ქალაქი ნაღმზე: „ეს ტრაგედია არ იქნება უკანასკნელი“

2019-01-17 16:55:51
481

თბილისში გუშინ მომხდარმა მასშტაბურმა აფეთქებამ, რამაც 4 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის დედა და მისი მცირეწლოვანი შვილი, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა დიდი შიში, რაც საქართველოში ყოველ მსხვერპლიან ზამთარს ახლავს თან. მხოლოდ თბილისში 2018 წელს ბუნებრივი აირით მოწამვლის - 98 და გარდაცვალების 27 ფაქტი დაფიქსირდა. 2017 წელს მოწამვლის - 62 და გარდაცვალების  – 30 ფაქტი. 2016 წელს მოწამვლის  – 125, გარდაცვალების – 29. იყო აფეთქებებიც –  გასული წლის ბოლოს ზემო ფონიჭალაში მომხდარ მასშტაბურ აფეთქებას დედა–შვილი ემსხვერპლნენ, პასუხისმგებელი პირი კი ამ დრომდე არაა გამოკვეთილი.

ვინ არის პასუხისმგებელი და რატომ დგას თბილისი ნაღმზე

დარგის სპეციალისტები არსებულ მძიმე ვითარებაზე მიუთითებენ და იმასაც ამბობენ, რომ ანალოგიური ვითარებაა არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ გაზიფიცირებულ რეგიონებში. ისინი რამდენიმე გარემოებაზე მიუთითებენ:

  • ექსპლუატაციისთვის ვადაამოწურული გაზის მილები
  • ფინანსები უსაფრთხოების ხარჯზე
  • დაუშვებლად მიჩნეული მასალების გამოყენება
  • რეგულირების არარსებობა
  • კაბალური ხელშეკრულებები

„ყაზტრანსგაზ თბილისის“ დირექტორის ყოფილი მოადგილის სოსო სიმონიშვილის  მონაცემებით, მილებს, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობას ბუნებრივი აირი მიეწოდებათ, ექსპლუატაციის ვადა უკვე სამჯერ აქვს გასული:


„ეს ტრაგედია არ იქნება უკანასკნელი...მილების განახლება შესაძლებელია, ძალიან ძვირიც ჯდება, მაგრამ სხვა რა გზაა?“

ენერგოუსაფრთხოების საკითხებში სპეციალისტის გიორგი ჭაღიაშვილის განცხადებით, შიდა ქსელის მოწყობისას გამოყენებულია ცხელი წყლისთვის განკუთვნილი მილები, რაც დაუშვებელია და რისკს ზრდის. მოტივად ღირებულებაში სხვაობა სახელდება:

„ქალაქში ვიარება მძიმეა. ქვეყანაში მოქმედებს ტექნიკური რეგლამენტი, რომელშიც წერია, რომ გაზის კომუნიკაციები ლითონის მილებში უნდა იყოს გაყვანილი, რადგან მას შეუძლია აალდეს, გაფართოვდეს და აშ.  მრიცხველების გამოტანა გარეთ მოხდა და გამოყენებულია პოლიეთილენის მილები – კუსტარულად. ეს მილები ცხელი წყლით მომარაგებისთვის არის განკუთვნილი, ჩვენს შემთხვევაში კი შიდა გაყვანილობის გაზის კომუნიკაციისთვის გამოიყენება. ეს დაუშვებელია“.

ამასთან, ჭაღიაშვილი ზედამხედველობასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს:


„რეგულირება კანონმდებლობით არაა გაწერილი. უსაფრთხოების სამსახური შექმნილია ეკონომიკის სამინისტროში, რომელიც 12 კაცისგან სედგება და პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ მათგან სპეციალისტი არც ერთი არ არის. ზედამხედველობა დავალებული აქვთ იმ კომპანიებს, რომლებიც ექსპლუატაციას ეწევიან“.  

ჭაღიაშვილი კომპანიებსა და სახელმწიფოს შორის დადებულ კაბალურ ხელშეკრულებებზეც ამახვილებს ყურადღებას:

„კანონმდებლობა თვითმმართველობაშია გასაწერი და თვითმმართველობამ უნდა მოახდინოს ზედამხედველობა, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსხვილ კომოპანიებთან ისეთი ხელშეკრულებებია დადებული, რომელშიც ასეთი რამ წერია: „თუ სახელმწიფომ მოინდომა რაიმე ზედამხედველობის განხორციელება ამა თუ იმ კომპანიაზე და ბრალი დასდო უფლებამოსილების განუხორციელებლობაში, აღიქმება კომპანიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად“, ამიტომ მთავრობაც, მერიაც თავს იკავებენ ასეთი კომპანიების მიმართ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას“.

ანალოგიური პოზიცია აქვს სიმონიშვილსაც:

კანონი კომოპანიებისგან არავითარ უსაფრთხოებას აღარ მოითხოვს.

კანონში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი. მისი თქმით, ბოლო დროს დატრიალებული ტრაგედიები სისტემურ პრობლემებზე მიანიშნებს, რომლის გადაწყვეტაც მხოლოდ კომპლექსურადაა შესაძლებელი.


როგორც ენერგოომბუდსმენი განმარტავს, თუ გაზის  გარე ქასელის მოწყობა დარეგულირებულია სემეკ–ის შესაბამისი კანონმდებლობებით, შიდა ქსელის მოწყობა გამოთიშულია რეგულაციებ, შესაბამისად, მშენებელს აქვს უფლება, თავისი სეხედულებისამებრ მოიყვანოს ტექნიკური პერსონალი. ვინ არის ეს პერსონალი, არის თუ არა სერთიფიცირებული, ამაზე რეგულაციებში არ არის საუბარი.

„შიდა ქსელის მოწყობასთან დაკავშირებით ქვეყანაში სრული ქაოსია.ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები უნდა განხორციელდეს მთავრობის გადაწყვეტილებით   და ამაზე კომპლექსურად უნდა იმუშაოს ყველა უწყებამ“.

ხელისუფლება ხელისუფლებისკენ იშვერს ხელს

თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის განმარტებით, გაზის მრიცხველამდე ყოველთვის „ყაზტრანსგაზს“ მიჰყავს კომუნიკაცია, თუმცა მრიცხველის შემდეგ დაშვებულია სხვა კომპანიების ჩართულობა:

„ჩვენს პრაქტიკაში სწორედ ეს არის ძირითადი პრობლემა. ხშირ შემთხვევაში, უდიდესი წილი უბედური შემთხვევებისა ეს იყო კუსტარული, არაკვალიფიციური, გამოუცდელი კომოანიების მიერ დამონტაჟებული ინფრასტრუქტურის გამო“.


კითხვას, ვინ აძლებს მსგავს კომპანიებს ამ ტიპის სამუშაოების განხორციელების უფლებას, ელოვილი პასუხბს: „ზოგადად კანონმდებლობა აძლევს. “

„ეს სულისშემძვრელი ტრაგედიაა, საიდანაც ყველამ შესაბამისი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. ბოლო პერიოდამდე გაჟონვა და გაგუდვა იყო მოქალაქეების ბინებში, ახლა აფეთქებები ხდება, ამიტომ ეს ძალიან სერიოზულად გასაანალიზებელია. თბილისის მერია აქტიურად ჩაერთვება პროცესში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სწორი დასკვნები გაკეთდეს და სწორი ნაბიჯები გადაიდგას“.