საგარეო პოლიტიკა 2018: გამოწვევები და მიღწევები

2018-12-30 15:43:22
602

საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს შორის ისევე როგორც წინა წლებში, 2018 წელსაც უცვლელი და მტკიცე იყო ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსი. მთავარ გამოწვევად კი კვლავ არაღიარებასა და დეოკუპაციაზე ზრუნვა რჩება.


ევროკავშირში ინტეგრაცია


ტრადიციულად, 2018 წელსაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არაერთი ხმამაღალი განცხადება გაკეთდა, რომ ქვეყნის საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა, თუმცა ამ მიმართულებით ხელშესახები შედეგები დღემდე არ გვაქვს.

მიუხედავად ამისა, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ  2018 წელი საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის კუთხით საკმაოდ წარმატებული იყო.

კერძოდ, როგორც დავით ზალკალიანმა 27 დეკემბერს წლის შემაჯამებელ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა:

„შეიქმნა ევროკავშირი-საქართველოს უმაღლესი დონის, უპრეცედენტო ფორმატი, რომელიც ევროკავშირმა მხოლოდ საქართველოსთან ჩამოაყალიბა; 2018 წელს ხელი მოეწერა ორ საფინანსო შეთანხმებას, რომლებიც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ჯამში 97 მლნ ევრომდე დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს. ასევე განისაზღვრა ევროკავშირის დახმარების ოდენობა 2018 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს 134 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფას. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებიდან პირველად საქართველოში გაიხსნა ევროპული სკოლა“.

ამ დრომდე ევროკავშირთან თანამშრომლობის ყველაზე დიდ მიღწევად (2017 წლის 28 მარტიდან) საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის უფლება მინიჭება რჩება. მართალია, ევროკომისიის მიერ შემუშავებულ უვიზო მიმოსვლის შეფასების მეორე ანგარიშში, შეჩერების მექანიზმის მიმართულებით სადღეისოდ ვითარება სტაბილურად არის მიჩნეული, თუმცა დოკუმენტში აღნიშნულია,  რომ 2018 წლის პირველ ნახევარში შენგენის ზონაში უკანონოდ დარჩენის ფაქტები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა, გაორმაგებულია თავშესაფრის მოთხოვნაზე განაცხადთა რაოდენობაც. ამასთან, ევროკავშირის ქვეყნებში ქართული ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებების საქმიანობა კვლავ შეშფოთების საგნად რჩება.

როგორც ევროკომისია აღნიშნავს, საქართველოს მიერ  სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოთხოვნების შესრულება გრძელდება, თუმცა დგას რამდენიმე კონკრეტულ სფეროში მოქმედების, ზოგ შემთხვევაში - გადაუდებელი, საჭიროება:

იმ ქვეყნებთან ოპერატიული თანამშრომლობის გაძლიერება, სადაც საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის დაუსაბუთებელი მოთხოვნის მაჩვენებელი ოდნავ შემცირდა; სასაზღვრო კონტროლის გაძლიერება; უვიზო მიმოსვლის უფლებებზე და ვალდებულებებზე საინფორმაციო კამპანიის ორგანიზების გაგრძელება; ქართული ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლისთვის სამართალდამცველ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების გაგრძელება; დანაშაულის ანალიზის ერთიანი სისტემის შექმნა; ანტიკორუფციული ჩარჩოს გაძლიერების გაგრძელება.

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ საგარეო უწყება NATO-ს და ევროკავშირის მიმართულებით ნამდვილად აკეთებს ყველაფერს, რაც შესაძლებელია ამ ეტაპზე.

„ძნელია იმაზე საუბარი, რომ რაღაც არ გაკეთდა იმიტომ, რომ ჩვენმა დიპლომატებმა ძალისხმევა დააკლეს. ევროკავშირთან უმაღლესი დონის დიალოგი დაარსდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასოცირებულ ქვეყნებში ამ თვალსაზრისით ყველაზე წინ ვართ. „აღმოსავლეთ პარტნიორობაში“ პრაქტიკულად ყველგანაა ნახსენები, რომ საქართველო რეფორმების მხრივ ლიდერია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის. უკრაინა, მოლდოვა და საქართველო დაწინაურებულები ისედაც არიან ასოცირების თვალსაზრისით, მაგრამ თვლიან, რომ ამ ქვეყნებიდან საქართველოს ყველაზე ნაკლები პრობლემები აქვს და ეს პრობლემები ისეთ მიმართულებებს ეხება, რომელსაც საგარეოს ვერ დავაბრალებთ. მაგალითად, აღნიშნავენ, რომ სასამართლოს რეფორმა არ არის ჯერ კარგად დასრულებული, პროკურატურის რეფორმა რომ არ არის ჯერ კარგად დასრულებული. რა თქმა უნდა, საერთო ჯამში, ეს ყველაფერი ზემოქმედებას ახდენს და დიპლომატებს შემდეგ უჭირთ იმ შედეგის დადება, რომელიც შეუძლიათ, რომ დადონ“, – განუცხადა „აქცენტს“ კახა გოგოლაშვილმა.

ანალიტიკოსი საგარეო უწყების კრიტიკის საფუძველს უფრო სხვა მიმართულებებით ხედავს. კერძოდ, თურქეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან ურთიერთობების თვალსაზრისით:

„მაგალითად, აზერბაიჯანთან და სომხეთთან ურთიერთობების თვალსაზრისით ალბათ, მეტის გაკეთება შეიძლება. თუმცა ეს მარტივი არ არის. ვიცით, რომ სომხეთი რუსეთის გავლენის ქვეშ არის მნიშვნელოვნად. ის ჩვენი ახლო მეზობელია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ჩვენს რეზოლუციებს არ უჭერს მხარს საერთაშორისო არენაზე და ეს დასანანია. მაგრამ მეორეს მხრივ არსებობს, რაღაც პოლიტიკური პოლარიზება. აზრბაიჯანთან შეიძლება, გავაკრიტიკოთ იმ კონტექსტში, რომ რაღაც დათმობებს აქვს ადგილი. მაგალითად, მუხთრალი საქმის გამოძიების პროცესი, ეს ძალიან შავ ლაქად გვაზის და ამის გამართლება საერთაშორისო არენაზე ცოტა რთულია.  არ არის გავლებული აზერბაიჯანთან ის ხაზი, რომელსაც ჩვენ გვეცოდინება, რომ აზერბაიჯანი არ გადმოკვეთავს არავითარ შემთხვევაში.

თურქეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და შეიძლება ითქვას, რომ ბალანსი გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ თავად თურქეთი გახდა დასავლეთისთვის რაღაც უხერხული პარტნიორი. ასეთ ვითარებაში თურქეთთან ურთიერთობების შენარჩუნება და ამავე დროს დასავლეთის სრული მხარდაჭერა ძალიან რთული საქმე, მაგრამ პრინციპში ჯერ–ჯერობით ამას ჩვენ თავს ვართმევთ.  ზოგადად, ჩვენ ცოტა დაუცველები ვართ თურქეთის მიმართ იმიტომ, რომ გააჩნია ანკარა როგორ გააგრძელებს თავის პოლიტიკას, რა იქნება მისი შემდგომი ნაბიჯები, რამდენად დაუპირისპირდება დასავლეთს, თუ დაუპირისპირებას ექნება ადგილი, ჩვენ არ ვიცით ჯერ ეს ხომ? და ამ კონტექსტში სტრატეგია მე მგონი, შესამუშავებელია. ჩვენ არ ვიცით საგარეო უწყებას აქვს თუ არა ხედვა ამ მიმართულებით. აქვს თუ არა სიგნალები მიწოდებული თურქული მხარისთვის, რომ სად არის ის წითელი ხაზი, რომლის იქეთაც ჩვენ რაღაცეებს არ მოვითმენთ".

 

NATO-ში ინტეგრაცია


ევროპულ მისწრაფებებთან ერთად 2018 წელს დღის წესრიგში კვლავინდებურად უცვლელად იდგა ევროატლანტიკური მისწრაფებებიც.

მართალია, ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, აღნიშნულია 2008 წლიდან დღემდე არსებულ ალიანსის სამიტების ყველა კომუნიკეში, თუმცა ჯერ ისევ უპასუხოდ რჩება შეკითხვა - როდის გახდება საქართველო ალიანსის წევრი.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა წლის შემაჯამებელ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, „საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებდა ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ქვეყნის NATO–ში გაწევრიანების მიმართულებით:

„პირველად NATO–საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში, ჩვენ გვქონდა უპრეცედენტო ფორმატი –  ბრიუსელის სამიტზე საქართველო წარმოდგენილი იყო სახელმწიფოს მეთაურების შეხვედრის დონეზე და თემატიკა, რომელიც მიძღვნილი იყო საქართველოს და უკრაინის საკითხებისადმი უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ის იყო ფოკუსირებული შავ ზღვაზე უსაფრთხოების მიმართულებებზე. უნდა აღინიშნოს, რომ შედეგების თვალსაზრისითაც ეს სამიტი იყო გამორჩეული, რადგან უმაღლეს დონეზე პირველად იქნა მიღებული შინაარსობრივი თვალსაზრისით და მოცულობის კუთხით, მნიშვნელოვანი დოკუმენტი - დეკლარაცია, რომელშიც ასახულია საქართველოს NATO–ში ინტეგრაციის ყველა ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება და უაღრესად პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები. აღსანიშნავია, რომ პრაქტიკული განზომილების თვალსაზრისითაც ამ დოკუმენტში გვაქვს ხელშესახები შედეგები“.

მისივე თქმით, 2018 წლის განმავლობაში საგარეო უწყებამ ევროპასთან და NATO-სთან ინტეგრაციის მიმართულებით "მაქსიმუმი გააკეთა, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა".

კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ NATO-სთან ურთიერთობების თვალსაზრისით დიპლომატიამ მიაღწია იმას, რომ ალიანსი ყველგან ყველა სამიტზე ახსენებს საქართველოს.

„ის ყველაზე მეტჯერ არის ნახსენები რუსეთის შემდეგ, თუმცა ამ უკანასკნელისგან განსხვავებით ყოველთვის დადებით კონტექსტში. ეს მნიშვნელოვანია, რომ ისინი ცდილობენ დაგვანახონ და შეინარჩიუნონ ჩვენთან ეს პერპექტივა.

ჩვენ გვინდა, მოგვანიჭონ წევრობის სამოქმდო გეგმა (MAP ), მაგრამ ალიანსის ისეთი მოკავშირები, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ნიდერლანდები თავს იკავებენ და მათი თავშეკავება ძნელი გადასალახია. ამაში მარტო ჩვენს დიპლომატებს ნამდვილად ვერ დავადანაშაულებთ. ვიცით რამდენად ხისტი პოზიციები უკავია რუსეთს. ყველაფერს უნდა თავისი დრო და როცა ეს დრო მოვა, მაშინ თუ არ გადადგი ნაბიჯი, შეგიძლია, გააკარიტიკო. მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვნახავთ მიზეზს, რომ რაღაცის გაკეთება შეიძლებოდა და საგარეო უწყებამ ეს არ  გააკეთა“, – განაცხადა ექსპერტმა.

 

საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებები, დეოკუპაცია და არაღიარების პოლიტიკა

ისევე როგორც წინა წლებში, 2018 წელსაც გრძელდებოდა საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვის ფაქტები, მავთულხლართების მონტაჟი, ადამიანთა გატაცებები, უკანონო დაკავებები, მკვლელობები. 

უკიდურესად შემაძრწუნებელი ფაქტი იყო არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა. საქართველოს 35 წლის მოქალაქე ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში 22 თებერვალს მოკლეს, ნაწამები ცხედარი შინაგანი ორგანოების გარეშე სოფელ წილკანში მცხოვრებ ოჯახს მხოლოდ 26 დღის შემდეგ, 20 მარტს გადაეცა. მანამდე ტატუნაშვილის გვამიდან ოკუპანტებმა გული, ტვინი და ღვიძლი ამოიღეს, „ექსპერტიზაზე“ რუსეთის ქალაქ როსტოვში გადააგზავნეს და აღარ დაუბრუნებიათ.

21 მარტს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ. სიაში რიგ სხვა პირებთან ერთად საქართველოს მოქალაქეების – გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელებიც ფიგურირებენ.

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის გამო რუსეთის ფედერაციისა და მის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების დე ფაქტო მთავრობების წარმომადგენლებმა გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები ჩაშალეს. ერგნეთში შეხვედრა მიმდინარე თვეში 3-თვიანი პაუზის შემდეგ განახლდა, რაც შეეხება გალს, ბოლო შეხვედრისან დაახლოებით 6 თვე გავიდა და ჯერ კიდევ უცნობია განახლდება თუ არა ეს ფორმატი.

საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიული საოკუპაციო პოლიტიკა და დესტრუქციული ქმედებები არაერთხელ აისახა მსოფლიო ლიდერების განცხადებებსა თუ საერთაშორისო დოკუმენტებში:

საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი მიმდინარე წელს რამდენჯერმე იყო განხილული გაეროს უშიშროების საბჭოს ფორმატებში; 81-მდე გაიზარდა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მიერ ინიცირებული ყოველწლიური რეზოლუციის „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ მხარდამჭერთა რაოდენობა; ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1315-ე სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომელშიც კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ; ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ 27-ე სესიის ფარგლებში მიიღო რეზოლუცია რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით, ასევე ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მიერ გაკეთდა შესაბამისი განცხადება; ომის ათი წლისთავზე საქართველოს ესტუმრნენ ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის ვიცე-პრემიერი; ამოქმედდა აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი, რომელიც აშშ-ის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარების გამო ფინანსური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს; საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციები იქნა მიღებული მათ შორის ევროპარლამენტის, ირლანდიის სენატის, ლიეტუვას და პოლონეთის სეიმების მიერ.

განსაკუთრებით საყურადღებოა ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ", რომელიც შეიძლება, შეფასდეს როგორც დიპლომატიური გარღვევა.

კერძოდ, გარდა იმისა რომ რეზოლუცია შეიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მხარდამჭერ მნიშვნელოვან გზავნილებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლად აცხადებს რუსეთს - პრაქტიკული სიახლე ისაა რომ რეზოლუციაში პირდაპირაა საუბარი „ოთხოზორია ტატუნაშვილის“ სიაზე.   დოკუმეენტის თანახმად, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს რომ ამ სიის ფიგურანტები - ვინც პასუხისმგებლები არიან ადამიანის უფლებების დარღვევებზე და დანაშაულის დაფარვაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სანქციების პაკეტებში შეიყვანონ.

წინა წლებთან შედარებით, არაღიარების მიმართულებით წარუმატებელი აღმოჩნდა 2018 წელი. მიმდინარე წლის მაისში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა სირიამაც აღიარა.

სადღეისოდ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა რუსეთს, სირიას, ნაურუს, ნიკარაგუას და ვენესუაელას აქვს აღიარებული. რაც შეეხება ვანუატუს და ტუვალუს, ამ კუნძულოვანმა სახელმწიფოებმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა 2011 წელს აღიარეს, თუმცა, მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება გააუქმეს.

როგორც კახა გოგოლაშვილი აცხადებს, დეოკუპაციისა და არაღიარების კუთხით ძალისხმევა, „არის ალბათ, ერთადერთი მიმართულება, რომელზედაც შეიძლება, რაღაც ეჭვები გამოვთქვათ“.

„წელს მოხდა სირიის მიერ აღიარება, მაგრამ მე ამაში ჩვენს მთავრობას ბრალს ვერ დავდებ, რადგან სირიის რეჟიმი თავისთავად არის იზოლირებული საერთაშორისო თანამეგობრობისგან, ის ყველაფერს გააკეთებს დასავლეთის საწინაღმდეგოს. მისთვის ეს აღიარება ერთ–ერთი დარტყმა იყო ვთქვათ, იგივე დასავლეთისთვის. ჩვენ რატომ არ გავატარეთ ისეთი პოლიტიკა, რომლის საფძველზეც სირია თავს შიეკავებდა? ამ შემთხვევაში შეიძლება, რაღაცეებზე ვისაუბროთ, მაგრამ მაინც ბოლომდე ვერ დავადანაშაულებ. იქ იმდენად დიდია რუსეთის გავლენა, რომ თუ რუსებს ეს სჭიდებოდათ, მაშინ აღიარებდნენ. ვფიქრობ, რუსეთის ძალისხმევა რომ არ ყოფილიყო, სირიას შეიძლება, არც ეღიარებინა, რადგან თავად აქვს სეპარატიზმის პრობლემები და ლოგიკურად არ უნდა ეღიარებინა“, – განაცხადა ექსპერტმა.

მისივე თქმით, არაღიარების კუთხით მოწყვლადია ყველა ქვეყანა, მათ შორის ლათინური ამერიკის რიგი ქვეყნები, რომელთაც ანტიდასავლური სენტიმენტები აქვთ და მისი ინფორმაციით, ქართველი დიპლომატები ამ ქვეყნებთან მუშაობენ.

ექსპერტი, ქვეყნის სავიზო პოლიტიკას აღიარების პრევენციას უკავშირებს:

„მე გავაკრიტიკებდი ჩვენს სავიზო პოლიტიკას, ვფიქრობ, ძალიან ბევრ ქვეყანასთან გვაქვს უვიზო მიმოსვლა, დღეს როცა მიგრაციული რისკები იზრდება თავისთავად ეს ცოტა სარისკო და დამაზიანებელი შეიძება იყოს,  მაგრამ მეორეს მხრივ, ვფიქრობ, ეს არის შედეგი სწორედ იმისა, რომ ჩვენ გვიწევს რაღაცის რაღაცაზე გაცვლა. ანუ ქვეყნებისთვის, რომლებსაც არაფერი არ უღირთ, რომ აღიარონ ოკუპირებული რეგიონები, გვჭირდება რაღაცის დათმობა და ეს შესაძლოა, იყოს უვიზო რეჟიმი. ესეთი მუშაობა დაფარულად მიმდინარეობს, და მე ფაქტებს ვერ მოვიყვან, მაგრამ ჩემი აზრით, ეს უკავშირდება არაღიარების პრევენციას“.

სამწუხაროდ, დეოკუპაციის მიმართულებით დღემდე არანაირი წინსვლა არ არის. პირიქით, საოკუპაციო ხაზი თანდათან შემოდის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღმეში. ქართული მხარის საპასუხო ნაბიჯი რუსეთის მიმართ ისევ „თმენის პოლიტიკაა“. თუმცა ეს პოლიტიკა მისაღები არ არის რიგი სამოქალაქო ჯგუფებისთვის, კერძოდ, უკვე ბოლო 2 თვეა ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ საოუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში უწყვეტად პატრულირებს და მათდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სამოქალაქო პირებმა კონკრეტულად ამ ლოკაციაზე მავთულხლართების დამონტაჟების პროცესის შეჩერება შეძლეს.

კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ სამოქალაქო აქტივობა მისასალმებელია, „მაგრამ, რა თქმა უნდა, რაღაც ზღვარზე, რადგან არ შეიძლება, დავუშვათ რაიმე პროვოკაცია“:

„ჩემი აზრით, სახელმწიფო ამ აქტივობაში პირდაპირ ვერ ჩაერთვება, მაგრამ ხელი არ უნდა შეუშალოს. ეს აქტივობა ხელშსაწობი ალბათ არის, მაგრამ როგორ, მე გამიჭირდება ამის თქმა. აქ რომ დადგინდეს, რომ ამაში სახელმწიფოა ჩართული და მისი დაფინანსებით ხდება, ამას ძალიან დიდ კუდს გამოაბამენ. ეს დაძაბავს ურთიერთობებს კიდევ უფრო“.

ნეგატიურ პროპაგანდასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლა

საგარეო უწყების ერთ – ერთი გაცხადებული პრიორიტეტი ნეგატიურ პროპაგანდასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლაა. კერძოდ, როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, დიპლომატიური ინსტრუმენტების მეშვეობით, განხორციელდება კონტრზომები საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის, დეზინფორმაციისა და არასწორი სტერეოტიპების წინააღმდეგ.

მინისტრს წლის შემაჯამებელ პრეს–კონფერენციაზე არ დაუსახელებია, რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა უწყებამ ამ მიმართულებით. თუმცა ერთი რამ ფაქტია, რომ ისევე როგორც მსოფლიოში, საქართველოშიც თანდათან მძლავრდება რუსული პროპაგანდა და ულტრანაციონალისტური განწყობები. კითხვაზე, რამდენად ადექვატურად პასუხობს საგარეო უწყება ამ გამოწვევას, კახა გოგოლაშვილი აცხადებს, რომ ამ კუთხით მუშაობა გასაძლიერებელია არა მარტო ევროკავშირის ქვეყნებთან, არამედ ჩვენს სხვა პარტნიორებთანაც, „რადგან შეიქმნას ერთიანი საინფორმაციო ფრონტი, რომელშიც საქართველო აქტიურად იქნება ჩართული“.

„საგარეოს სჭიდება იმ ქვედანაყოფების გაძლიერება, რომლებიც საინფორმაციო პოლიტიკაზე მუშაობენ, აქ არა მარტო „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს“ ვგულისხმობ, არამედ კიდევ უფრო მეტი დაფინანსებაა საჭირო იმისთვის, რომ საგარეო ასპარეზზე მოხდეს უფრო მეტი ინფორმირება საერთაშორისო საზოგადოების და მეტი თანამშრომლობა კონრეტულ სქემებზე, რომელიც საბოლოო ჯამში წინ აღუდგება საინფორმაციო და ჰიბრუდული ომის ამ საფრთხეებს. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი“, – დასძინა ექსპერტმა.

 

ავტორი: მარიკა ჩუბინიძე