„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების გაწვევა შეუძლებელია, თუმცა, შესაძლოა, სიის ფორმალური ჩაგდება მოხდეს“

2019-01-12 12:11:27
185

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის უკან გაწვევის მექანიზმი არ არსებობს. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ მოსამართლეთა იმ შემადგენლობამ, ვინც პარლამენტში დასამტკიცებლადაა წარდგენილი, უმრავლესობის წევრების მხარდაჭერა ვერ მოიპოვოს და სია ჩავარდეს.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურა არის პოლიტიკური და შესაბამისად, უნდა დაექვემდებაროს იმ ლოგიკას, რომელიც არის რელევანტური შესაბამისი კონსტიტუციურ-სამართლებრივი პროცედურისთვის. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დეტალურად გვექნება მსჯელობა პროცედურასთან და კრიტერიუმებთან დაკავშირებით და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ამ ყველაფერს ექნება უკუძალა იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც არიან წარმოდგენილი პარლამენტში. იურიდიულად წარმოუდგენელია კანდიდატთა სიის გაწვევა. ეს არ არის კანონმდებლობის ხარვეზი. ეს არის პრინციპული ნორმა, რომელიც დაკავშირებულია ყველა კონსტიტუციურ პროცედურასთან, იქნება ეს მოსამართლეთა წარდგენა, მთავრობის თუ გენერალური აუდიტორის წარდგენა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან გიორგი მიქაუტაძესთან შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, „შესაძლოა, მოსამართლეთა სიის ფორმალური ჩაგდება მოხდეს, რათა ჯერ შემუშავდეს პროცედურა და კრიტერიუმები, ხოლო შემდეგ წარმოდგენილი იყოს განახლებული სია“.

„არსებითი პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ იქნება შემუშავებული პროცედურა და კრიტერიუმები და შემდეგ იქნება წარმოდგენილი განახლებული სია. რაც შეეხება იურიდიულ მხარეს, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ სიის განახლება, ეს არის ტექნიკური დეტალები და ბევრი ფორმა შეიძლება მოვიფიქროთ ამისთვის. ეს შეიძლება იყოს კონკრეტული კანდიდატების ფორმალური ჩაგდების პროცედურა, ეს შეიძლება იყოს კანონში გარდამავალ დებულებებში ცვლილებები ან ნებისმიერი სხვა რამ. მთავარი არის პოლიტიკური ნება, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ჯერ უნდა გაიწეროს პროცედურა და კრიტერიუმები და ამის საფუძველზე წარმოდგენილი იყოს განახლებული სია. დანარჩენი არის ტექნიკური დეტალები და ამ ტექნიკური და იურიდიული დეტალების პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოყენება არ იქნება სწორი. დღემდე არის წარმოდგენილი ოთხი კანდიდატი გიორგი მარგველაშვილის მიერ. გამომდინარე იქედან, რომ ამ კანდიდატების გაწვევა არის შეუძლებელი, ეს საკითხი ჰაერში არის გამოკიდებული. ერთადერთი, რაც შეიძლება გაკეთდეს პარლამენტის მხრიდან, ეს არის ამ კანდიდატების ფორმალურად ჩაგდება. შეიძლება კანონის გარდამავალ დებულებებში გაიწეროს, რომ ყველაფერი, რაც იყო ადრე, აღარ არის რელევანტური და ხდება ახალი კანდიდატების წარმოდგენა. ეს არის ტექნიკური ნიუანსები, თუმცა ამაზე მსჯელობა აუცილებლად გვექნება“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შედიან პარლამენტის წევრები, იუსტიციის სამინისტრო, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საერთაშორისო პარტნიორები და სამოქალაქო სექტორი, სამუშაო შეხვედრას უახლოეს მომავალში გამართავს.

„ვფიქრობთ, საუკეთესო ფორმატი ამისათვის არის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი. ეს ჯგუფი უკვე დიდი ხანია, შექმნილია. გასული წლის განმავლობაში ამ ჯგუფის მუშაობას წარვმართავდი მე. აქ წარმოდგენილია ხელისუფლების სამივე შტო, მათ შორის: პარლამენტის წევრები, ასევე წარმოდგენილია მთავრობა იუსტიციის სამინისტროს სახით, აქ არის წარმოდგენილი სასამართლო ხელისუფლებაც, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უკლებლივ ყველა წევრი. აქ ასევე წარმოდგენილნი არიან საერთაშორისო პარტნიორები, ექსპერტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ვფიქრობთ, რომ ეს არის საუკეთესო ფორმატი, სადაც შესაძლებელია კრიტერიუმებსა და პროცედურაზე მსჯელობა, თუ რა სახით, რა დონის საკანონმდებლო აქტით უნდა გაიწეროს ისინი და ა.შ. ამაზე რა თქმა უნდა, დეტალურად უნდა ვიმსჯელოთ სამუშაო ჯგუფის ფორმატში. უახლოეს მომავალში უნდა დაინიშნოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც დავიწყებთ მსჯელობას ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე“, - დასძინა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ათკაციანი სია, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს გასული წლის 10 დეკემბერს წარუდგინა, საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში დაპირისპირების საგნად არის ქცეული. 27 დეკემბერს სწორედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევი და გაუმართლებელი პროცესი დაასახელა ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან წასვლის მიზეზად.

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 10 იანვარს განცხადებით გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის საკითხს. მისი თქმით, გადაწყვეტილება მიღებული იქნება ფართო მსჯელობის საფუძველზე.