„მისი მუქარა შეეხო ჩემ ოჯახს, რომლის განადგურებითაც დამემუქრა“

2018-12-28 17:16:18
1697

ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ერთ–ერთი ლიდერი დავით ქაცარავა წერს, რომ მას და მის ოჯახს ემუქრებიან.  

როგორც ქაცარავა ამბობს, მუქარა არაერთხელ მიიღო და ეს ანტისაოკუპაციო აქტივობებს უკავშირდება:

„2017 წლის 23 ივლისამდე, იმ დღემდე, როდესაც პირველ საპატრულო ჯგუფთან ერთად გავიდოდი პატრულირებაზე საოკუპაციო ზონაში, ვცხოვრობდი მშვიდად, ავად თუ კარგად, ვაკეთებდი ჩემ საქმეს. 
23 ივლისმა კარდინალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება.
როდესაც მივიღე გადაწყვეტილება დამეწყო ანტისაოკუპაციო მოძრაობა, ვაცნობიერებდი რომ უამრავ მტერს შევიძენდი. ესეც მოხდა და ამაში არაფერი გასაკვირი არაა. მზად ვიყავი, ვარ და ვიქნები ყველას გავცე პასუხი ნებისმიერ მტრულ ქმედებაზე. საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი. 
მაგრამ დღეს საქმე ეხება მუქარას ჩემი ოჯახის მიმართ და მხოლოდ ამიტომ გადავწყვიტე საჯაროდ დამეფიქსირებინა ჩემი პოზიცია და გადაწყვეტილება, მით უმეტეს, რომ ის ადამიანი (საჯაროდ შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, რამდენადაც მიუღებელი არ უნდა იყოს ეს ადამიანი ჩემთვის) თავის ფეისბუქ–სივრცეში აქვეყნებდა შეურაცხმყოფელ „სქრინებს“ ჩვენი მიმოწერიდან, სადაც ჩემი პასუხები არ ჩანდა.
მისი მტრული დამოკიდებულება გამომდინარეობს იმ ანტისაოკუპაციო აქტივობიდან, რომელსაც მე და ჩემი მეგობრები ვაწარმოებთ ბოლო 18 თვის განმავლობაში და ზუსტად ეს გახდა ამ ადამიანის გაღიზიანების და მტრობის მიზეზი. 
მისი მუქარა შეეხო ჩემ ოჯახს, რომლის განადგურებითაც ის ადამიანი დამემუქრა. დამემუქრა არაერთხელ და გარკვევით!..“