აფხაზები ვენესუელასთან ურთიერთობებს სკეპტიციზმით ეკიდებიან

2019-01-11 21:11:12
416

სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” აფხაზი მომხმარებლების უმრავლესობა ვენესუელასთან ურთიერთობებს სკეპტიციზმით ეკიდება.

ცნობისთვის, ვენესუელა, რომლის რეჟიმი ფაქტობრივად, კრემლის კონტროლსაა დაქვემდებარებული, ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, რომელთაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა აქვთ აღიარებული.

10 იანვარს ვენესუელაში ორდღიანი ვიზიტით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ჩავიდა, რომელიც პრზიდენტ მადუროს ინაუგურაციას დაესწრება.

«ვენესუელასთან კარგი ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა. იმედი მაქვს, სამომავლოდ ისინი განმტკიცდება და განვითარდება სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების სხვადასხვა მიმართულებით», - განუცხადა კარაკასში ჟურნალისტებს ხაჯიმბამ.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე მისი ორმხრივი შეხვედრა პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსთან, რომელიც 2018 წლის ბოლოს ქვეყნის ლიდერად მეორედ იქნა არჩეული.

ბ-ნი მადურო ვენესუელის პრეზიდენტის პოსტს 2013 წლიდან იკავებს. იგი აპირებს, განაგრძოს წინამორბედ უგო ჩავესის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ეს უკანასკნელი “ბოლივარულ სოციალიზმს” უწოდებდა. 2018 წელს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესებას აგრძელებდა: ინფლაციის მაჩვენებელმა წელიწადში 1 მლნ %-ს გადააჭარბა. ვენესუელის ქალაქების უმრავლესობაში პირველადი მოხმარების საქონლისა და პროდუქტების უკმარისობა შეიმჩნევა, მილიონობით ადამიანმა ქვეყანა სამსახურის ძიებაში დატოვა.

აშშ და რიგი სხვა დასავლური სახელმწიფოები ღიად მოიხსენიებენ მადუროს დიქტატორად და არ სცნობენ ბოლო საპრეზიენტო არჩევნების შედეგს, რომელიც ვენესუელური ოპოზიციის მტკიცებით, მასობრივად გაყალბდა.

მსგავს ვითარებაში ოფიციალურ კარაკასს მსოფლიოს მასშტაბით ბევრი მეგობარი არ ჰყავს. მის მცირერიცხოვან მოკავშირებს შორის მთავარი მოსკოვია, რომლის კარნახით ვენესუელამ, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა.

თუმცა სოხუმსა და ცხინვალშიც მშენივრად ესმით, რა იდგა ამ აღიარების უკან და რა რეალური პერსპექტივები შეიძლება, ჰქონდეს კარაკასთან ურთიერთობების განვითარებას.

გთავაზობთ აფხაზი ინტერნეტ-მომხმარებლების რამდენიმე კომენტარს, რომელიც სოხუმი-კარაკასის ურთიერთობებისა და ვენესუელაში ხაჯიმბას ამჟამინდელი ვიზიტისადმი მათ დამოკიდებულებას წარმოაჩენს:

ასტიკ ხაშბა: “გამაგებინეთ, რა აზრი აქვს მსოფლიოს მეორე ბოლოში, ლათინური ამერიკის ყველაზე ჩამორჩენილ სახელმწიფოში ჩასვლაზე დროისა და ფულის ხარჯვას? ვენესუელის საწინააღმეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ლათინური ამერიკისა და აფიკის ქვეყნებს ჩვენთვის სარგებლის მოტანა არ შეუძლიათ. სამეზობლოსთან უნდა ვაყალიბებდეთ ურთიერთობებს. მაგალითად, თურქეთში რატომ არ ჩადის ჩვენი პრეზიდენტი ამ დრომდე, როგორც წინასაარჩევნო შეხვედრაზე გვპირდებოდა? იქ ხომ აფხაზები მინიმუმ, 5-ჯერ მეტნი არიან, ვიდრე ჩვენთან – აფხაზეთში?! იმიტომ, რომ ის იქ ჩადის, საითაც კრემლი მიუთითებს! ბევრ ჩვენს მოქალაქეს არ ესმის მარტივი ჭეშმარიტება – რომ “ლამაზი თვალების გამო” არავინ არავის ეხმარება. პუტინის მსგავსები ისე, უბრალოდ თავისთან არავის იწვევენ და არ ემეგობრებიან. ეს პოლიტიკაა, რომელშიც ყველაფერი ქვეყნების და პირად ინტერესებს ემსახურება. კრემლს სჭირდება საქართველო, გასასვლელი სომხეთზე და ირანის საზღვარზე. კრემლი ამისთვის ყველაფერს აკეთებს, ჩვენ კი ამ თამაშში გვიყენებენ. საქართველომ რომ გზა გახსნას, მოსკოვმა სანაცვლოდ რამე უნდა შესთავაზოს. ჰოდა, მიდის თამაში. კრემლს მოკლე თოკზე ვყავართ გამობმულები და კვებავს ჩვენს ელიტას,რათა აფხაზეთში ესა თუ ის გადაწყვეტილებები გაატანინოს. ბევრს აქ ვერ ვწერ. მოკლედ რომ ვთქვა, ესაა”;

რუსლან ინაპბა: “კოკის თესლს შემოიტანენ ალბათ”;

იოლანტა ოტირბა: “ხომ უნდა მოასწრონ [ხაჯიმბამ] რამის ნახვა მსოფლიოში? ახლა თუ არა, როდის?!”.