საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე აკრძალვები დაწესდა

2019-01-09 11:39:34
170

ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარზე და ახალქალაქი-კარწახის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ძლიერი ქარი, ნამქერები, შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდას (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე და საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

მისივე ინფორმაციიით, აღნიშნული მიზეზით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ110-კმ146 (ფარავანი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე.

ამასთან, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის ფასანაური-გუდაურის (ფოსტა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. 


ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის (სოფ. ქვემო მლეთადან საავტომობილო გზის 85-ე კმ-მდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. 

„გაცნობებთ, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო, შენარჩუნებულია ზვავსაშიშროების რეჟიმი, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მიმდინარეობს. 

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.