მსოფლიო პატრიარქი მართლმადიდებელ ეკლესიებს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობისაკენ მოუწოდებს

2019-01-04 21:01:57
309

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელ ტომოსზე ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიებისადმი მიმართვა გამოაქვეყნა. პატრიარქი მთელი მსოფლიოს მართლმადიდებლებს მოუწოდებს, სცნონ უკრაინის ახალი ეკლესიის დამოუკიდებლობა.

როგორც მიმართვაშია ნათქვამი, ბართლომე ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს 6 იანვარს კიევის ახალ მიტროპოლიტს ეპიფანეს გადასცემს.

გასული წლის 15 დეკემბერს კიევში გაიმართა საეკლესიო კრება, რომელზეც კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ახალ სტრუქტურად გაერთიანდნენ. მათ საფუძველზე შექმნილი ეკლესია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს არის მიკუთვნებული. ახალი ეკლესიის მიტროპოლიტი 39 წლის ეპისკოპოსი ეპიფანე გახდა.

პოროშენკომ ახალი ეკლესიის შექმნას ისტორიული მოვლენა უწოდა. ხოლო კრემლი, ისევე როგორც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, მკაცრად აკრიტიკებს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის შესახებ გადაწყვეტილებას.