ვიდეო ▶ ყოფილი პროკურორი და მოსამართლე: „ჩემზე იყო ზეწოლა“

2018-12-28 16:42:51
487

თბილისის ყოფილი პროკურორი, ყოფილი მოსამართლე მაია მწარიაშვილი ფიქრობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკუთარ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებს. ამის შესახებ მან საბჭოს მიერ პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატის წარდგენის შეფასებისას განაცხადა.

მწარიაშვილი პროცედურებზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ იუსტიციის საბჭოს სასამართლო ჯგუფური ხელისუფლება ჰქონია.

„პროცესს აქვს სამართლებრივი და მორალური მხარეები, მაგრამ ჩვენი პრეტენზიები ჯერ არის პროცედურებთან და შემდეგ კანდიდატებთან. რა პროცედურებით მოხდა წარდგენა? როდესაც იუსტიციის საბჭომ ამ პროცედურით წარადგინა 10 მოსამართლე, მას მხარდამჭერები ეგულებოდა პარლამენტშიც და თუ პროცესებს კარგად მიადევნებდით თვალს, განცხადებებით მხარდამჭერებსაც ამოიცნობდით. რატომ არის პროცედურები მნიშვნელოვანი ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში და განსაკუთრებით სასამართლოში – პროცედურებში ამოიცნობა ყველაფერი. იუსტიციის საბჭომ გამოგვიცხადა, რომ „ჩვენ გუნდში მოვითათბირეთ და აი, ამ კანიდატურეს გთავაზობთო“. მინდა გითხრათ, რომ

 

სასამართლო ხელისუფლება კატეგორიულად არ გახლავთ გუნდური ხელისუფლება. სასამართლო მთლიანად დგას კონკრეტული მოსამართლეების სამართლიან გადაწყვეტილებებზე და საზოგადოების ნდობაზე, ამ ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიმართ. იუსტიციის სამინისტროს კი ეს ჯგუფური ხელისუფლება ჰგონია.

 

ამ ქვეყანაში არაერთი ადამიანი საუბრობს, რომ სასამართლო ხელისუფლება იმართება გარკვეული კლანის მიერ და სწორედ ამ კლანმა შემოგვთავაზა მოსამართლეების კანდიდატურა ამ წესით. არ ვთვლი, რომ მეგობრებში მოთათბირებით წყდება კანდიდატურები. პროცესებთან დაკავშირებით ძალიან სწორი სამართლებრივი შეფასება გააკეთა სახალხო დამცველმა: ეს გახლდათ კონსტიტუციის და კანონის დარღვევით წარმოებული პროცედურა და პარლამენტმა კი არ უნდა გადაავადოს განხილვა, საერთოდ უარი თქვას ამ პროცედურით შემოთავაზებულ სიის განხილვაზე. რადგან კლანის შიგნით, სუფრაზე, წინა ღამეს, მეგობრებში და ძმაკაცებში კანდიდატების შერჩევა არ ხდება“,– აღნიშნავს მწარიაშვილი და მმართველი გუნდის, საკანონმდებლო ორგანოს პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას:

 

უხერხულია, როდესაც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები კანონის ხარვეზზე საუბრობენ, როდესაც ეს წესი, რომ კანდიდატები იუსტიციის საბჭომ უნდა წარადგინოს, უახლოეს წარსულში თავად შემოგვთავაზეს. ეს ვითარება თავად შექმნეს.

 

ყველა ქვემდგომი მოსამართლე, მინიმუმ, კონკურსის წესით ინიშნება და მათი დანიშნვის წესი ორგანურ კანონშია გაწერილი. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები მეგობრებში, გუნდში, ჯგუფში ან იუსტიციის საბჭოს კულისებში შესათანხმებელი საკითხი როგორაა? ეს გახლავთ იუსტიციის საბჭოს მიერ თავისად დაგულებული უფლებებით ბოროტად სარგებლობა“.

მწარიაშვილი სასამართლოს სისტემაში კლანის ჩამოყალიბების საწყის პერიოდს იხსენებს:  

„მე პროკურატურაში მუშაობა იმ პერიოდში მომიწია და იმ გადმოსახედიდან ვაკვირდებოდი, როგორ მოვიდა ეს კლანი სასამართლო ხელისუფლების სათავეში, თუმცა ადეიშვილის პირობებშიც სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე იყვნენ. ჩვენ ამ სისტემაში მაშინაც ვსაქმიანობდით და ვიცით, როგორ ვრცელდებოდა იმ რეჟიმის ძალაუფლება სასამართლოზე, როგორ ხდებოდა სასამართლოს მართვა. ნახეთ, რა არის მთელ ამ პროცესში ინდიკატიური: ძველი რეჟიმის დროინდელ მოსამართლეებს, ამჟამად იუსტიციის საბჭოში მოკალათებულებს, მათ შორის გვრიტიშვილსაც ეკითხებიან, თქვენზე თუ იყო ზეწოლაო. ისინი ერთხმად აცხადებენ, რომ არა, ისინი იყვნენ დამოუკიდებლები, მიუკერძოებლები და ფრთაშესხმული ანგელოზები. თუ ეს სასამართლო სისტემა მთლიანად ასეთი ფრთაშესხმული ანგელოზებით იყო დაკომპლექტებული და იდეალური მართლმსაჯულება გვქონდა, მაშინ ხელისუფლების ასეთი დრამატული ცვლა რამ გამოიწვია? იმ რეჟიმში სწორედ ეს არ მოგვწონდა, რომ არ გვქონდა სამართლის უზენაესობა, დამოკიდებელი მართლმსაჯულება, სამართლიანი სასამართლო, თორემ პრემიერ–მინისტრი ბახტაძე იქნებოდა თუ არა, მე ამისთვის 2012 წელს ხმა არ მიმიცია.

თუმცა იმ რეჟიმის მოსამართლეები, რომლებიც დღესაც აგრძელებენ მუშაობას, ურცხვად გვეუბნებიან, რომ მათზე არანაირი ზეწოლა არ იყო. მეც მოსამართლე გახლდით და ჩემზე იყო ზეწოლა. ასეთ მაგალითებზე შემიძლია საუბარი“.

მწარიაშვილი განმარტავს, რომ კლანის წევრები სადღეისოდ მომგებიან პოზიციაში არიან, რადგან ინდულგენციები უკვე „მოივაჭრეს“:

„მათზე ზეწოლას ახორციელებდა ის ხელისუფლებაც და ესეც. მათ ინდულგენციები ყველა მიმართულებით აქვთ გაცემული. ხელისუფლება ზოგადად საუბრობს, რომ იმართებოდა სასამართლო, მაგრამ კონკრეტიკამდე არ დადიან. ცხადია, ეს მათთვის [კლანისთვის] თავდაცვაა –

 

ათზე არ საუბრობს არც ის რეჟიმი და არც ეს ხელისუფლება. ასე დაიწყო კლანის ფორმირება. ხელისუფლების ცვლის პერიოდში – 2012 წლის შემდეგ მათ დაიწყეს სერიოზული ხელშეშლა. ისინი  მიზანმიმართულ დესტრუქციას ახორციელებდნენ სასამართლო გადაწყვეტილებების მიღების გზით. ჩემი დაკვირვებით, მათ ამის ხარჯზე მოივაჭრეს გარკვეული გარანტიები და მსახურების ფასად მიიღეს ის, რაც მიიღეს.

 

როდის აღშფოთდა ჩვენი საკანონმდებლო ორგანოს ნაწილი? როდესაც მათ ხმა უნდა მიეცათ, ან  – არა, თორემ სხვისი ხელით დანიშნული ჩინჩალაძე, მურუსიძე და ა.შ. მათ მოსწონთ. ჩინჩალაძე და გვრიტიშვილი გახლავთ ორი უდიდესი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეები.

საჯარო მოხელეები იტყუებიან, როდესაც ამბობენ, რომ სასამართლო წინა რეჟიმის მსგავსად ერთი ხელის მოსმით არ დაშალეს. ეს მოსამართლეები ვადის გასვლის შემდეგ დაინიშნენ ჯერ ვადით, შემდეგ უვადოდ, შემდეგ სასამართლოს თავმჯდომარეებად, შემდეგ პალატებისა და კოლეგიების თავმჯდომარეებად. თავადვე ნიშნავენ საკუთარ თავს, თავისინაირებს, საკანონმდებლო ორგანო მათ ამის უფლებას აძლევს და შემდეგ ხელს იბანს.

 

ჩვენი სასამართლო სისტემა მთლიანად დაკომპლექტებულია მურუსიძე–ჩინჩალაძის გემოვნებაზე. თუ ჩინჩალაძეს არ მოსწონხართ, მოსამართლე ვერასოდეს ვერ გახდებით მოსამართლე. დღეს ასეთი მოცემულობა გვაქვს“.

ყოფილი პროკურორი და მოსამართლე აღნიშნავს, რომ სადღეისოდ სისტემა სრულიად ჩაკეტილია:

„სისტემა იმდენად ჩაიკეტა, რომ ვერც მათ დანიშნვა–გათავისუფლებაზე მოახდენს ვინმე გავლენას, და უფრო მეტიც,

რომელიმე მოსამართლემ ღია აღებ–მიცემობა რომ გამართლოს სასამართლო დარბაზში, პასუხსიმგებაშიც ვერ მისცემთ და იცით რატომ? იუსტიციის საბჭოს ნებართვაა საჭირო. დაკავებაზე ზედმეტია კაპარაკი. დანარჩენმა მოსამართლეებმა იციან, რომ მათი მამა, ღმერთი, მარჩენალი და ყველაფერი არის იუსტიციის საბჭო და კლანის ეს ვერტიკალი და მათზე არიან დამოკიდებულები“ .   

ამავე თემაზე: როგორ ფორმირდნენ კლანები სასამართლოში და ვინ არიან წევრები