ფარმაცეფტულმა კომპანიებმა მინისტრის მოწოდების შემდეგ „ტამიფლუზე“ ფასი დაწიეს

2019-01-11 11:27:54
169

ფარმაცევტულმა კომპანიებმა ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუზე“ ფასების დაწევა დაიწყეს. კერძოდ, ამ დროისთვის „ავერსის“ ქსელში პრეპარატის შეძენა 68 ლარად არის შესაძლებელი. მედიკამენტის ღირებულება ანალოგიურია „პსპ“–შიც. „ჯიპისი“–ს ოფიციალურ ვებ–გვერდზე კი წამლის ფასად 93.83 ლარია მითითებული. 

ცნობისთვის: მედიკამენტ “ტამიფლუს” 10 კაფსულის ღირებულება საქართველოში 72.00 ლარიდან 99 ლარამდე მერყეობდა. მედიკამენტის ფასს საზოგადოებაში პროტესტი მოჰყვა.

ფარმაცეფტულ კომპანიებს ფასების დაწევისკენ მოუწოდა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.  

"მე არ მაქვს შესყიდვის ფასის გაჟღერების უფლება, თუმცა მექნება ასეთი, თუ შეიძლება მიმართვა, ფარმაკოლოგიური კომპანიებისადმი, რომლებიც დისტრიბუციას აკეთებენ ამ პრეპარატებისას: განიხილონ შესაძლებლობა გაზრდილი ავადობის პერიოდში და გამოიჩინონ სოციალური, კორპორატიული პასუხისმგებლობის მზაობა და შეძლებისდაგვარად დაწიონ ფასები ამ კონკრეტულ პრეპარატზე, ჩემი შეხედულებით ამისი რეზერვი და რესურსი მათ აქვთ",- განაცხადა დავით სერგეენკომ.