"რუსეთისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ არასდროს შევეგუებით და არ დავივიწყებთ, რასაც ისინი საქართველოში აკეთებენ"

2019-01-24 23:08:44
263

ჩვენ არ გვავიწყდება და არ დავივიწყებთ საქართველოში რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, – განაცხადა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

მისივე თქმით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მყოფმა ელჩებმა დააფიქსირეს შეშფოთება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ჰუმანიტარულ კრიზისზე.

„შეხვედრაზე მყოფი ელჩები ფლობდნენ ინფორმაციას იმ რთულ და დაძაბულ ვითარებაზე, რომელიც შექმნილია ზოგადად და განსაკუთრებით ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვით. მათ დააფიქსირეს შეშფოთება არსებული ჰუმანიტარული სიტუაციის გამო. ჩვენ სხდომაზე ვსაუბრობდით, ვმსჯელობდით, თუ რა შეუძლია ნატოს დამატებით გააკეთოს საქართველოს მხარდასაჭერად“,- განაცხადა აპატურაიმ.

მისივე თქმით, პირველ რიგში, რუსეთისთვის უნდა იყოს ნათელი, რომ ნატო არ ეგუება და არასდროს შეეგუება იმას, რასაც რუსეთი აკეთებს. 

„ასევე, ყოველთვის ვადევნებთ და დიდი ყურადღებით მივადევნებთ თვალს, თუ რა ქმედებებს აქვს მათი მხრიდან ადგილი.

უკრაინაა მთავარ ახალ ამბებში, მაგრამ ჩვენ მართლაც ყოველთვის ვაფიქსირებთ პოზიციას და ვამბობთ ღიად, რომ არ დაგვვიწყებია, რაც საქართველოში ხდება.

ხვალ გაიმართება ნატო-რუსეთის საბჭო და არ გამიკვირდება, რომ ნატო-ს ელჩებმა შეახსენონ რუსეთს, რომ მაშინაც კი, როდესაც ვსაუბრობთ უკრაინაზე, ჩვენ არ გვავიწყდება და არ დავივიწყებთ საქართველოში რუსეთის აგრესიულ ქმედებებს“,- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.