ახალგორელებს დე ფაქტო საზღვრის კვეთის ახალი – დრაკონული წესის ამოქმედება გადაუვადეს

2019-01-07 15:22:18
219

ახალგორის ოკუპირებულ რაიონში მდებარე საკონტროლო-გამშვებ პუნქტ “რაზდახანით” (ოსური სახელწოდება) დე ფაქტო საზღვრის კვეთის ახალი წესი, რომელიც 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, ერთი თვით გადაავადეს.

დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტის მიერ გასული წლის 26 დეკემბერს დამტკიცებული წესის თანახმად, ახალგორელებს, რომლებმაც ოსური ე.წ. მოქალაქეობა მიიღეს, დე ფაქტო საზღვრის კვეთა ეკრძალებათ. თუმცა 30 დეკემბერს ოკუპირებული რეგიონის მაცხოვრებლებს გამოუცხადეს, რომ ეს წესი ერთ თვეში, 2019 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდება. გადავადების მიზეზების შესახებ არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

ამგვარად, 2019 წლის 1 თებერვლამდე “რაზდახანი” ძველ რეჟიმში იმუშავებს: დე ფაქტო საზღვრის კვეთა ოსური ე.წ. მოქალაქეობის მქონე ახალგორელებს - პასპორტებით, საქართველოს მოქალაქეობის მქონეებს კი საშვებით შეეძლებათ.

«დეკემბრის ბოლოს, როდესაც ახალი წესის შესახებ გამოცხადდა, ადგილობრივები მზად იყვნენ, ოსური პასპორტები გაეკეთებინათ. ადამიანების რეაქცია მწვავე იყო, ამბობდნენ, «ისღა დარჩათ, გვითხრან, “წაბრძანდით აქედანო”. მივმართავ ადგილობრივებს, არ იჩქარონ, იქნებ მოიძებნოს რაიმე გამოსავალი, რომ მოქალაქეობაც შეინარჩუნონ და გადაადგილების თავისუფლებაც. მაგალითად, შესაძლებელია, შეინარჩუნო პასპორტი და თავი შეიკავო საქართველოში გადასვლისგან მინიმუმ, საპარლამენტო არჩევნებამდე... ასე ბევრი ფიქრობს» - ამბობს ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შეზღუდვა პრობლემებს წინაგარელებსაც უქმნით, რომელთაც დე ფაქტო საზღვრის კვეთა ჯერ კიდევ 5 წლის წინ აუკრძალეს. მეორეს მხრივ, ოსური ე.წ. მოქალაქეობის გარეშე ისინი ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე სამუშაოსაც კარგავენ და პენსიებსაც.

გარდა ამისა, გაურკვეველია, რა ბედი ელით პაციენტებს, განსაკუთრებით – მათ, ვინც სასწრაფო და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს. ცხინვალიდან ისინი თბილისში “წითელ ჯვარს” გადმოჰყავს. ახალგორელები, რომლებიც დე ფაქტო საზღვრის გადაკვეთის უფლებით სარგებლობდნენ, თბილისში ოჯახის წევრებს მიჰყავდათ საკუთარი ან ადგილობრივი სასწრაფო დახმარების მანქანებით. ჯამში გასული წლის განმავლობაში თბილისში სამედიცინო დახმარება ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის 400-მდე მაცხოვრებელს გაეწია. ახლა რა ელით ოსური ე.წ. მოქალაქეობის მქონე იმ ახალგორელებს, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ? “რაზდახანით” მათ აქეთ არ გადმოუშვებენ, ესე იგი, 1,5-2 საათი სასწრაფო დახმარების მანქანით ცხინვალამდე უნდა ატარონ, იქ “წითელი ჯვრის” მანქანაში გადასვან და მხოლოდ შემდეგ წამოიყვანონ თბილისში? ცხადია, ასე პაციენტს ვერ გადაარჩენ...

ვარაუდობენ, რომ გადაადგილების თავისუფლების აღდგენა რაიონში დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნებისას ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება.

აღსანიშნავია, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც ახალგორის რაიონის აღმოსავლეთ ნაწილი ცხინვალის დე ფაქტო იურისდიქციის ქვეშ აღმოჩნდა, ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი პირადად დაჰპირდა ადგილობრივებს, რომ მათ უფლებებს, მათ შორის გადაადგილების თავისუფლებას დაიცავდა. მომდევნო სამი წლის განმავლობაში მთლიანობაში ასეც იყო. ახალგორელები ადგილობრივ მილიციასაც ენდობოდნენ.

ლეონიდ თიბილოვის დე ფაქტო მმართველობის პერიოდში ახალგორის რაიონში ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა, დაიწყო ადგილობრივთათვის სახლების, ბიზნესის ჩამორთმევა, მოვაჭრეთა დარეკეტება, ძალოვანების თვითნებობა. ამას მოჰყვა წამება საშვებით, როცა, მაგალითად, მშობლებს დოკუმენტს აძლევდნენ, შვილებს კი უარს ეუბნებოდნენ და “საქართველოში დეპორტირებით” ემუქრებოდნენ, ან პირიქით.

მერე მოხდა პირველი რეზონანსული მკვლელობა – სრულიად უწყინარი და უდანაშაულო დავით ბაშარულის, და პირველი შემთხვევა სასტიკი დანაშაულის გამოძიების არსურვილის დემონსტრირებისა. მერე იყო არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა… და დე ფაქტო ხელისუფლების ისედაც მოჩვენებითი რეპუტაცია საბოლოოდ განულდა...

ამ თვალსაზრისით, დე ფაქტო საზღვრის კვეთის ახალი წესი ბოლო წვეთად გამოიყურება, რომლითაც “რესპუბლიკის” იმიჯს ჯერ არ ავნეს.

თამარ მეარაყიშვილის ვარაუდით, ახალი წესის შემოღების ერთი თვით გადავადება დამაიმედებელი მოვლენაა: “როგორც ჩანს, ზემოთ ყველა პრობლემა და რისკი შეაფასეს. ფაქტია, რომ ახალი წესი გადავადებულია. ეს რაღაცისთვის ხომ გაკეთდა?!”.

ამის იმედი აქვს რუს პოლიტოლოგ ნიკოლაი სილაევსაც, რომლის აზრით, დე ფაქტო საზღვრის კვეთის ახალი წესის ამოქმედება ცხინვალს კარგს არაფერს მოუტანს:

«ლენინგორის [ახალგორის] რაიონის მაცხოვრებლებზე ნებისმიერი ზეწოლა, რომელიც ამა თუ იმ გზით საქართველოს უკავშირდება, სრულიად არაპროდუქტიული რამაა. ეროვნული უმცირესობებისადმი დამოკიდებულება ტესტია სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობის სიმწიფისა: თუ ხელისუფლება პატივს სცემს ეროვნულ უმციესობებს, ესე იგი, სახელმწიფოებრიობა მომწიფებულია, და პირიქით. […] ვფიქრობ, ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა, გადახედო რაღაც უხეირო, არაჯანსაღ გადაწყვეტილებებს. იმედი მაქვს, სამხრეთ ოსეთი ამ შესაძლებლობას გამოიყენებს».

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება