ახალგორელები “ღორის გრიპზე” მეტად დე ფაქტო საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილებამ შეაშფოთა

2019-01-11 23:10:28
221

ხინვალის ოკუპირებული რეგიონიდე ფაქტო უშიშროების საბჭომ დე ფაქტო საზღვარზე არსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტების დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

ეს გადაწყვეტილება უპირველესად, ახალგორის რაიონის მოსახლეობას შეეხება.

როგორც ცხინვალის ხელისუფლებაში განმარტავენ, ამის მიზეზი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ე.წ. ღორის გრიპის გავრცელებაა და კარანტინი შემდგომი გადაწყვეტილების მიღებამდე გაგრძელდება.

რამდენ ხანს გასტანს ეს მდგომარეობა, ადგილობრივებს ვერც ე.წ. მესაზღვრეები უკონკრეტებენ, მხოლოდ ვარაუდს გამოთქვამენ, რომ დე ფაქტო საზღვარი სულ მცირე, ერთი თვე იქნება დაკეტილი.

«საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილების გამოცხადებამ ადგილობრივებს თავზარი დასცა. ხალხი დარჩენილ დროში ერთი თვის პროდუქტების მოსამარაგებლად გავარდა. მათ არც ხილ-ბოსტნეულის შემომტანები ჩამორჩნენ. რა თქმა უნდა, არსებობს საფრთხე, ადამიანები ინფიცირებულები ჩამოვიდნენ, თუმცა საზღვარზე არსად ჩანდნენ მედიკოსები, რომლებიც შემომსვლელებს გასინჯავდნენ. ხალხი შიშობს, რომ თუ რაიონს “ღორის გრიპი” შეეხება, ადგილობრივი მედიცინა მას ვერ გაუმკლავდება. მაინც რომ მოხდეს რამე, საზღვარს იქით ჰოსპიტალიზებისა და მკურნალობის კარგი პირობებია შექმნილი, მიიღეს გადაწყვეტილება ეფექტური მედიკამენტების უფასოდ დარიგების შესახებ, კეთდება აცრები. საზღვრის ჩაკეტვის შემთხვევაში ეს ყველაფერი აღარ გვექნება» - ამბობს ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი.

 მისივე თქმით, დე ფაქტო ჩინოსნები ჯერ-ჯერობით არაფერს ამბობენ იმაზე, გადაუშვებენ თუ არა საჭიროების შემთხვევაში ავადმყოფებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ჩინოსნები გვეუბნებიან, ამ საკითხზე რაიმე ცალკე მითითება ჯერ არ გაცემულაო. თუმცა ვფიქრობ, თუ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დადგება, ადამიანური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მთლიანობაში, ადგილობრივებს “ღორის გრიპით” ინფიცირების, რა თქმა უნდა, ეშინიათ, თუმცა საზღვრის ჩაკეტვას მაინც ეწინააღმდეგებიან – გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა უფრო აშინებთ” - დასძენს მეარაყიშვილი.

ცნობისთვის: ოფიციალური ინფორმაციით, სადღეისოდ საქართველოში “ღორის გრიპით” 15 ადამიანია გარდაცვლილი.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება