თეთნულდზე ზვავში მოყოლილი რუსი ტურისტი გადაარჩნეს

2019-01-10 17:22:01
102

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ”მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ თეთნულდის სამაშველო სამსახურმა ზვავში მოყოლილი ტურისტი გადაარჩინა.

უწყების ცნობით, სვანეთში, კერძოდ, თეთნულდის ჩრდილო-დასავლეთ ფერდზე ზვავი მოწყდა. რუსი ტურისტების ჯგუფი, რომლებიც თვითნებურად გადავიდნენ სათხილამურო გზიდან და გაუკვალავ თოვლში სრიალებდნენ, მოულოდნელად სტიქიის ზონაში მოყვნენ.

„მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თეთნულდის სამაშველო სამსახურმა მომხდარზე მყისიერი რეაგირება მოახდინა, ზვავში მოყოლილი რუსეთის მოქალაქის გადარჩენა რამდენიმე წუთში შეძლო და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა.

“ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო გაიზარდა ზვავსაშიშროების საფრთხე გაუკვალავ თოვლში. მთის კურორტების განვითარების კომპანია თქვენივე უსაფრთხოებისთვის მოგმართავთ თხოვნით, დაემორჩილოთ სათხილამურო კურორტებზე ადმინისტრაციის წესებს და სათხილამურო გზებზე არსებულ მარკირებულ ნიშნებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.