„ომის პირას ნამდვილად არა ვართ“

2019-01-11 18:06:48
71

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მოსამართლეების საკითხზე არსებული დებატები მმართველ გუნდში ღრმა დაპირისპირებაში არ გადაიზრდება.

„ჩემი შესაფასებელი არ არის ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს მმართველი გუნდის შიგნით. როგორ განვითარდება ეს პროცესები, ჩემი გადასაწყვეტი არ არის. მე თუ მეკითხებით ჩემს პირად გრძნობებს გუნდის რომელიმე წევრის მიმართ, ეს არ არის ის ადგილი, სადაც მე ჩემი პირადი ურთიერთობები უნდა გაგიზიაროთ რომელიმე წევრის მიმართ და სხვათაშორის, კარგი ურთიერთობები მაქვს ყველა მონაწილესთან, ვინც ჩაბმულია ამ პროცესებში. ერთადერთი იმას ვიტყოდი, რომ მოვედი როგორც საქართველოს პრეზიდენტი და დავიწყე საქმიანობა ამ ფუნქციაში იმ იმედით, რომ მე ვიქნებოდი ერთგვარი შერიგების პრეზიდენტი. იმედი მაქვს, რომ ის შერიგება, რომელიც სხვანაირად მქონდა წარმოდგენილი, ასევე გავრცელდება მმართველ გუნდზე და რომ ეს დღევანდელი პოლიტიკური დისკუსიები თუ დებატები ამ პროცესების ირგვლივ, არ გადაიქცევა რამე უფრო ღრმა დაპირისპირებად. იმაში კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანას მეტი დაწყნარება, მეტი კონსენსუსი სჭირდება მთავარ საკითხებზე და მემგონი, რომ სწორედ სასამართლო, მისი დამოუკიდებლობა და მის მიმართ ნდობა ერთ-ერთი საკითხია, რომლის ირგვლივ ყველა გაერთიანებული უნდა იყოს,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას გააკეთებს ის შერიგებისთვის, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ არ ჩაერევა.

„ჯერ იმას, რომ არ ჩავერევი იმაში, რომ არ გავაღრმავო დღევანდელი დისკუსიები, რომელიც ასევე საჭიროა. არ შეიძლება, რომ მე ჩართული ვიყო ამ დისკუსიებში, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ თუნდაც მმართველ გუნდში ამ ტიპის დისკუსიებია, ნორმალური და საჭიროა. არ არსებობს დემოკრატიული პროცესები, სადაც ასეთი რამ არ არსებობს. მე მხოლოდ ვიმედოვნებ, რომ ეს არ გადაიზრდება უფრო მძაფრ დაპირისპირებაში, რომელიც ამ ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება. დღეს მემგონი არაფერი ისეთი არ არის, რაში ჩარევაც ევალება პრეზიდენტს. ჩვენ ომის პირას ნამდვილად არა ვართ,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.