ძიუდოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

2018-12-31 15:09:27
320

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი განცხადებას ავრცელებს: 

"როგორც გულშემატკივარს მოეხსენება, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ირგვლივ არსებული აზრთა სხვადასხვაობა, მიუხედავად ჩვენი არაერთგზის მცდელობისა, სამწუხაროდ დღემდე არ არის აღმოფხვრილი. ძიუდოს ფედერაციის გადაწყვეტილებით სიტუაციის დასარეგულირებლად შემუშავებულ იქნა სპეციალური ფორმატი, რომელსაც ყრილობის დელეგატების გარდა დაესწრება ყველა ვეტერანი ძიუდოისტი, ვისაც ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული აქვს ნებისმიერი სინჯის მედალი, აგრეთვე ყველა დამსახურებული მწვრთნელი. რაც შეეხება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ოლიმპიური კომიტეტისა და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის წევრებს თითოეული მათგანი მოწვეული იქნება დამკვირვებლის სტატუსით. აღნიშნულ სხდომაზე მსჯელობა შეეხება ყველა სადაო საკითხს, თითოეულ წევრს მიეცემა საშუალება გამოხატოს საკუთარი აზრი და მონაწილეობა მიიღოს საკითხის გადაწყვეტაში. სხდომა წარიმართება კომისიის ფორმატში და საჭიროების შემთხვევაში სხდომაზე გაცემული იქნება რეკომენდაციები, რომელიც წარედგინება ფედერაციის შესაბამის ორგანოებს. სხდომის ჩატარების სავარაუდო ვადად განისაზღვროს 2019 წლის 12 იანვარი".