ლუკაშენკო - რუსეთთან შესაძლო მიერთებაზე: "აქ არავინ არავის წახრის!"

2019-01-10 16:40:16
464

ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო მისი ქვეყნის რუსეთის ფედერაციასთან შესაძლო მიერთებაზე საუბრების შეწყვეტის აუცილებლობას აღნიშნავს. "აქ არავინ არავის წახრის", – განაცხადა ლუკაშენკომ მინსკში, მთავრობის წევრებთან გამართულ თათბირზე.

ლუკაშენკოს პოზიცია

  • ბელორუსი ლიდერის თქმით, ორი ქვეყნის კავშირი მხოლოდ თანასწორობის პრინციპზე შეიძლება, აიგოს. "ეს – არა იმიტომ, რომ ლუკაშენკოს სურს ასე, როგორც რუსეთი ცდილობს, წარმოაჩინოს, არამედ იმიტომ, რომ ეს ნებისმიერი კავშირის ჩამოყალიბების ფუნდამენტური პრინციპია … ჩვენ მუდმივად უნდა ვუწევდეთ ანგარიშს ჩვენი ხალხის აზრს. ასე, რომ, არაერთი მიზეზის გამო, თავადაც გესმით, ორი ქვეყნის გაერთიანებაზე საუბარი არ მიდის", – დასძინა მან. 

  • როგორც ლუკაშენკომ განაცხადა, პრეზიდენტმა პუტინმა მას პირადად დაუდასტურა, რომ მოსკოვი ბელორუსიის მიერთების ნაბიჯს ვერ გადადგამს. "მოსკოვს მსგავსი შესაძლებლობა არ აქვს იმ შედეგების გათვალისწინებით, რომელიც ამას შეიძლება, მოჰყვეს, ამიტომაც საჭიროა დამშვიდება და იმ საუბრების შეწყვეტა, თითქოს ვიღაცამ ვიღაც წახარა ან ხრის. აქ არავინ არავის წახრის", – განაცხადა ბელორუსიის ლიდერმა. 

კრემლის პოზიცია  

  • ანამდე ბელორუსიის რუსეთთან შესაძლო მიერთების საკითხზე კომენტარი გაკეთდა კრემლში. აღინიშნა, რომ მოსკოვი და მინსკი “შემხვედრი და არა ერთი მიმართულებით მოძრაობენ". კიდევ უფრო ადრე, გასული წლის ბოლოს პრეზიდენტმა პუტინმა მხარი დაუჭირა რუსეთ-ბელორუსიის სამოკავშირეო სახელმწიფოს სამხედრო დოქტრინას, ხოლო პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთისა და ბელორუსიის ინტეგრაციაზე მომუშავე ჯგუფი ჩამოაყალიბა. ამასთან, მან განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, შექმნას ბელორუსიასთან ერთობლივი სტრუქტურები - ფულის გამოშვების ცენტრი, საბაჟო სამსახური, კონტროლის პალატა და სასამართლო. “ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოები შეძლებენ ერთიანი საგადასახადო პოლიტიკის გატარებას” - აღნიშნა მან.

  • ვარაუდები ბელორუსიის რუსეთთან შესაძლო მიერთების შესახებ ორი ქვეყნის ლიდერების ეკონომიკურ პრობლემებზე ამასწინანდელი მოლაპარაკებების ფონზე გაჩნდა. გასული წლის დეკემბერში, ერთი კვირის განმავლობაში მათ შორის ზედიზედ ორი შეხვედრა გაიმართა. მინსკი რუსეთის სათბობ-ენერგეტიკულ კომპლექსში ჩატარებულ საგადასახადო მანევრთან დაკავშირებით კომპენსაციას მოითხოვდა. თავის მხრივ, რუსეთის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მისნკს დაუმსახურებელი სავაჭრო პრეფერენციების შენარჩუნება სურდა. მანამდე ლუკაშენკომ გააკეთა რამდენიმე განცხადება ქვეყნის ეკონომიკის არასაკმარისი განვითარების შემთხვევაში არსებული რისკების შესახებ. ასეთ შემთხვევაში, მისი თქმით, საჭირო გახდება სხვა სახელმწიფოს შემადგენლობაში შესვლა, თუმცა რომლის – მას არ დაუკონკრეტებია.