აფხაზური მედიცინა: როგორ გადარჩე უსახსრობის პირობებში

2019-01-23 16:17:30
425

აფხაზეთში სამედიცინო დახმარებფორმალურად უფასოა – როგორც სტაციონარული, ისე ამბულატორიული, რეალურად კი მედიცინა ოკუპირებულ რეგიონში ფაქტობრივად არ არსებობს.

სამედიცინო დაწესებულებების შენობების 99% კაპიტალურ რემონტს საჭიროებს, ახალი ბოლო ათწლეულების განმავლობაში რეგიონის მასშტაბით მხოლოდ ორი აშენდა – სამშობიარო და პოლიკლინიკა სოხუმში; თანამედროვე აღჭურვილობა ფაქტობრივად არსადაა, თუ არ ჩავთვლით ერთ-ორ გამონაკლისს; რეგიონი კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის ნაკლებობას განიცდის: ახალგაზრდებს ამ სფეროში მხოლოდ ორი კოლეჯი ამზადებს – გაგრისა და სოხუმის, უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლები აფხაზეთში უბრალოდ არ არსებობს, ხოლო მათ, ვინც ამ კუთხით განათლება და გამოცდილება უცხოეთში მიიღო, ოკუპირებულ რეგიონში არსებული ვითარება და მიზერული ხელფასი ძნელად თუ მიიზიდავს.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, აფხაზეთში მკურნალობა მართლაც უფასო რომც იყოს, პაციენტი სასურველ შედეგს ნაკლებად უნდა ელოდოს, რეალურად კი, მას ამ სარისკო საქმეში არცთუ მცირე თანხების გადახდა უწევს: ყოველ საავადმყოფოში არსებობს “ნებაყოფლობითი” შესაწირი – ე.წ. “მადლიერების თანხები” ექიმებისა და სხვა პერსონალისთვის, რომელთა ოდენობა არაოფიციალურად ყველასთვის ცნობილია და გადასახდელად სავალდებულო. არსობრივად, ადგილობრივებისთვის უფასო მხოლოდ ექიმისთვის მიმართვა გამოდის, სხვა ყველაფერი - მომსახურებაც, წამლებიც, წვეთოვანები და სხვა სახარჯო სამედიცინო მასალებიც პაციენტებმა საკუთარი სახსრებით უნდა შეიძინონ.

აფთიაქები აფხაზეთში, შეიძლება, ითქვას, საჭიროზე მეტია და უმრავლეს შემთხვევაში მედიკოსების მიერაა გახსნილი. სახეზეა სამედიცინო პრეპარატების საკმაოდ ფართო ასორტიმენტიც, თუმცა წამლები ძვირია – უფრო ძვირი, ვიდრე რუსეთში.

ფორმალურად, ოკუპირებულ რეგიონში სამკურნალო პრეპარატებით მომარაგების მიზნობრივი პროგრამა მოქმედებს, თუმცა რეალურად, მოსახლეობა მათ ვერ იღებს და ყველაფრის საკუთარი სახსრებით შეძენა უწევს.

«მედიცინა აფხაზეთში უბრალოდ არ არსებობს. საავადმყოფოებში არ მოიპოვება აღჭურვილობა, ინფარქტიანი ხალხი იღუპება იმის გამო, რომ დახმარებას ვერ იღებს. იმგვარ პირობებში, როგორშიც ბავშვთა რესპუბლიკური, მე-2 საქალაქო, გალისა და ტყვარჩელის საავადმყოფოები მუშაობენ, სადაც რემონტი არასოდეს ჩატარებულა, მკურნალობა საერთოდ შეუძლებელია. [...] არც ერთი საავადმყოფო არ მარაგდება მედიკამენტებით, გადასახვევი და პირველადი მასალებით. ჯანდაცვის ხაზით საავადმყოფოები მხოლოდ ნარკოტიკულ და ნარკოზულ პრეპარატებს იღებენ. თუმცა სამინისტრო არაა დამნაშავე, რადგან მას საკუთარი სახსრები არ გააჩნია” - წერს სოციალურ ქსელში აფხაზეთის დე ფაქტო საზოგადოებრივი პალატის წევრი, გულრიფშის რაიონის ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტალის ხელმძღვანელი ზურაბ აჩბა.

თავად დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროში რწმუნებიან, რომ მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამა გამჭვირვალედ ხორციელდება და ერთადერთი პრობლემა არასაკმარისი დაფინანსებაა.

ჯანდაცვის სამინისტრო არსებული ბიუჯეტის ფარგლებში სრულიად გამჭვირვალედ მოქმედებს. რაც დაგვიმტკიცეს, იმას ვხარჯავთ. სამკურნალო პრეპარატებით მომარაგების მიზნობრივი პროგრამა მხოლოდ რესპუბლიკური დაქვემდებარების ორგანიზაციებზე ვრცელდება. […] ყველა ასეთი დაწესებულებისთვის ამ პროგრამით წელს 30 მლნ რუბლია გათვალისწინებული. რესპუბლიკური საავადმყოფო რომ ავიღოთ მაგალითად, მისი ბიუჯეტიდან თვეში 1 მლნ 300 ათასი რუბლია გამოყოფილი ყველა ლაბორატორიულ კვლევაზე, სახარჯ მასალებზე, სამედიცინო ნაკეთობებსა და წამლებზე, რენტგენსა და ტომოგრაფიაზე. თუ მას პაციენტების რაოდენობაზე გავყოფთ, გამოდის მიზერული თანხა. ამიტომაც ბიუჯეტები აშკარად გასაზრდელია, თუმცა სახელმწიფოს შესაბამისი სახსრები არ გააჩნია. რაც შეეხება საქალაქო და რაიონულ სამედიცინო დაწესებულებებს, ისინი მიზნობრივ პროგრამაში გათვალისწინებულები საერთოდ არ არი. […] მათი ბიუჯეტები ჩემთვის უცნობია, თუმცა ვიცი, რომ მედიკამენტებზე მიზერული თანხებია გათვალისწინებული» - აცხადებს დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაციის სამმართველოს ხელმძღვანელი ახრა აჩბა .

ჯანდაცვის შესახებ ამასწინათ მიღებული კანონის ფარგლებში ამჟამად განსაზღვრის პროცესშია იმ სამედიცინო მომსახურეობების ჩამონათვალი, რომლითაც აფხაზური ე.წ. “სახელმწიფო” თავის “მოქალაქეებს” უზრუნველყოფს. მასში უფასო მომსახურეობებიც იქნება აღნიშნული.

არსებობს ჯანდაცვის შესახებ კანონი და სახელმწიფო გარანტირებულად უზრუნველყოფს სამკურნალო პრეპარატებით სასწრაფო დახმარებას. სახელმწიფო თავის თავზე იღებს გადაუდებელ ოპერაციებსა და სხვა სასწრაფო მანიპულაციებს, ამ დროს აუცილებელი მედიკამენტებისა და სახარჯო მასალების, ასევე პაციენტის სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის ხარჯებს. ხოლო თუ ადამიანი გეგმიურ დიაგნოსტიკას გადის და მას გეგმიური ოპერაცია ენიშნება, ასეთი ბიუჯეტით ჩვენ მსგავს ხარჯებს ვერ დავფარავთ. თუ ადამიანს ინსულტი ან ინფარქტი დაემართა, უფასო სამედიცინო დახმარება მას მდგომარეობის სტაბილიზაციამდე ეწევა. ამისთვის სამი დღეა განსაზღვრული” - ამბობს ახრა აჩბა.

თუმცა ცხადია, რომ სამი დღე ყველა მსგავს შემთხვევაში როდია საკმარისი. თანაც, არსებული ინფორმაციით, სტაციონარში მოთავსების პირველივე დღიდან ინსულტიან პაციენტებს ყველა საჭირო პრეპარატის საკუთარი სახსრებით შეძენა უწევთ.

22 იანვარს დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებით თათბირი გამართა. დე ფაქტო პროკურატურასა და შსს-ს ე.წ. სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებისთვის სამედიცინო პრეპარატების შესაძენად გათვალისწინებული თანხების გადანაწილება-ხარჯვაზე კონტროლის გამკაცრება დაევალათ.

თუმცა პრობლემა უკვე მრავალი წელია, მწვავედ დგას, სავალალო მდგომარეობა სახეზეა, გამოსავალი კი ამ დრომდე ვერ მოიძებნა და ნაკლებ სავარაუდოა, მოიძებნოს. მით უფრო – ახლა, როდესაც წლების განმავლობაში რუსეთიდან მომავალი ფინანსური დახმარება ფაქტობრივად შეწყდა.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება