კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

2019-01-11 10:03:15
75

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

როგორც „აქცენტს“ გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, თოვლისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმი.

„კერძოდ, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ186 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ30-კმ90 (ჯვარი-დიზი) მონაკვეთზე თავისუფალია.

ხოლო, კმ90-კმ186 (დიზი-უშგული) მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამავე გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - ნათქვამია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.