ცხინვალის რეგიონი – სატრანსპორტო ბლოკადისა და დაცარიელებული დახლების კვირა

2019-01-22 11:37:51
318

რუსეთსა და მის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის სატრანსპორტო კავშირი მერვე დღეა, შეწყვეტილია. მაღაზიებში პროდუქტის მარაგი ილევა, დახლები საგრძნობლადაა დაცარიელებული, იგრძნობა პირველადი მოხმარების საქონლისა და პროდუქციის, მათ შორის რძის ნაწარმის, ხორცის ნახევარფაბრიკატების, ბავშვთა კვებისა და სხვა იმ პროდუქტების ნაკლებობა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციიდან შედის, - იუწყება ოსური სააგენტო “რესი”.

მისივე ინფორმაციით, ცხინვალის განაპირა რაიონებში ეს პროდუქტი მცირე რაოდენობით ჯერ კიდევ შემორჩა, ცენტრში კი დახლები უკვე მეოთხე დღეა, ცარიელია.

მაღაზიების მფლობელების განცხადებით, მათმა უმრავლესობამ მარაგი ტრასის ჩაკეტვამდე შეიძინა, თუმცა მალფუჭებად პროდუქტებს ეს გასაგები მიზეზების გამო არ ეხება, ამიტომაც დახლებიდან პირველ რიგში სწორედ ამ ტიპის პროდუქცია გაქრა. პრაქტიკულად ამოიწურა კვერცხის, ქათმისა და სხვა ხორცეულის მარაგი. დაცარიელებულია ხილ-ბოსტნეულის მაღაზიების დახლებიც. ამ პროდუქციას ვერც საბითუმო ბაზარ “ტეკში” იშოვით, საქონელი უკვე მეხუთე დღეა, გამოელიათ. მეწარმეები შიშობენ, რომ თუ ტრასა უახლოეს დღეებში არ გაიხსნება, სიტუაცია რესპუბლიკაში კრიტიკული გახდება” - წერს “რესი”.

მისივე ინფორმაციით, ერთადერთი, რითაც ოკუპირებული რეგიონი ჯერ-ჯერობით საკმარისადაა მომარაგებული, ფქვილი და საწვავ-საპოხი მასალებია.

როგორც სააგენტოს პურ-ფუნთუშეულის საწარმოს დირექტორმა ვადიმ ცხოვრებოვმა განუცხადა, ჯერ-ჯერობით მათ ფქვილისა და სხვა აუცილებელი ინგრედიენტების საკმარისი მარაგი გააჩნიათ და ამ მხრივ უახლოესი მომავლისთვის რაიმე საფრთხე არ არსებობს.

ანალოგიურ განცხადებას აკეთებს დე ფაქტო სახელმწიფო საწარმო “იუგოსეტნეფტეპროდუქტის” ხელმძღვანელობა.

სატრანსპორტო კავშირის აღდგენას ელიან ცხინვალის რეგიონში მყოფი ვიზიტორებიც, რომლებიც საახალწლოდ ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ ნათესავებსა და ახლობლებს ესტუმრნენ.

"რა თქმა უნდა, სახლებში დაბრუნება გვსურს, თუმცა ჩვენთვის მთავარი უსაფრთხოებაა…" - ამბობს ერთ-ერთი მათგანი, ოლესია თედეევა.

ცნობისთვის: ტრანსკავკასიური ავტომაგისტრალი ერთადერთი გზაა, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონს რუსეთთან აკავშირებს. 15 იანვრიდან იგი ორივე მიმართულებით ჩაიკეტა. მიზეზი კლიმატური პირობებია.

როგორც დე ფაქტო საგზაო სამმართველო “ჩრდილოეთ კავკასიის” ფილიალის ხელმძღვანელი ჩერმენ გუბაევი აცხადებს, “ტრანსკამი” სულ მცირე, კიდევ ორი დღე-ღამის განმავლობაში იქნება ჩაკეტილი.