მოძღვრებსა და მოვაჭრეებს შორის დაპირისპირება გრძელდება: „სჯობს, ნათლობაზე და ჯვისწერაზე დაწესებული „სტავკა“ გააკონტროლონ“

2019-01-22 16:50:47
512

სასულიერო პირებსა და გარემოვაჭრეებს შორის დაპირისპირება გრძელდება. გარემოვაჭრეები ჯვრის მონასტრის წინამძღვრის გადაგომის მოთხოვნით თავდაპირველად მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი მათ საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიასთან გადაინაცვლეს. 

გარემოვაჭრეების განცხადებით,  ტაძრის წინამძღვარმა ტერიტორიიდან მათი გაყვანის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო; იღუმენმა არ გაითვალისწინა მერიის მიერ გაცემული რეკომენდაციები, რომლის თანახმადაც ტერიტორიაზე უნდა განთავსებულიყო დახლები და მოვაჭრეებს საქმიანობა გაეგრძელებინათ.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, სასულიერო პირი სხვა მონასტერში გადაიყვანონ. 

„ჩვენი მოთხოვნაა, გადაყვანილი იქნას ჯვრის წინამძღვარი, მამა კონსტანტინე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას და საპატრიარქოსთანც აქციებს გავმართავთ,“ - განაცხადა აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ.

გარემოვაჭრეების განცხადებით, ტერიტორია სახელმწიფოს საკუთრებაა და თავადაც ამ სახელმწიფოს ნაწილნი არიან.

„თუ მამაოს აქვს ტაძრის დაკეტვის უფლება, ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების უფლება, ჩვენც გვაქვს უფლებები, იმიტომ რომ ეს ტერიტორია სახელმწიფოსია, ჩვენც სახელმწიფოს ნაწილი ვართ, გადავკეტავთ გზას და არ შემოვუშვებთ არავის. არ ვიცი, მამაოს რატომ აძლევენ ამდენ უფლებებს, ვინ ეხმარება. ჯობია გააკონტროლონ ის ფასები, რომლებიც უდევთ, „სტავკა“, რომელიც დაწესებული აქვთ ნათლობაზე, ჯვისწერაზე. ჩვენი ოჯახებიდან ლუკმის ამოცლას, სჯბს, ამას მიხედონ “ - ამბობს აქციის მონაწილე.

ზედამხედველობის სამსახურმა მოვაჭრეებს ტერიტორიის დასატოვებლად სამ დღიანი ვადა მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვაჭრეებს ტერიტორიიდან იძულებით გაიყვანენ. 

გაფრთხილებას წინ უძღოდა შეხვედრა მცხეთის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და სასულიერო პირებს შორის, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.

„გაგვიკრეს გამაფრთხილებელი საბუთი, თუ არ ავიღებთ სამ დღეში დახლებს, თვითონ დაერევიან და აიღებენ. ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ, ჩვენს უკან ხალხი დგას,“ - ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე. 

სასულიერო პირებს შეხვდა მცხეთის მერი გიორგი კაპანაძე. მისი თქმით, მამა კონსტანტინე ჭინჭარაული ცალსახად იმ აზრზეა, რომ მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეები უნდა გავიდნენ.

მამა კონსტანტინე ჭინჭარაული სასტიკ უარზე, რომ ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე იყოს ვაჭრობა. ჩვენ გვქონდა შეთავაზებული, რომ ჩვენს თავზე ავიღებდით ზედამხედველობას გარემოვაჭრეებზე, რომ არ ყოფილიყო უსუფთაობა და ქაოტური ვაჭრობა. მამა კონსტანტინე ცალსახად იმ აზრზეა, რომ იქიდან ეს გარემოვაჭრეები უნდა გავიდნენ. თუმცა, მომავალში აიკრძალება თუ არა გარევაჭრობა, ამას არ ადასტურებს.

ეს ტერიტორია შედის მუნიციპალიტეტის ფარგლებში, მაგრამ ამ ტერიტორიას განკარგავს სახელმწიფო.

იქიდან გამომდინარე რომ ეს ტერიტორია არ ეკუთვნის მუნიციპალიტეტს და არის სახელმწიფო ტერიტორია, ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ მივცეთ ნებართვა გარევაჭრობაზე. რადგან ნებართვას ვერ ვაძლევთ, ეს თავისთავად ნიშნავს აკრძალვას“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ. ამასთან, ქალაქის მერი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტი დღესვე მზადაა ტერიტორიაზე აიტანონ უკვე გამზადებული სავაჭრო დახლები და მიეცეს გარევაჭრობას უფრო ცივილური სახე.

დაპირისპირება მოვაჭრეებსა და სასულიერო პირებს შორის გასულ კვირას დაიწყო. მამა კონსტანტინე ჯინჭარაულმა მოვაჭრეების გაყვანა მოითხოვა, ულტიმატუმის ფონზე სასულიერო პირმა ჯვრის მონასტერიც დაკეტა.