კიევსა და მოსკოვს შორის

2019-01-08 22:35:00
709

და აი, აღსრულდა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დადგა ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე. ამ ვითარებაში დროის წელვა ზოგადი საუბრებით «მსგავსი საკითხები ერთი ხელის მოსმით არ წყდება, შევქმნით კომისიას, დეტალურად შევისწავლით საკითხს, მეგობრებს შევეკითხებით» აღარ გამოვა.

საკითხი ცალსახად დგას: ან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღიად აღიარებს, რომ მისთვის უცხო, მტრული სახელმწიფოს ინტერესი საკუთარი ქვეყნისაზე მნიშვნელოვანია, ან, ბოლოს და ბოლოს, გაემიჯნება რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან არაბუნებრივ კავშირს. ქართული საეკლესიო ადმინისტრაცია მძიმე არჩევანის წინაშეა: ვინ გაანაწყენოს – რუსები თუ უკრაინელები?

ნათელია, რომ მხარეთა პოზიციები კიევსა და მოსკოვს შორის ამ კონფლიქტში უპირველესად პოლიტიკაზეა დამოკიდებული და მხოლოდ შემდეგ - საკუთარ საღმრთო საქმეებზე. და ეს გასაგებია: თუ ჩვენს დროში ისეთი სიტყვები, როგორიცაა «სპორტი პოლიტიკის გარეშე» ან «კულტურა პოლიტიკის გარეშე» დიდი ხანია, შენდობის ღიმილს იწვევს, «რელიგია პოლიტიკის გარეშე» ყოველთვის რაღაც უხეირო ანაკდოტის მსგავსი იყო.

ასეა თუ ისე, ყველა შემთხვევაში, დროა, ქართველი სასულიერო პირები, ბოლოს და ბოლოს, გაემიჯნონ რუსულ ეკლესიას, რომელსაც რატომღაც მართლმადიდებლობის ცენტრად თვლიან. თუმცა გასაგებია, რატომაც: ერთი სახელმწიფოს ფარგლებში თანაცხოვრების წლებს უკვალოდ არ ჩაუვლია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის წარმომადგენლების უმრავლესობამ განათლება რუსულ სემინარიებში მიიღო და ნებისმიერ ქართულ ეკლესიაში ყოველთვის იპოვი რუსი ავტორების საეკლესიო ნაშრომებს, რომელშიც კაცმა არ იცის, რა წერია.

არსებობს მნიშვნელოვანი იდეური მსგავსებაც: “დები ეკლესიების” რიტორიკა ერთმანეთისგან პრაქტიკულად არ განსხვავდება: აგრესიული ანტიდასავლურობა, ევროპელებისა და ამერიკელების “სოდომიტებად” წარმოჩენა, მითები დასავლეთზე, რომელიც “ჩვენი იდენტობის განადგურებას ცდილობს” და ა.შ. გაეცანით ორივე ეკლესიის მაღალი და საშუალო დონის იერარქების გამოსვლებს, მოაშორეთ გვარები – და განსხვავებას ვერავინ შეამჩნევს.

რუსული მართლმადიდებელი ეკლესია – ეს ცალსახა, აბსოლუტური ბოროტებაა, რომელთან კავშირის გაწყვეტას შეიძლება, მხოლოდ მიესალმო. არსობრივად, ეს საერთოდაც არ არის ღვთისმსახურთა ერთობა, ეს არის მსხვილი მაფიოზური დაჯგუფება, რომელიც შეზრდილია სახელმწიფოსთან და მის განუყოფელ ნაწილადაა ქცეული. ბუნებაში არ არსებობს არანაირი რუსული მართლმადიდებლობა, ის მხოლოდ შირმაა მმართველი ელიტის როგორც პირადი, ისე იმპერიული ინტერესების მსახურისთვის.

მეტიც, რუსული მესიანობა, რომელიც შიზოიდურ კონცეფციაში «მოსკოვი – მესამე რომი» გამოიხატა, – ეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პირმშოა. ამ იდეის ფორმულირება პსკოვის ერთ-ერთი მონასტრის ჩინოსანმა – ვინმე ფილოფეიმ მოახდინა მეფე ვასილი III-სადმი წერილში. სწორედ იქიდან წამოვიდა რუსული იმპერიული ცნობიერებაც, სწორედ იქ არის ე.წ. რუსული სამყაროს ფესვებიც…

რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი მისია სადღეისოდ იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკა ღვთაებრივი დასაბუთებით უზრუნველჰყოს, შიდა პოლიტიკაში კი მოსახლეობისთვის მორალური მათრახის როლი შეასრულოს.

საინტერესოა ასევე, თვალი ადევნო იმას, რამდენად განსხვავდება საქმის რეალური ვითარებისგან რელიგიისა და რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური, პროპაგანდისტული როლი რუსეთის რიგითი მოქალაქეების ცხოვრებაში. თუ რუსულ ტელეარხებსა და სამთავრობო მედიას მივადევნებთ თვალს, მოვუსმენთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მსხვილი ბიუროკრატების ქადაგებებს, შეიქმნება შთაბეჭდილება, რომ მთელი ქვეყანა უკვე გადაიქცა ერთ დიდ მონასტრად, რომ ეკლესია წარმოადგენს უდიდესი გავლენის მქონე ინსტიტუტს, რომელსაც ყველა უწევს ანგარიშს და საერთოდაც, რუსეთი – ეს მაღალზნეობრივი, მაღალი მორალის ფასეულობათა თავშეყრაა.

