო. ოქტომბრის თვეში კი გვერდის აქტივობის დონე გაორმაგდა. მან მაქსიმალურ მაჩვენებელს პირველი ტურის შემდეგ, ნოემბერში, მიაღწია. მაშინ, როდესაც პირველი ტურის უკანასკნელი ერთი თვის საარჩევნო კამპანიის პერიოდში გვერდზე 384 პოსტი გამოქვეყნდა, პირველსა და მეორე ტურებს შორის არსებული ერთი თვის განმავლობაში გვერდმა 784 პოსტი გამოაქვეყნა. მათ შორის 237 პოსტი გვერდზე მეორე ტურის კამპანიის ბოლო კვირის პერიოდში (21-27 ნოემბერი) განთავსდა. არჩევნების პირველი ტურის დღეს გვერდზე 19 პოსტი, მეორე ტურის კენჭისყრის დღეს კი 41 პოსტი გამოქვეყნდა. „სამართლიანი არჩევნების“ მონიტორებმა აღნიშნულ გვერდზე საარჩევნო პროცესში განთავსებული 62 დასპონსორებული პოსტი აღმოაჩინეს.

 

   

საინფორმაციო გვერდის დასპონსორებული პოსტები ოფიციალური საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას

 

ცრუ მედიის მოქმედების სტრატეგია: ოპონენტების დისკრედიტაცია და ხელისუფლების პოზიტიურად წარმოჩენა

ცრუ საინფორმაციო სააგენტოების მოქმედების სტრატეგია ერთმანეთის იდენტურია. მათი პოსტების ძირითადი ნაწილი ფოტოებისა და ვიდეოს სახითაა წარმოდგენილი და მაღალი დონის მულტიმედიური მასალით ხასიათდება. აღნიშნულ გვერდებზე ძირითადად მსგავსი გზავნილების მქონე პოსტები და ერთნაირი მასალები ქვეყნდება, რაც ცხადს ხდის, რომ ეს გვერდები ურთიერთდაკავშირებულია. გვერდების მთავარი სტრატეგია პოლიტიკური შინაარსის პოსტების მასობრივ დასპონსორებაში მდგომარეობს, რის შედეგადაც ისინი ფართო აუდიტორიისათვის ხდება ხელმისაწვდომი.

 

პოსტების სახეობები ცრუ მედიის გვერდებზე

 

დისკრედიტაცია: ის ცრუ მედია გვერდები, რომლებიც 2018 წლის საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე არსებობდნენ, ხელისუფლების საწინააღმდეგო პოლიტიკური პროცესების, არასამთავრობო სექტორისა თუ სხვა კრიტიკული აზრის მქონეთა დისკრედიტაციით იყვნენ დაკავებულები. არჩევნების მოახლოებასთან ერთად გაღრმავდა ოპოზიციური კანდიდატების, ძირითადად გრიგოლ ვაშაძის, საწინააღმდეგო კონტექსტის პოსტების განთავსების ტენდენცია, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი დასპონსორებული იყო. განსაკუთრებით მაღალ დონეს ამ გვერდების აქტიურობამ მეორე ტურისათვის მიაღწია.

 

  

საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე და კამპანიის პროცესში გამოქვეყნებული პოსტები

 

ხელისუფლების მხარდაჭერა: ცრუ საინფორმაციო სააგენტოს ტიპის გვერდები ხელისუფლების კრიტიკოსების მადისკრედიტირებელი ქვეტექსტის გზავნილებთან ერთად, მთავრობის სასარგებლო პოსტებსაც ავრცელებენ. მაგალითად, მას შემდეგ, რაც 2018 წლის 19 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ 600,000 მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდებოდა, იმ დროისთვის მოქმედმა ყველა ცრუ მედიის გვერდმა აქტიური კამპანია წამოიწყო. აღნიშნულ ინივიატივას დიდი რაოდენობის დასპონსორებული პოსტები მიეძღვნა. აღსანიშნავია, რომ მოცემულ თემასთან დაკავშირებით სხვადასხვა გვერდზე განთავსებული ფოტომასალები წარწერების, ლოგოს, გამოყენებული ფერების დიზაინის მიხედვით ერთმანეთის მსგავსია.

 

  

  

 

ცრუ მედიის გვერდების მიერ მთავრობის, ბიძინა ივანიშვილისა და ფონდი „ქართუს“ მიმართ დადებითი კონტექსტის გამომხატველი პოსტების დასპონსორების პარალელურად, აქტიურად წარიმართებოდა კამპანია Vivus.Ge-ს წინააღმდეგ, რომელიც არ ერთვებოდა აღნიშნულ პროგრამაში. ამასთანავე, ამ კომპანიის გადაწყვეტილება დაკავშირებული იქნა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“.

 

 

ყალბი ამბები: ცრუ საინფორმაციო სააგენტოს ტიპის გვერდები არჩევნებთან დაკავშირებით ყალბ ინფორმაციასაც ავრცელებდნენ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე ზოგიერთი ცრუ მედიის გვერდი ავრცელებდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ში  შემავალი პარტიების მიერ ჩატარდა შიდა კვლევა, რომლის მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა 50%-იან მაჩვენებლს აღემატებოდა. აღნიშნული ინფორმაცია არ გაუვრცელებია არცერთ სანდო მედია საშუალებას. 

 

  

„საინფორმაციო გვერდის“ პოსტები კვლევების შესახებ

 

არჩევნების დასრულების შემდეგ ცრუ მედიის გვერდები სალომე ზურაბიშვილის მიმართ მოლოცვებზე ავრცელებდნენ ინფორმაციას. ამასთან, მათი პოსტების ნაწილი კვლავაც „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო კონტენტს შეიცავდა. მოგვიანებით, რაც Facebook-ზე ახალი გვერდებიც გააქტიურდნენ, მათ პოსტები  არაპოლიტიკურ ახალ ამბებზეც განათავსეს, თუმცა მათ მიერ დასპონსორებული პოსტები ხელისუფლების  მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების დისკრედიტაციისკენ ან ხელისუფლების მხარდაჭერისკენ იყო მიმართული. აღნიშნულმა გვერდებმა აქტიურად დაასპონსორეს პოსტები მთავრობის მიერ დაგეგმილ ან განხორციელებულ პროექტებზე. 

საყურადღებოა, რომ ცრუ საინფორმაციო საშუალებების დისკრედიტაციული კამპანიის სამიზნე იანვრის დასაწყისში „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერებთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან დაპირისპირებული დეპუტატი, და იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელიაც გახდა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა განხილვის პროცესში კრიტიკული მოსაზრებებისა და კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის შემდეგ, ცრუ მედია გვერდები ეკა ბესელიას მმართველი პარტიიდან გარიცხვას აანონსებდნენ და დასპონსორებულ პოსტებში მას ქრთამის აღებაში ადანაშაულებდნენ. აღსანიშნავია, რომ საკუთარი კრიტიკული მოსაზრებების გამო ეკა ბესელია წერილში გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმაც. 

ცრუ მედიის ფოკუსში მოექცა ასევე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, რომლის წინააღმდეგაც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ცრუ მედიის „ფეისბუქ“ გვერდებზე შესამჩნევი გახდა მამუკა ხაზარაძის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებისაკენ ორიენტირებული პოსტების გამოქვეყნების ტენდენცია, რაც ამ გვერდების პოსტების დიდი ნაწილის მსგავსად, დასპონსორების მაღალი აქტივობით გამოიხატა.

 

 
  

 

გამოწვევა არა მხოლოდ არჩევნების დროს

ცრუ საინფორმაციო სააგენტოს ტიპის გვერდები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე „ფეისბუქის“ მომხმარებლებს პროსამთავრობო, მიკერძოებულ, არასანდო, ზოგ შემთხვევაში ყალბ ინფორმაციას აწვდიან. ამავე დროს, ისინი ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგაც ისეთ პოსტებს აქვეყნებენ, რაც მათ დისკრედიტაციას ემსახურება. ასეთი პოსტები კი თითქმის ყოველთვის დასპონსორებულია. აღნიშნული გვერდები არ ავრცელებენ ისეთ ინფორმაციას, რომელიც კრიტიკულად წარმოადგენს ხელისუფლების საქმიანობას. ცხადია, რომ მსგავსი ტაქტიკით ცრუ მედია საშუალებების გამოყენების მიზანია დასპონსორების მეშვეობით „ფეისბუქზე“ მომხმარებელთა დიდი ნაწილისთვის ინფორმაციის მიკერძოებულად და ხელისუფლების სასარგებლო ჭრილში მიწოდება და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ საზოგადოებაში განწყობების  ჩამოყალიბებაზე გავლენის მოხდენა.

ცრუ მედია გვერდები „ფეისბუქზე“ განსაკუთრებით შესამჩნევი გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში გახდა. თუმცა, როგორც ჩანს ეს გამოწვევა ქართული სოციალური მედიის სივრცეში არჩევნების შემდეგაც შენარჩუნდება. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მსგავსი გვერდების რაოდენობის და დასპონსორებული კონტენტის ზრდა მიუთითებს, რომ ცრუ მედია პოლიტიკური ბრძოლის და საზოგადოებრივ განწყობებზე გავლენის მოხდენის იარაღად აირჩიეს. ამ ორგანიზებული ოპერაციის მიზანი სოციალურ მედიაში მოქალაქეთა ინფორმირების გავლენიან პლატფორმად არასანდო, პოლიტიკური ინტერესების გამომხატველი ცრუ გვერდების ქცევაა, რათა მათ ქვეყანაში მიმდინარე დისკურსი შეცვალონ და ის პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან, რაც ამ გვერდების უკან მდგომთა ინტერსებს შეესაბამება.

მასალა მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია (ISFED) "სანართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" მიერ