მოსკოვი ბრიტანეთის მიერ მესამე ქვეყნებში სამხედრო ბაზების განთავსების გეგმას გმობს: „ეს დესტაბილიზაციის გამომწვევია“

2019-01-12 15:29:27
419

რუსეთი გმობს დიდი ბრიტანეთის განზრახვას, ააშენოს ორი ახალი სამხედრო ბაზა სამხრეთ ჩინეთისა ზღვისა და კარიბის ზღვის სიახლოვეს.

„რა თქმა უნდა, ბრიტანეთი ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყანა დამოუკიდებელია გადაწყვეტილებაში, როცა საქმე სამხედრო აღმშენებლობას ეხება. თუმცა განცხადებები მესამე ქვეყნებში სამხედრო წარმოდგენილობის შესახებ კონტრპროდუქტიული, დესტაბილიზაციის გამომწვევი და პროვოკაციული ხასიათისაა. რუსეთი მზადაა, მიიღოს საპასუხო ზომები, თუ ჩვენს ან ჩვენი მოკავშირეების ინტერესებს საფრთხე დაემუქრება“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

ცნობისთვის: ბრიტანთის თავდაცვის მინისტრმა დევიდ უილიამსონმა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დააანონსა, რომ ქვეყანა ევროკავშირის დატოვების შემდეგ რამდენიმე წელიწადში ორ ახალ ბაზას ააშენებდა. მინისტრს ბაზების განთავსების კონკრეტული ადგილები არ დაუსახელებია, თუმცა როგორც ბრიტანული მედია ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, ახალი ბაზები სავარაუდოდ, სინგაპურში ან ბრუნეიში და მონტსერატში ან გაიანაში აშენდება.

ცნობისთვის: თავად რუსეთს სამხედრო ბაზები მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებში, მათ შორის ყოფილი საბჭოთა კავშირის რიგ ქვეყნებში, ასევე სირიაში და ვიეტნამში აქვს. რაც შეეხება საქართველოს, მოსკოვს ბაზები მის მიერვე ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში აქვს განთავსებული.