რეალურ რუსულ რეალობაში კი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტი მიზერულად დაბალია, რელიგიას მინიმალური როლი აქვს მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში – თითქმის არავინ მარხულობს, კითხულობს ბიბლიას, დადის ეკლესიაში, ჰყავს მოძღვარი, რომელსაც პერიოდულად ურეკავს, მაგალითად, კითხვით, «შეიძლება თუ არა ტელევიზორის ყურება მამის გარდაცვალების შემდეგ?..».

რუსებისთვის მათი ეკლესია სისტემის ნაწილია, მორიგი სამინისტრო, ხოლო პატრიარქი კირილი – ერთ-ერთი მინისტრი, შოიგუს მსგავსი, უბრალოდ არა ბრიონის კოსტუმში, არამედ შავ კაბაში.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მორალურ-კულტურული მენტორის როლის შესრულებას, თავისი არაფორმალური ჯგუფების დახმარებით მოქალაქეთათვის იმის მითითებას ცდილობს, როგორ იცხოვრონ, ჩაიცვან, რას მოუსმინონ და უყურონ. სარგებელი ნულოვანია, - იმდენად განსხვავდება რეალური ცხოვრებისგან ქურდბაცაცა მღვდლების მოთხოვნები.

საქართველოშიც კი, სადაც, 10 ცნების აღსრულების დონის კუთხით, თავისუფლად შეიძლება, ითქვას, მოსახლეობის 99% სრულიად უღმერთოა, ეკლესიის გავლენა უფრო მაღალია, ვიდრე რუსეთში. ქართველები, როგორც სამხრეთელი და თეატრალური ხალხი, რელიგიური ფანატიზმის იმიტაციას ბევრად უფრო დამაჯერებლად ახორციელებენ.

რუსეთში ეს რეალობა ტელევიზიის სიტყვიერი არშიებით იფარება, რომელიც ადამიანების მიერ ისევ და ისევ პოლიტიკური სისტემის ნაწილად აღიქმება. საჭიროა, ესე იგი, საჭიროა...

ახლა საკითხი ასე დგას: შეძლებს თუ არა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თავის რიგებში გიგანტურ პრომოსკოვურ ლობისთან გამკლავებასა და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღებას – უკრაინული ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებას?

ვერ ვიტყვი, რომ დიდი სპეციალისტი ვარ საეკლესიო საქმეებში, თუმცა ჩემი სუბიექტური აღქმით, ქართულ ეკლესიაში სასულიერო პირთა უმრავლესობა იზიარებს უკრაინული საკითხის რუსულ ხედვას, ყოველ შემთხვევაში, ნაცნობ სასულიერო პირთა და მრევლის წევრთა შორის, რომლებთანაც პირადად მქონია ურთიერთობა, ვერა და ვერ ვიპოვე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერი. შესაძლოა, არ გამიმართლა, თუმცა…

ბოლო ორი კვირის მოვლენები ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სადღეისოდ არ არის მზად “უფროს დასთან” ურთიერთობების გასაწყვეტად. ქართული ეკლესიის ჩინოსნები აშკარად წელავენ დროს გაუგებარია, რის მოლოდინში: ჯერ თქვეს, “მოდი, ჯერ კონსტანტინოპოლმა აღიაროს, ჩვენ კი შემდეგ ვიმსჯელებთო”; აი, კონსტანტინოპოლმა აღიარა, და ახლა რა? - ახალი მიზეზი: «დოკუმენტი ჯერ არ მიგვიღია და კარგად არ ვიცნობთო»… საინტერესოა, მაინც რას ელიან მისგან და ისეთი რა არ იციან? ნათელია, რომ დოკუმენტი შეიცავს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებას. ეს რა, საკმარისი არ არის? თუ ის აინტერესებთ, სასვენი ნიშნები როგორაა დასმული?!

ცხადია, რომ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან სიახლოვის გარდა, ქართველ სასულიერო პირებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებაში ხელს სრულიად სერიოზული, რეალური ფაქტორი უშლით – რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მუქარა, აფხაზური ეკლესიის დამოუკიდებლობა აღიაროს.

რას ვიზამთ? მე თუ მკითხავთ, დაე, აღიარონ. ამით არაფერი შეიცვლება. თუ თავი დაკარგე, თმაზე აღარ უნდა იდარდო. წმინდად თეორიული არაღიარება რუსეთის მხრიდან რეალურ, მათ შორის საეკლესიო ცხოვრებაში ტოტალური კონტროლის პირობებში – ეს იგივეა, რაც მკვდარს საფენებით უმკურნალო.

არ უნდა მივცეთ კრემლს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაგვაშანტაჟოს უსაფუძვლო საუბრებით აფხაზეთის თაობაზე. მისაღებია გადაწყვეტილება – საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, ბოლოს და ბოლოს, უნდა გადადგას ნაბიჯი, გაემიჯნოს რუსულს და უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა სცნოს. აფხაზეთთან დაკავშირებულმა ფობიებმა და უსაფუძვლო მიზეზებმა არ უნდა შეუშალოს საქართველოს ხელი, ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს.

პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორს ეკუთვნის და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას

https://www.ekhokavkaza.com/a/29695767.html?fbclid=IwAR0V5xAFLFIdWn07BMx6hxYO2sY6xyGmW6mumP2zxyT7LaCvczg34wTsHo0