"გახშირდა ტყუილის ყველაზე მძიმე ფორმაც, - გაცნობიერებული, შეგნებული სიცრუე, - ცილისწამება"

2019-01-06 23:46:36
115

დღეს ადამიანები აღარ ერიდებიან სხვისი დამცირების მიზნით მათ უსაფუძვლოდ შეურაცხყოფას; სიცრუე და ბილწსიტყვაობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. გახშირდა ტყუილის ყველაზე მძიმე ფორმაც, - გაცნობიერებული, შეგნებული სიცრუე, - ცილისწამება, რომელიც ზოგჯერ სიმართლის სახელით ვირტუოზულად ისე არის შებურვილი, რომ მსმენელს, თავდაპირველად მაინც, შეცდომაში შეიყვანს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საშობაო ეპისტოლეშია აღნიშნული. "ამის მოქმედთ, ალბათ, ჰგონიათ, რომ რაკი სხვასზე ფიზიკურად არ ძალადობენ და სხეულის დაზიანებას არ აყენებენ, ეს დანაშაული უმნიშვნელოა, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. სიტყვას უჩვეულო ძალა აქვს, - როგორც დადებითი, ისე უარყოფითი, რადგან მას ქმნადობის უნარი გააჩნია. არის სიტყვა სიცოცხლის მომნიჭებელი და სიტყვა - სიკვდილის ტოლფასი. ამასთან, არცერთი ჩვენი ნათქვამი არ ქრება და იგი ჩვენი მამხილებელი იქნება ღვთის წინაშე. თითოეული დღე, საათი და წუთი აღბეჭდილია ჩვენი კარგი ან ცუდი ქმედებით, კარგად ან ცუდად მეტყველებით. დროს ვერ დავაბრუნებთ და მასში ვერც ჩვენს ნაკვალევს წავშლით, თუ სინანული არ გვექნა. გულწრფელი, ღრმა სინანული, აღსარება და ზიარება ღვთისგან ნაწყალობევი ის საიდუმლოებებია, რომელთაც ძალუძთ მთელი ჩვენი განვლილი არასწორი ცხოვრების და მისი შედეგების აღმოფხვრა, ცოდვის წარხოცვა და ახალ ადამიანად ჩვენი გარდაქმნა, განწმენდა და სულიერი ამაღლება", - აღნიშნულია ეპისტოლეში.