2019 ემიგრაციაში: „ვცდილობთ, ქართული ტრადიციის მიხედვით შევხვდეთ, მაგრამ არ იგრძნობა აქ ახალი წელი“

2019-01-02 19:23:59
871

ბევრი ქართველი ემიგრანტი ახალ 2019 წელს იტალიაში შეხვდა. როგორც ქართველმა ემიგრანტებმა „აქცენტთან“ საუბრისას განაცხადეს, ცდილობენ, ახალი წელი  ქართული ტრადიციების მიხედვით აღნიშნონ. ირკვევა, რომ გოზინაყი საახალწლო სუფრის განუყრელი ატრიბუტია და ბედობას მეკვლეც ჰყავთ.

რაც შეეხება სურვილებს, მთავარი სურვილი, რომლის ასრულებასაც თოვლის პაპას სთხოვენ, სამშობლოში დაბრუნებაა.

როგორც ჩვენმა ერთ –ერთი რესპონდენტი ზ. ლ. გვიყვება, უკვე 12 წელია ოჯახთან ერთად იტალიაში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის 6 წევრიდან თითქმის ყველა სხვადასხვა ქალაქში მუშაობს, ახალ წელს ყველა ერთად ხვდება. ბედობას მეკლვლეც ჰყავთ.

„ქირით ვცხოვრობთ. ყველა ვმუშაობთ, მე და ჩემი მეუღლე მაქსიმალურად ვცდილობთ, ქართულ ტრადიციებს არ ვუღალატოთ. მეკვლე გვყავდა ბარბარობასაც და დღესაც. ქართველები არიან. სუფრაზე აუცილებლად გვაქვს, საცივი, ხაჭაპური და გოზინაყი, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა არ იგრძნობა აქ ახალი წელი... იმედი მაქვს, რომ მალე დავბრუნდები ჩემს საქართველოში“, – გვიყვება ზ. ლ.

საქართველოში წლობით უნახავი ახლობლებისა და ნათესავების ნახვაზე ოცნებობს ნ. ჩ., რომელიც უკვე 8 წელია, იტალიაში ცხოვრობს.

„ვცდილობ ტრადიციულად შევხვდე დამდეგს. აქ იტალიელი ოჯახების უმეტესობა რესტორნებში მიდის, რაც შეეხება ქართველ ემიგრანტებს, ჩვენ (რა თქმა უნდა, უმეტესობას) გვიწევს იმ ოჯახში აღნიშნვა, სადაც ვმუშაობთ. შეძლებისდაგვარად ვახერხებთ. მაგალითად, მე ისეთ ოჯახში ვმუშაობ, რომ არ ვარ შეზღუდული ქართული ტრადიციის მიხედვით შევხვდე ახალ წელს და რა კერძიც მინდა ის გავაკეთო, მაგრამ, სამწუხაროდ, აქ მყოფ ბევრ ქართველს ამის საშუალება არ აქვს...

რაც შეეხება სურვილებს, ეს ჩემს სახლში დაბრუნება და ჩემი ოჯახის გვერდით ყოფნაა“, – აცხადებს „აქცენტთან“ საუბრისას ნ. ჩ.

ცხინვალის ოკუპირებული რაიონიდან დევნილი ლ.კ. იტალიაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, თუმცა როგორც გვიყვება, სამსახურის გამო შვილებთან ახალი წლის აღნიშნვას ყოველთვის ვერ ახერხებს.

„მე ცხინვალიდან დევნილი ვარ. 11 წელია უკვე, იტალიაში ჩემს ოჯახთან – შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ვცხოვრობ.  გული მტკივა, რომ სამსახურის გამო ზოგჯერ ვერ ვახერხებ ჩემეთან ყოფნას. მოხუცს, რომელსაც ვუვლი, ვერ ვტოვებ მარტო სახლში.  საახალწლო სუფრისთვის ყოველთვის ვამზადებთ გოზინაყს,  ხაჭაპურს, საცივს... მაგრამ რაღაც სულ მაკლია... აი, ის ქართულად რასაც ქვია: სუფრა, სიტკბო, სითბო და სიყვარული და მთავარი – ჩემი ქვეყანა მაკლია“, – აცხადებს „აქცენტთან“ საუბრისას ლ.კ.

ჩვენმა რესპონდენტებმა ახალი წელი ყველას მიულოცეს და თოვლის პაპას ქართველი ემიგრანტების სურვილების ასრულება კიდევ ერთხელ სთხოვეს.

ქართველი ემიგრანტების საახალწლო სურვილების ამსახველი ბარათები რომში და ნეაპოლში დადგმულ ნაძვის ხეებზეც არის განთავსებული [ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება]: