ქართველი ოპერატორი ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოების ნომინანტებს შორის მოხვდა

2019-01-08 16:26:37
108

ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოების ნომინანტთა სია ცნობილია. ცნობილი ამერიკული გამოცემა Variety წერს, რომ ნომინანტებს შორის მოხვდნენ ისეთი ფილმები და ტელესერიალები, როგორებიცაა Roma, A Star Is Born, Yellowstone, Cold War, The Handmaid’s Tale და სხვა. ერთ-ერთ ნომინაციაში, Spotlight Award კი ნომინანტებს შორის არის გიორგი შველიძე, მხატვრული ფილმის, „ნამეს“ ოპერატორი. ამ ნომინაციის ჯილდოსთვის გიორგი შველიძესთან ერთდ ერთად იბრძოლებენ ფილმების „Girl“ და „The Rider“-ის ოპერატორები.

ამ ნომინაციაზე კანდიდატს თავად კინოოპერატორთა საზოგადოება წარადგენს. როგორც ეროვნული კინოცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, დავით ვაშაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას „ოსკარის“ ნომინანტი ფილმების ჩვენების დროს, ლოს- ანჟელესში, „ნამეს ჩვენებას“ რამდენიმე ოპერატორი დაესწრო. მათ შორის იყო ფედონ პაპამიხაელიც, ქართველი რეჟისორის, ნანა ჯორჯაძის ფილმის, „ზაფხული ანუ 27 კოცნის“ ოპერატორი, რომელიც თავადაც არის „ოსკარის“ ნომინანტი. სწორედ მათ გადაწყვიტეს, რომ გიორგი შველიძე შეერჩიათ ნომინაციაზე წარსადგენად.

„ეს მნიშვნელოვანი ნომინაციაა, რადგან ფაქტობრივად, ყველა ჰოლივუდელი ოპერატორი კინოოპერატორთა საზოგადოების წევრია მათ მიერ აღიარება კი უკვე დიდი წარმატებაა. როდესაც „ნამე“ პირველად ნახეს ოპერატორებმა, მაშინვე ერთხმად თქვეს, რომ ეს ფილმი უნდა წარდგენილიყო ამ ნომინაციაზე“, - ამბობს დავით ვაშაძე.

ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ პირველად ამ ჯილდოზე 2017 წელს წარდგენილი იყო ქართული ფილმის სხვისისახლის“ (რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე) ოპერატორი გორკა გომეს ანდრეუ, რომელმაც ამ ნომინაციაში გაიმარჯვა კიდეც.

ASC Awards, სადაც გამარჯვებულების ვინაობა გახდება ცნობილი, 9 თებერვალს ოცდამეცამეტედ გაიმართება და ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოების 100 წლის იუბილეს დაემთხვევა.