ჭიჭინაძე: „მიმდინარე გამოძიება შესაძლოა, ანაკლიის პროექტის შეჩერების საბაბი გახდეს“

2019-01-09 17:23:32
481

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ვარაუდობს, რომ „თიბისი ბანკის“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენები შესაძლოა, ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერების საბაბი გახდეს. საუბარია ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაზე.

ჭიჭინაძე იხსენებს, რომ თავის დროზე ყოფილ პრემიერებს ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს შორის უთანხმოების ერთ–ერთი მიზეზი ანაკლიის პორტი და „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე იყო:    


„არც არავის დაუფარავს, რომ ეს ძირითადად ანაკლიის პორტთან დაკავშირებული საკითხები იყო. ივანიშვილი ანაკლიის პორტის სახელმწიფოს ფულით დაფინანსების წინააღმდეგი იყო. მაშინ ეს წაუყენა ბრალდებად კვირიკაშვილს, „ხომ გითხარით, ფული არ მისცეთ და თუ ინვესტორს იპოვით, სახელმწიფოს წილი რაც არის, იმას მე დავდებო. თქვენ დაარღვიეთ ეს პირობა და მაინც გააკეთეთო“. მაშინ სადაც ხაზარაძე იყო, იქ კვირიკაშვილიც იყო და პირიქით. ეს ერთობლიობა, მხარდაჭერა ძალიან კარგად ჩანდა. თქვენ გახსოვთ, კვირიკაშვილს ხშირად მოჰყავდა მაგალითად ხაზარაძის მიერ 500 დოლარით დაწყებული ბიზნესი.

მაშინ [კვირიკაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების დროს] სწორედ ანაკლიის პორტზე იყო ყურადღება გამახვილებული და თავად ანაკლიის პორტიც ძალიან ბევრ კითხვას აჩენდა. რაც შეეხება კონკრეტულ ამ ფაქტს [პროკურატურაში სადღეისოდ მიმდინარე გამოძიებას], ვფიქრობ, რომ შეიძლება ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერების საბაბაბიც გახდეს, თუ „თიბისის“ რეალურად შეექმნება პრობლემა.  მოგეხსენებათ, საბანკო სისტემა ძალიან ფაქიზი თემაა, როდესაც ფულის გათეთრებაზე რაღაც ბრალდებებია და შეიძლება, კონკრეტული ქმედებებიც დაიწყოს, ამის გამო შესაძლოა, ბანკს პრობლემა შეექმნას, ვეღარ განახორციელოს ანაკლიის პროექტი, ისიც ვალად დაედოს.

ჩვენ კი გვინახავს, თუ სახელმწიფო მიზნად დაისახავს რომელიმე კომპანიის ჩაძირვას, მას ეს ყოველთვის გამოსდის“

ჭიჭინაძეს მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს:

„თუ თარიღს დააკვირდებით [ტრანზაქციის, რითად გამოძიება დაინტერესდა], 2008 წლის აპრილზე და მაისზეა საუბარი. ეს ის პერიოდია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებს ატარებდა. ფულის ასე გატანა ბანკიდან, ეჭვებს ბადებს. მოგეხსენებათ, ის არჩევნები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრაქტიკულად, იყიდა და იმ პერიოდში სააკაშვილსა და „თიბისის“ შორის ძალიან კარგი დამოკიდებულება არ იყო, რადგან მაშინ „თიბისიმ“ 200 მილიონად იყიდა ლისის ტბა, ამ ფულის გადახდა არ უნდოდა, b–ს დაკარგვა ერჩია, მაგრამ სააკაშვილმა მუქარა გამოხატა. ეს საკითხი მართლა დღეს და გუშინ ხომ არ ამოტივტივდა? რატომ გამოიყენეს ეხლა, ეს არის საინტერესო. გარკვეული გარიგებები სახელმწიფოსა და მსხვილ ბანკებს შორის ყოველთვის იყო. ყოველთვის ვამბობდით, რომ ურჩ ბიზნესმენებს მათი გამოყენებით სჯიდნენ, ძალიან ბევრი ტრაგიკული ისტორია შეგვიძლია, მოვყვეთ. გასახსენებლად „ელიტელექტრონიქსიც“ კმარა.

რაც მაშინ ამ კომპანიას სააკაშვილის დაკვეთი გაუკეთეს, რა გამორიცხულია, რომ დღეს იგივე „თიბისისთან“ მიმართებაში მოხდეს?“.

დეპუტატი საქმეში პოლიტიკურ ინტერესებს ხედავს.

„როდესაც ამხელა კომპანიაზე, სისტემის შემქმნელ ბანკზეა საუბარი, პოლიტიკის გარეშე არ გამოდის. 17 მილიონი დოლარი „თიბისის ბანკისთვის“ დიდ თანხას არ წარმოადგენს, რამოდენიმე მილიარდის მფლობელია. დააჯარიმებდნენ, რაღაც პროექტში გადაახდევინებდნენ, დააფინანსებინებდნენ, როგორც ხდებახოლმე, მაგრამ როდესაც ეს საჯაროდ გამოდის, საქმე პროკურატურაში მიდის, რა თქმა უნდა, აქ პოლიტიკური  ნაწილი არსებობს.

ამ ჯგუფით ისევ ხდება ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების – კვირიკაშვილის და მისი გუნდის დისკრედიტაცია. გამოდის, რომ ისინი ამ საქმეს ხელს აფარებდნენ“    

 

რა ხდება "თიბისი ბანკის" ირგვლივ, დეტალები იხილეთ:  http://www.accentnews.ge/ge/news/details/65477