სტოლტენბერგი: "საქართველო–NATO–ს პარტნიორობა უფრო მჭიდრო ხდება"

2019-01-23 19:19:51
155

საქართველო ნატო-ს უაღრესად დაფასებული პარტნიორია, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.

„პირველ რიგში გილოცავთ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. დიდი პატივია ჩვენი ალიანსის შტაბ-ბინაში თქვენი მასპინძლობა. საქართველოს დიდი წვლილი შეაქვს ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში. საქართველო ავღანეთში ჩვენი მისიის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია. მარტში ნატო-საქართველოს წვრთნები გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს 17 მოკავშირე. ყველაფერი ეს იმას ცხადყოფს, რომ საქართველო ალიანსის უნიკალური პარტნიორია და ჩვენი პარტნიორობა უფრო და უფრო მჭიდრო ხდება“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ „გაგრძელდება ერთობლივი მუშაობა საქართველოს ნატო-ს წევრობისთვის მოსამზადებლად“.

„ჩვენ ასევე მივესალმებით იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს რეფორმების განხორციელების კუთხით. განსაკუთრებით აღვნიშნავ უსაფრთხოებისა და თავდაცვის უფრო ეფექტურ ინსტიტუტებს და შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას. მოგიწოდებთ განაგრძოთ ეს გზა. ასევე მივესალმები საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებას მშპ-ს 2% თავდაცვით ხარჯებს მოახმაროს“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, რაც მოიცავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს.

„რუსეთს მოვუწოდებთ გააუქმოს ამ რეგიონების აღიარება და გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.