H1N1-ის ვირუსი ლუგარის ლაბორატორიის გახსნამდე 2 წლით ადრე გაჩნდა

2019-01-07 13:35:47
520

5 იანვარს, ქართულმა გამოცემებმა გაზეთმა “ალიამ” და ონლაინ პორტალ euronews.ge-მ  გამოაქვეყნეს იდენტური სტატიები, რომლებიც მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებენ, თითქოს ღორის გრიპი მხოლოდ საქართველოში გავრცელებული ეპიდემიაა და მას ლუგარის ლაბორატორია ავრცელებს:

ალია [სათაური]: ,,ღორის გრიპი მხოლოდ ჩვენთან მძვინვარებს! ეს არის შედეგი   ლუგარის ლაბორატორიის!”

Euronews.ge [სათაური]: ,,ეს არის შედეგი ლუგარის ლაბორატორიის”_ დავაიგნორეთ მხოლოდ იმიტომ, რომ რუსებმა განაცხადეს”.

აღნიშნული ინფორმაციის წყარო ქართული მარშის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერის, ლადო სადღობელაშვილის ფეისბუქ პოსტი გახდა, რომელიც აღნიშნულმა მედიებმა ცალმხრივად, მტკიცებით ფორმაში გაავრცელეს. სადღობელაშვილი სოციალური მედიის მეშვეობით ლუგარის ლაბორატორიის დახურვის მოთხოვნით ასევე აქციებს აანონსებს.  აღნიშნული სტატიები აქტიურადაა გაზიარებული სხვადასხვა სპამურ ჯგუფებში.

მტკიცება, თითქოს ღორის გრიპის ეპიცენტრი მხოლოდ საქართველოა და მას ლუგარის ლაბორატორია ავრცელებს, აბურდულია, ვინაიდან ვირუსი H1N1 ლუგარის ლაბორატორიის გახსნამდე 2 წლით ადრე,  2009 წლიდან ვრცელდება, ხოლო ლაბორატორია საქართველოში 2011 წელს გაიხსნა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ანგარიში კი ადასტურებს, რომ ღორის გრიპი საქართველოს გარდა მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზეა გავრცელებული. აღნიშნული დეზინფორმაცია რუსეთის ხელისუფლებისა და კრემლის მედიიდან იღებს სათავეს და წლებია ვირუსულად ვრცელდება.


ფაქტი 1. H1N1 2009 წლიდან ვრცელდება, ხოლო ლუგარის ლაბორატორია 2011 წლიდან ფუნქციონირებს

ღორის გრიპის ვირუსი, ანუ H1N1 ლუგარის ლაბორატორიის გახსნამდე 2 წლით ადრე,  2009 წლისაპრილიდან ვრცელდება, ხოლო სენატორ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია 2011 წელს გაიხსნა. ლაბორატორია 2013 წელს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დაქვემდებარებაში გადავიდა, ხოლო 2018 წლიდან ლუგარის ცენტრისა და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებასა და ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობა იღებს.


ფაქტი 2. ღორის გრიპი საქართველოს გარდა მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზეა გავრცელებული.

როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ უახლეს ანგარიშშივკითხულობთ, რომელიც 2018 წლის 24 დეკემბრით თარიღდება, წლევანდელ გრიპის სეზონზე ღორის გრიპი ყველა კონტინეტზეა გავრცელებული და მის მიმართ იმუნური არც სხვა ქვეყნები არიან.

WHO

ღორის გრიპს აქტიურად ებრძვიან ირლანდიაშიც, სადაც ბოლო მონაცემებით 4 ადამიანია გარდაცვლილი.

რუსული კონსპირაციის წყაროები

კონსპირაცია რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის  შესახებ წლებია ვრცელდება და მისი წყარო რუსეთის ხელისუფლება და კრემლისტური მედიაა

  • 2018 წელს, რუსეთის ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის (“როსსელხოზნადზორი”) პრესმდივნმა, იულია მელანომ, ლუგარის ლაბორატორია აფხაზეთში აზიური ფაროსანის გავრცელებაში დაადანაშაულა.

  • რუსეთის ფედერაციის დუმის დეპუტატმა და ყოფილმა მთავარმა სანიტარმა, გენადი ონიშჩენკომ 2016 წელს ლუგარის ცენტრი აფხაზეთში ზიკას ვირუსის ხელოვნურ გამოყვანაში დაადანაშაულა, ხოლო 2013 წელს რუსეთში ღორის აფრიკული ჭირის გავრცელებასთან დააკავშირა.

