“კავკასიის ხალხთა ასამბლეა” პოლონეთს მოუწოდებს, ტუმსო აბდურახმანოვის რუსეთში ექსტრადირება არ დაუშვას

2019-01-09 16:18:53
154

კავკასიის ხალხთა ასამბლეა” პოლონეთის ხელისუფლებას მიმართავს მოწოდებით, ჩეჩენ ბლოგერ ტუმსო აბდურახმანოვის რუსეთში ექსტრადირება არ დაუშვას.

პოლონეთის მთავრობისადმი წერილი და ვიდეო-მიმართვასამბლეის პრეზიდენტმა, ყოფილმა პოლიტპატიმარმა რუსლან კუტაევმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

კუტაევი აბდურახმანოვის შესაძლო დეპორტაციის ისტორიისადმი “ჩეჩნური საზოგადოების სუსტ დამოკიდებულებას” უსვამს ხაზს და ჩეჩენ ბლოგერს “სადღეისოდ ჩეჩნების უფლებებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ” მოიხსენიებს.

«აბდურახმანოვი პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში აშუქებს ჩეჩნეთის რესპუბლიკის მაცხოვრებლებისადმი ამჟამინდელი ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებებს. დევნილი პარლამენტი და მთავრობა კადიროვის ხელისუფლებაზე არანაკლებაა შეშფოთებული აბდურახმანოვის აქტივობით, რადგან 18 წლის განმავლობაში მათ 10%-იც კი არ გაუკეთებიათ იმისა, რაც ამ ადამიანმა ერთ წელიწადში მოახერხა», - აცხადებს კუტაევი და აბდურახმანოვისადმი ასამბლეის დამოკიდებულას “ცალსახა მხარდაჭერად” აფასებს.

«ჩვენ უსაზღვროდ მადლიერები ვართ ამ ადამიანის, რომელიც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად უბადლოდ ასრულებს თავის საქმეს... უახლოეს დღეებში პოლონეთის ხელისუფლებას გაეგზავნება მიმართვა, მთელი სერიოზულობით მოეკიდოს აბდურახმანოვის შესაძლო დეპორტაციის საქმეს და მას პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭოს, როგორც მოეთხოვება დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოს», - აცხადებს ასამბლეის პრეზიდენტი.

მანამდე საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია “Amnesty International”-მაც მოუწოდა პოლონეთის შსს-ს, ტუმსო აბდურახმანოვი რუსეთს არ გადასცეს.​

ცნობისთვის: ტუმსო აბდურახმანოვი რუსეთიდან ჩეჩნეთის რესპუბლიკის მოსკოვის მიერ ხელდასმული ლიდერის – რამზან კადიროვის ნათესავთან კონფლიქტის შემდეგ გაიქცა. სამშობლოში მას უკანონო გასამხედროებულ ფორმირებაში მონაწილეობა დასდეს ბრალად, თუმცა თავად ბლოგერი ირწმუნება, რომ საქმის მასალები თავიდან ბოლომდე გაყალბებულია.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტუმსო საქართველოში ცხოვრობდა და ხელისუფლებისგან თავშესაფარს ითხოვდა, თუმცა თბილისმა უარით გაისტუმრა.