დადაევის საქმე: EMC შსს–ს სასამართლოში უჩივის

2019-01-11 10:11:02
162

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა" შს სამინისტროს სასამართლოში უჩივლა. დავა „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის ასლანბეკ დადაევის საქართველოში არშემოშვების საკითხს ეხება.

ასლანბეკ დადაევი საზღვრის გადმოკვეთას 2018 წლის 7 ნოემბერს ცდილობდა, თუმცა შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ მას ამის უფლება არ მისცა.

EMC მიიჩნევს, რომ უარი უსაფუძვლო იყო. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, საქმეში იკვეთება გამოხატვის თავისუფლების, ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვისა და დისკრიმინაციის აკრძალვის სტანდარტების სავარაუდო დარღვევის ნიშნები.

„გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი. მასში მხოლოდ ფორმალური მითითებაა, რომ ასლანბეგ დადაევი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

კანონმდებლობაში არსებული ზოგადი ჩანაწერი და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში კრიტერიუმები, რა საფუძვლებით უნდა შემოვიდეს საქართველოში პირი არ არის გაწერილი. მნიშვნელოვანია ,რომ ეს საკითხები დარეგულირდეს“-ამბობს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი დავით ბერძული.