პრეზიდენტი ცილისწამებისთვის კანონის გამკაცრებზე ისევ ალაპარაკდა

2019-01-11 17:37:50
181

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს კვლავ განაცხადა, რომ აუცილებელია მსჯელობის დაწყება ცილისწამებისთვის კანონის გამკაცრებაზე.

პრესკონფერენციაზე ზურაბიშვილმა თქვა, რომ საახალწლო მიმართვისას მის მიერ გამოთქმულმა ინიციატივამ ვნებათაღელვა გამოიწვია სიტყვის თავისუფლებისთვის შესაძლო საფრთხის გამო.

"კარგად მესმის, რომ აუცილებელია დაცული იყოს სიტყვის თავისუფლება და ხშირად ეს ორი პრინციპი მოყვანილია დაპირისპირებაში, მაგრამ არსებობენ ქვეყნები, რომლებმაც ეს გადაწყვიტეს“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მან მაგალითად მოიყვანა საფრანგეთში ცილისწამების წინააღმდეგ მიღებული კანონი და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომაც დაადგინა, რომ ეს კანონი არ ეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფლებას.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტს აღარ აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტს არ შეიძლება ჰქონდეს მოსაზრება, ან მორალური ინიციატივა, რომლითაც მიმართავს მთავრობას, პარლამენტს და საზოგადოებას. სალომე ზურაბიშვილის განცხადებითვე, ცილისწამების წინააღმდეგ კანონის ტექსტი ბუნებრივია, არ არსებობს, მაგრამ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის დისკუსიებისთვის საზოგადოებასა და არასამთავრობო სექტორთან.

ცნობისთვის: ცილისწამების დეკრიმინალიზება საქართველოში 2004 წელს მოხდა, მას შემდეგ რაც “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” ახალი კანონი მიიღეს. 2004 წლამდე არსებული კანონით ცილისწამება ისჯებოდა ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ასიდან ორას საათამდე, ანდა გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ერთ წლამდე.

ცილისწამების დეკრიმინალიზება არ ნიშნავს, რომ ასეთი ქმედება შეიძლება უყურადღებოდ დარჩეს. საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობით ნებისმიერ პირს შეუძლია სამოქალაქო წესით იჩივლოს ცილისწამებისთვის და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუმცა მტკიცების ტვირთი ამ შემთხვევაში თავად მომჩივანზეა.