კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდის წევრებმა ტომოსს ხელი მოაწერეს

2019-01-09 18:12:31
143

სტამბოლში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდი შეიკრიბა. მისმა მონაწილეებმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს მოაწერეს ხელი. ამიერიდან დოკუმენტი სრულადაა გაფორმებული, - იუწყება უკრაინული ტელეარხი “ТСН”.

მისივე ინფორმაციით, რამდენიმე დღის განმავლობაში ტომოსი უკრაინას დაუბრუნდება.

ტომოსი თურქეთში მას შემდეგ ჩაიტანეს, რაც საშობაოდ იგი კიევში, სოფიის ტაძარში იყო გამოფენილი სადღესასწაულო ლიტურგიის მსვლელობისას. 5 იანვარს სტამბოლში დოკუმენტს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ მოაწერა ხელი. ერთ დღეში უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს მონაწილეობით ტომოსის კიევის ახალი მიტროპოლიტის – ეპიფანესთვის გადაცემის ცერემონიალი გაიმართა.

  • 15 დეკემბერს კიევში ჩატარდა კრება, რომელზეც ახალ სტრუქტურად გაერთიანდნენ სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების თვალთახედვით არაკანონიკური სტრუქტურები – კიევის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესია და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია. მათ ბაზაზე ჩამოყალიბდა ახალი დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის წინამძღოლად 39 წლის ეპისკოპოსი ეპიფანე აირჩიეს. ტომოსი ახალი ეკლესიის სრულ დამოუკიდებლობას ნიშნავს.

  • უკრაინის პრეზიდენტი ახალი ეკლესიის შექმნას მიესალმა და კრების გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა. თავის მხრივ, კრემლში თვლიან, რომ უკრაინული ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების გადაწყვეტილება - “განხეთქილების ხელშემწყობი საქმიანობისა” და “უკრაინის საერო ხელისუფლების საეკლესიო საქმეებში ჩარევის” შედეგია. უკრაინული ეკლესიის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ილაშქრებს რუსული ეკლესიაც, რომელიც ახალი უკრაინული ეკლესიის კანონიკურობას არ სცნობს.

  • ქვეყანაში განაგრძობს მოქმედებას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (მოსკოვის საპატრიარქოსი), რომლის ხელმძღვანელობამ გამაერთიანებელ კრებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.