სომხეთი ზემო ლარსის ალტერნატივას ეძებს

2019-01-11 12:30:17
518

სომხეთი განაგრძობს მოლაპარაკებებს ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივის მოსაძიებლად - განაცხადა, სომხური სააგენტოპების ცნობით, სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აკოპ არშაკიანმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ალტერნატივის ძიებისას საუბარი არ არის ფოთი-ნოვოროსიისკის საბორნე გადასასვლელზე, რომელსაც სომხეთი აუცილებლობის შემთხვევაში იყენებს.

მისი თქმით, პროცესი გრძელდება სამმხრივი ფორმატით, „რადგან ზემო ლარსი უპირველეს ყოვლისა, რუსეთ-საქართველოს საზღვარია“.

არშაკიანმა დეტალებზე საუბარი არ ისაურვა, თუმცა განაცხადა, რომ შედეგებზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

ამასთან, ტრანსპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა უკომენტაროდ დატოვა ჟურნალისტების შეკითხვა იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ ოსეთში მდებარე ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები სომხეთის მოქალაქეებისგან ფულს ითხოვენ. არშაკიანმა მხოლოდ ის თქვა, რომ რუსეთის ტრანსპორტის მინისტრთან ბოლო შეხვედრისას მიღებული ინფორმაციით, იგეგმება საკონტროლო-გამშვები პუნქტების, მათ შორის ზემო ლარსის მოდერნიზაცია. 

ცნობისთვის: სტეფანწმინდა-ლარსის ავტმაგისტრალი ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომლითაც სომხეთი რუსეთს საქართველოს გავლით უკავშირდება. აღნიშნული მონაკვეთი რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო პერიოდულად იკეტება.