ირაკლი კობახიძე: "უნდა ვიმსჯელოთ შეურაცხყოფის და ცილისწამების პრობლემაზე"

2019-01-12 14:13:12
160

„აქ საუბარია იდეის დონეზე, იმაზე, რომ პრობლემას სჭირდება ანალიზი. პრობლემა კი სახეზეა. ყველა ვხედავთ ამ პრობლემას. საუბარია არა მარტო ცილისწამებაზე, არამედ მძიმე ფორმით შეურაცხყოფაზე, რაც ისმის ყოველდღიურად, როგორც სატელევიზიო სივრცეში, სოციალურ ქსელებში, ასევე სხვა ფორმით და ბილწსიტყვაობაც კი გახდა ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი სამწუხაროდ, რაც ნამდვილად არ შეესაბამება ქართულ კულტურას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული საზოგადოება ბევრად უფრო მაღალ დონეზე დგას, ვიდრე ეს ჩანს  იმ სურათიდან, რომელსაც  ხანდახან ქმნის მედია და სოციალური ქსელები.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ ბუნებრივია უნდა ვიმსჯელოთ ამ პრობლემაზე - ბილწსიტყვაობის, შეურაცხყოფის, ცილისწამების პრობლემაზე და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, თუ რაიმე ზომების მიღებაა შესაძლებელი, უნდა მივიღოთ, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.​

ცილისწამების კანონის გამკაცრებაზე უკვე მეორედ ალაპარაკდა გუშინ 11 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტიც. 

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ აუცილებელია საქართველოში ცილისწამების შესახებ კანონის მიღება.

“მედიას აქვს თავისი წესები და აქ უფრო დაცულია ადამიანი. როცა ჩვენ საქმე გვაქვს სოციალურ ქსელთან, რომელიც ზოგჯერ არის ანონიმური, ზოგჯერ არის სხვა ქვეყნის მიერ მართული და ძალიან ბევრი პროცესები მიმდინარეობს,  მე მგონი, საჭიროა, რომ ამ კუთხით ვიფიქროთ. მე არ ვიცი, რა კანონი უნდა მივიღოთ. არც სხვა ქვეყნის გამოცდილების გადმოღების მომხრე ვარ. საფრანგეთი იმიტომ ვახსენე, რომ ახლახან მიიღეს ამ ტიპის კანონმდებლობა”, – თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა ცილისწამების შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებაზე თავის საახალწლო მიმართვაშიც ისაუბრა. ეს საკითხი ახსენა პატრიარქმა ილია მეორემ 2019 წლის საშობაო ეპისტოლეშიც, ხოლო პარლამენტის თავმდომარე ირაკლი კობახიძემ პატრიარქს მადლობა გადაუხადა ამ საკითხის ეპისტოლეში ხსენებისთვის.

საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობით ნებისმიერ პირს შეუძლია სამოქალაქო წესით იჩივლოს ცილისწამებისთვის და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუმცა მტკიცების ტვირთი ამ შემთხვევაში თავად მომჩივანზეა.

რას გულისხმობს პრეზიდენტის მიერ ნახსენები საფრანგეთის კანონი ყალბი ინფორმაციის წინააღმდეგ

"მედიაჩეკერის" მიერ მომზადებულ მასალაში ვკითხულობთ, რომ საფრანგეთმა მართლაც მიიღო ახალი კანონი ოღონდ არა ცილისწამების, არამედ წინასაარჩევნო პერიოდში ყალბი ინფორმაციის გავრცელების საწინააღმდეგოდ, რომელმაც დიდი დებატები გამოიწვია ქვეყნის შიგნითაც.

ამ კანონის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში მოსამართლეებს მიეცათ უფლება, რომ პლატფორმებს ყალბი ინფორმაციის მოხსნა დაავალონ. თუმცა, იმისათვის რომ ინფორმაცია ყალბად იქნეს მიჩნეული და სასამართლოში განხილვის საგანი გახდეს, იგი სამ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს:

  • ცხადი უნდა იყოს ყალბი ამბავი;
  • განზრახ ვრცელდებოდეს დიდი მასშტაბით;
  • გამოიწვიოს მშვიდობის დარღვევა და გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე. 

ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლას ისახავს მიზნად კიდევ ერთი ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც საფრანგეთის მაუწყებლობის მარეგულირებელს უფლება აქვს შეაჩეროს ან შეწყვიტოს უცხო ქვეყნის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული მაუწყებლობა, რომელიც “ლახავს ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესებს”.

ამავე კანონით, ციფრულ პალტფორმებს დაეკისრათ მეტი გამჭვირვლობა. წინასაარჩევნო პერიოდში მასალების რეკლამირების შემთხვევაში მათ დაევალათ გასაჯაროვება რეკლამის დამკვეთის და გადახდილი თანხის.

კანონდარღვევისთვის გათვალისწინებულია სანქცია ერთწლიანი პატიმრობა ან ჯარიმა 75 ათასი ევროს სახით.

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ამ ინიციატივის გამო მკვეთრად გააკრიტიკეს. ოპონენტები ცენზურასა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე მიუთითებდნენ, თუმცა კანონი საბოლოოდ 2018 წლის ნოემბერში მიიღეს.