  • როსია 24, ვესტი, 4 ოქტომბერი.იგორ კოჟევინი, წამყვანი: „თავდაცვის სამინისტრომ გაანალიზა დოკუმენტები ეგრეთ წოდებული ჯანდაცვის ცენტრის შესახებ, რომელიც ამერიკელებმა საქართველოში ააშენეს. მიღებული მონაცემების მიხედვით, პენტაგონი სწორედ აქიდან ავრცელებდა ჩვენს ქვეყანაში ღორის აფრიკულ შავ ჭირს. “

სადღობელაშვილის პოსტს წინ უსწრებდა 2018 წლის 27 დეკემბერს, რუსულ გამოცემა 360.ru-ში გამოქვეყნებული სტატია, სათაურით “ბიოლოგიური იარაღი მოქმედებაში? საქართველოში ღორის გრიპის ვირუსის აფეთქება ლუგარის ლაბორატორიის მუშაობასთან არის დაკავშირებული”.  სტატიაში წყაროდ მოყვანილია ჟურნალისტი ჯეფრი სილვერმანი, რომელიც ამტკიცებს თითქოს ქართველები და ამერიკელები ერთად მუშაობენ ბაქტერიოლოგიური იარაღის წარმოებასა და ვაქცინების ტესტირებაზე. გარდა ჟურნალისტისა, სტატიაში მოყვანილია იგორ გიორგაძის განცხადებაც, თითქოს აღნიშნული ლაბორატორიის მუშაობის გამო 2015 წლიდან დღემდე დაღუპულია 30-ზე მეტი ადამიანი.  სილვერმანი ასევე ამტკიცებს, რომ ახალი ლაბორატორიის მშენებლობა იგეგმება სომხეთში და ამ საკითხე ამერიკელებთან ერთად უკვე მუშაობენ სომხები.

ჟურნალისტი, ჯეფრი სილვერმანი, რომელიც 360.ru-ს წყაროდ ჰყავს მოყვანილი, ჯერ კიდევ 2018 წლის 16 სექტემბერს ლუგარის ლაბორატორიას არა მხოლოდ ღორის გრიპის გავრცელებაში, არამედ სირიაში მომწამლავი გაზის გამოყენებაში ადანაშაულებდა - „აქ [ლუგარის ლაბორატორიაში] არის ბიოლოგიური აგენტები, განსაკუთრებით საშიში ნივთიერებები. მათი იარაღად გამოყენება შეიძლება. თქვენ ხომ გახსოვთ, რომ რამდენიმე წლის წინ საქართველოსა და რუსეთის სამხრეთში ადამიანები ღორის გრიპით იღუპებოდნენ. ეს შემთხვევითი არ იყო. და ეს ისტორია შესაძლოა არა მხოლოდ ბიოლოგიური იარაღის, არამედ საბრძოლო გაზის გამოყენებაზეცაა. მე ვმუშაობ გამოცემაში, რომელიც სამხედრო დაზვერვითაა დაკავებული. ჩვენ ჩავატარეთ გამოძიება და გავარკვიეთ, რომ აქედან მომწამვლელი გაზი გადაჰქონდათ თურქეთში და შემდეგ ეს გაზი სირიაში გამოიყენეს. ეს იყო პროვოკაცია ასადის წინააღმდეგ ძალის გამოყენების გასამართლებლად. “

რეალური ფაქტები ლუგარის ლაბორატორიის შესახებ

საქართველოში არსებული რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის პრიორიტეტებია:

  • სურსათის უვნებლობა - ლაბორატორია თანამშრომლობს სოფლის მეურნეობის ცენტრალურ ლაბორატორიასთან საკვები პროდუქტების ბიოლოგიური კვლევების მიმართულებით;

  • საქართველოს მოქალაქეების დაცულობა ეპიდემიებისა და ინფექციური დაავადებებისგან - აღმოჩენილი ან გავრცელებული ეპიდემიების დროული დიაგნოსტიკისა და პრევენციის მეშვეობით როგორც ცხოველებში, ასევე ადამიანებში;

  • ბიოლოგიური კატასტროფების საფრთხის შემცირება - რითაც წვლილი შეაქვს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო უსაფრთხოებაში;

  • სამეცნიერო -კვლევითი მიმართულება - ცენტრის შესაძლებლობებს ფართოდ იყენებენ მაგისტრანტების და დოქტორანტების მოსამზადებლად და სამეცნიერო კვლევებისათვის სხვადასხვა უნივერსიტეტები, მათ შორის მეზობელი ქვეყნებიდან.

 

მედიაწიგნიერების ლაბორატორიის რეგიონული ქსელი

http://mythdetector.ge/ka/myth/h1n1-virusi-lugaris-laboratoriis-gakhsnamde-2-clit-adre-gachnda?fbclid=IwAR2_sfW8AhI_A6uN_6EaU9HW6hELU_3rYPoUZm7pya2HK2re1TEVkxU9eBQ