ოკუპირებული აფხაზეთის ომბუდსმენი გალის რაიონის მოსახლეობას გამოესარჩლა

2019-01-25 17:54:17
700

სოხუმის რეჟიმის მიერ შემოღებული კარანტინით დაზარალებულ გალის რაიონის მოსახლეობას ოკუპირებული აფხაზეთის სახალხო დამცველი ასიდა შაკრილი გამოესარჩლა.

გალელების მიერ რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის შენობასთან გამართული საპროტესტო აქციის საპასუხოდ შაკრილმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოსახლეობის გარკვეული კატეგორიების მიერ დე ფაქტო საზღვრის კვეთის აკრძალვის აუცილებლობას ეჭვქვეშ აყენებს და დე ფაქტო ხელისუფლებას ადგილობრივთა უფლებების დარღვევზე მიუთითებს.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების სამსახურის განცხადების თანახმად, “საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. “ღორის გრიპის” ვირუსის გავრცელების გამო შემოღებულია 2-თვიანი კარანტინი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან უცხოეთის მოქალაქეების აფხაზეთის რესპუბლიკაში შესვლა, ასევე აფხაზეთიდან საქართველოში აფხაზეთის მოქალაქეების გასვლა იზღუდება”.

შაკრილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ “საზღვრის კვეთის შეზღუდვის ღონისძიებები უნდა ითვალისწინებდეს გალის რაიონის მაცხოვრებლების სასიცოცხლო საჭიროებებს, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიაზე მკურნალობა, პენსიებისა და სოციალური დახმარებების მიღება და სხვა”.

ომბუდსმენი იმაზეც მიუთითებს, რომ მოსახლეობა დე ფაქტო საზღვრის კვეთის მოსალოდნელი შეზღუდვის შესახებ წინასწარ უნდა გაეფრთხილებინათ და, ამასთანავე, როცა ეს ზომები ესოდენ ხანგრძლივი ვადით – 2 თვით მიიღება, ეს სერიოზულ ანალიზსა და დასაბუთებას საჭიროებს.

«ძნელი გასაგებია, მაგალითად, იმგვარი ნაბიჯების მიზანშეწონილობა, როგორიცაა არდადეგებზე აფხაზეთში ჩამოსული სტუდენტების უკან არგაშვება, მით უფრო, რომ ნაკლებ სავარაუდოა, სტუდენტებს ჰქონდეთ განზრახვა, აფხაზეთში კარანტინის დასრულებამდე დაბრუნდნენ», – აღნიშნავს ასიდა შაკრილი.

ომბუდსმენმა მოუწოდა ადგილობრივ დე ფაქტო ადმინისტრაციას, შეაგროვოს მონაცემები იმის შესახებ, რამდენ ადამიანს ექმნება დე ფაქტო საზღვრის ჩაკეტვის გამო პრობლემები, რამდენი რჩება საარსებო სახსრების გარეშე, რათა ამ კატეგორიას შესაბამისი დახმარება გაეწიოს.

მის განცხადებაში ხაზგასმულია ასევე, რომ “გალის რაიონის მოსახლეობის სამართლებრივი სტატუსისა და დოკუმენტების საკითხი ხანგრძლივი დროის განმავლობაში გადაუწყვეტელი რჩება, ამიტომაც აფხაზური სახელმწიფოს უპირველეს ამოცანებს შორის გალის რაიონის მოსახლეობის პრობლემების სამართლიანი გადაჭრაც უნდა იყოს შეყვანილი”.