იტალიელები აფხაზეთის შესახებ ფილმს იღებენ

2019-01-08 17:37:36
2606

აფხაზეთში ორი იტალიელი ჩავიდა, რათა ფილმი გადაიღოს იმის შესახებ, როგორ ცხოვრობენ, რაზე ფიქრობენ და ოცნებობენ ადამიანები ომიდან გასული 25 წლის შემდეგ.

ფოტოგრაფი-ფრილანსერი პიერ პაოლო მიტიკა ვენეციიდანაა, ხოლო ალექსანდრე თეზეი, რომელიც ვიდეო-გადაღებითა და მონტაჟითაა დაკავებული, - ანკონიდან. უკვე რამდენიმე წელია, ისინი ტანდემად მუშაობენ, მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობენ და დოკუმენტურ ფილმებს იღებენ.

ფილმი, რომელსაც ისინი აფხაზეთის შესახებ მოამზადებენ, იტალიურ ინტერნეტ-პორტალ Occhi Della Guerra-სთვისაა განკუთვნილი, რომელიც 2013 წლიდან მოქმედებს, უმთავრესად სამხედრო სიახლეებზე ფოკუსირდება და თანამშრომლობს იმ დამოუკიდებელ რეპორტიორებსა და ჟურნალისტებთან, რომლებიც მზად არიან, მსოფლიოს მასშტაბით ცხელ წერტილებში და პოსტკონფლიქტურ რეგიონებში იმუშავონ.

იტალიელებს ოჩამჩირეში კერძო სასტუმრო სახლის მფლობელი მირონ ზუხბა მასპინძლობს, რომელსაც ისინი ინტერნეტით დაახლოებით ნახევარი წლის წინ დაუკავშირდნენ.

ჩემი ბიზნესიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს უცხოელებთან შეხება. მათ გიდის, თარჯიმნის მომსახურებას ვუწევ, ვაკავშირებ მათთვის საინტერესო ხალხთან”- ამბობს ზუხბა.

პიერ პაოლო მიტიკა ყვება, რომ აფხაზეთის ამსახველ ფოტოებს ინტერნეტში შემთხვევით წააწყდა და დაინტერესდა:

«როდესაც ახალი პროექტი წამოვიწყე, ინტერნეტში ვეძებდი შთაგონებას, ვეძებდი ქვეყანას, რომლითაც დავავდებოდი და სრულიად შემთხვევით გადავაწყდი აფხაზეთში გადაღებულ ფოტოებს. მის შესახებ არაფერი მსმენია. ახლაც მის შესახებ ჯერ დიდად არაფერი ვიცი, მაინტერესებს, როგორ ცხოვრობს აქ ხალხი ბოლო 25 წლის განმავლობაში, ომის შემდეგ, ან ომის დროს როგორ ცხოვრობდა… ვხედავ, რომ იმდროინდელი იარები ჯერ კიდევ არ მოშუშებულა. მეხსიერება კვალს ამჩნევს აწმყოსაც და მომავალსაც».

ალექსანდრე თეზეი კი ამბობს, რომ ეს იქნება კლასიკური დოკუმენტური ფილმი, რომელიც სულ მცირე, 50 წუთი გაგრძელდება.

აფხაზეთი ძალიან საინტერესო ქვეყანაა, დიდი პოტენციალითა და დიდი მომავლით, განსაკუთრებით - ტურიზმის სფეროში, რადგან აქ შერწყმულია ულამაზესი ზღვა და იქვე მთები, ტურისტებს კი არა მხოლოდ ზღვა უყვართ, არამედ მთებში მოგზაურობაც. გარდა ამისა, აქ ყველაზე საუკეთესო სამზარეულოა ყველა იმ პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან შედარებით, სადაც ვყოფილვართ».

იტალიელები აფხაზეთში ორ კვირას გაატარებენ. ამ ხნის განმავლობაში მათ ომთან დაკავშირებულ სხვადასხვა ადამიანებთან შეხვედრის იმედი აქვთ – კონფლიქტის უშუალო მონაწილეებთან, თვითმხილველებთან, პოლიტიკოსებთან, კულტურის მოღვაწეებთან და ა.შ.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება