რა შეიძლება გავიტანოთ საქართველოდან ინდოეთში ექსპორტზე? - კვლევის შედეგები ცნობილია

2019-01-12 15:30:40
530

საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის კვლევა დასრულდა. 

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. 
 

როგორც უწყებაში აცხადებენ, კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს ინდოეთში ექსპორტის შესაძლო ზრდა  განისაზღვრა ისეთ სასაქონლო პოზიციებზე, როგორიცაა მადნები, წიდა და ნაცარი, მეტალურგიული ნაწარმი, სამედიცინო პროდუქცია, ღვინო და სხვა ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები, გადამუშავებული სოფლის მეურნეობის პროდუქტები და ა.შ.  ხოლო, ინდოეთიდან საქართველოში ექსპორტის ზრდა ნავარაუდებია შემდგომ პოზიციებზე:  ცემენტი, მადნები, მინერალური საწვავი, პლასტმასის ნაწარმი, ელექტრომოწყობილობები და სხვა.

მომსახურებით ვაჭრობის მიმართულებით კვლევის მიხედვით, ურთიერთმომგებიანი სავაჭრო პოტენციალი არსებობს ბიზნეს და პროფესიონალური მომსახურების, ტელეკომუნიკაციების, კომპიუტერული, ტურიზმის, აუდიო-ვიზუალური და მომსახურებისსხვა  სექტორებში.


გარდა ამისა, როგორც სამინისტროში განმარტავენ, ინვესტიციების სფეროში კვლევა გამოყოფს ინდოეთიდან საქართველოში ინვესტიციებისათვის მიმზიდველ პოტენციურ სექტორებს, მათ შორის ფერმერული მეურნეობის, ფარმაცევტულ, მეტალურგიის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტურიზმის, განათლებისა და ჯანდაცვის, აუდიო-ვიზუალურ, ენერგეტიკისა და გარემოსდაცვითი და სხვა სექტორებში.

საქართველოდან ინდოეთში პოტენციურ საინვესტიციო  სფეროებს წარმოადგენს ტურიზმის, განათლებისა და მეღვინეობის სექტორები.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კვლევა იძლევა რეკომენდაციას, რომ მხარეებმა სავაჭრო მოლაპარაკების კომიტეტის შექმნის გზით დაიწყონ მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ინდოეთისა და საქართველოს მთავრობებმა უნდა მიიღონ. 

„კვლევის დასკვნებისა და რეკომენდაციების საფუძველზე საქართველოს და ინდოეთის მხარეები შეთანხმდნენ, უმოკლეს ვადაში განახორციელონ შესაბამისი შიდა პროცედურები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების მიზნით“, - აცხადებენ სამინისტროში.