როგორ ფორმირდნენ კლანები სასამართლოში და ვინ არიან წევრები

2018-12-28 15:12:54
355

ოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი სასამართლო ქართული საზოგადოების ჯერ კიდევ 2012 წლის მთავარი დაკვეთა გახლდათ. სისტემამ გაიარა „რეფორმების ტალღები“, დაანონსებულია შემდეგიც, თუმცა თავად მმართველ გუნდშიც აღიარებენ, რომ სასურველ ევროპულბ სისტემამდე ჯერ კიდევ გრძელი მანილი გვაშორებს. დამოუკიდებლობის გზაზე კი გაჩნდა ახალი პრობლემები. კერძოდ, დაიწყო საუბარი სასამართლოში კლანების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაზე. ცოტა ხნის წინ სისტემამ კიდევ ერთხელ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება: იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10–კაციანი სია წარუდგინა. სიას, მისი შემადგენლობის გამო სამქოალაქო საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა, აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა თავად მმართველ უმრავლესობაშიც. საბოლოოდ პარლამენტმა საკითხის განხილვა ორი დღის წინ გადადო და უკვე გუშინ იუსტიციის საბჭომ კრიტიკის ქარცეცხლში არაერთგზის გატარებული მოსამართლე ლევან მურუსიძე, რომელსაც მინიმუმ სამი [მოლაშვილის, მიქიაშვილის, გირგვლიანის] საქმე უკავშირდება, სააპელაციო სასამართლოში უვადო მოსამართლედ განამწესა. მმართველი გუნდის რიგი წევრების მხრიდან გადაწყვეტილება პროვოკაციად, საბჭოს ერთ–ერთი წევრის მხრიდან კი „კლანის პასუხად“ შეფასდა.      

და მაინც, რა ხდება სასამართლოში, ვინ არიან ხსენებული კლანის წევრები, როგორ ფორმირდნენ, ამ და სხვა საკითხებზე „აქცენტი“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ  ნაზი ჯანეზაშვილს ესაუბრა.

– ქალბატონო ნაზი, ხშირად გვესმის განცხადებები სასამართლოში კლანების არსებობის თაობაზე. უშუალოდ თქვენც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილება, ლევან მურუსიძის უვანო მოსამართლედ გამწესების თაობაზე, პარლამენტისადმი კლანის პასუხად შეაფასეთ. საზოგადოებისთვის უფრო აღქმადი რომ იყოს, შეგვიძლია, ვისაუბროთ, ვინ არიან კლანის წევრები და როგორ ფორმირდა ეს ჯგუფი სასამართლოს წიაღში?

გუშინ, გასაუბრებაზე ლევან მურუსიძეს დავუსვი კითხვა ამის შესახებ. აქამდე ამის შესაძლებლობა არ მქონდა. მინდოდა, თავად ესაუბრა ამ საკითხზე, და მან თქვა, რომ ის არის სასამართლო სისტემის ლიდერი, მაგრამ კლანი არ არსებობს. როდესაც იგი ამბობს, რომ არის სასამართლოს ლიდერი, რისი ლეგიტიმაციაც, ბუნებრივია, მას არ გააჩნია, ეს სასამართლო სისტემაში კლანის არსებობის აღიარებაა. ეს არ იყო შეცდომით წამოცდენილი ფრაზა, ან მიამიტურად ნათქვამი წინადადება: მან ეს ფრაზა რამდენჯერმე ხაზგასმით გაიმეორა.  ამასთან, მოსამართლეებმა გუშინ ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კითხვები არ დაესვათ მისთვის და არც დაუსვამთ. ფორმატი, რა თქმა უნდა, მანამდე იყო შეთანხმებული. და მთელი ეს გუშინდელი პროცესიც ნათლად მოწმობდა, რომ სასამართლო კლანის ხელშია. განვმარტოთ, რას ნიშნავს ეს – მოსამართლეები წლების განმავლობაში იყვნენ დავალებების შემსრულებლები, ბუნებრივია, არა ყველა, მაგრამ ძალიან დიდი ნაწილი. ჯამში, ასეთი ფონი იყო. იმ პერიოდში მოსამართლეები გარდა იმისა, რომ მოსამართლეები იყვნენ, არ წარმოადგენდნენ სხვა ძალაუფლების მქონე პირებს, მათ არ ჰქონდათ ლიდერობა, რაზეც მურუსიძე გუშინ საუბრობდა. უკანასკნელი წლების განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა, რომ სასამართლო გამხდარიყო დამოუკიდებელი – მოსამართლეებმა მართლაც სერიოზული საკანონმდებლო გარანტიები მიიღეს – უვადოდ დანიშნვა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და ა.შ. მაგრამ ამავდროულად, საბჭოს და სასამართლოს სისტემის ანგარიშვალდებულება გახდა  ნულის ტოლფასი. საკანონმდებლო ცვლილებებით მიიღეს დიდი ავტონომია, რომელიც თავისთავად არ არის ცუდი, მაგრამ მოსამართლეებმა ეს გარემოება ბოროტად გამოიყენეს და მივიღეთ ის შედეგები, რასაც ბოლო ერთი კვირის გამავლობაში ვადევნებთ თვალს.

სასამართლო სისტემა თავის დროზე გახლდათ ორგანო, რომელიც იყო დავალებების შემსრულებელი, მაგრამ ახლა თავად იძლევა დაკვეთებს. მურუსიძემ ჩემს კითხვაზე მიპასუხა, „ჩვენც კი გვიკვირს ისეთი რაღაცეები გამოგვივიდა ბოლო 5 წლის განმავლობაშიო“.

ეს ხალხი მართლაც გაკვირვებულია. აქამდე ეუბნებოდნენ, „ეს გააკეთე, ეს გადაწყვეტილება მიიღეო“, ახლა თავად იძლევიან დაკვეთებს – „მე ეს მინდა კანონმდებლობაში, ეს ჩამიწერე“ და უწერენ. რატომ უწერენ? თავიდან ხდებოდა კეთილი მიზნებისთვის, აი, შემდეგ რა მოხდა, ეს მე არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ახლა საბჭო და სასამართლო სისტემა დაკვეთების გამცემი რგოლი გახდა. ამას პრაქტიკა მოწმობს და ეს რეალობაა.

– და რას წარმოადგენს ეს კლანი?

კლანი არის მოსამართლეთა ჯგუფი, რომლებიც ადრეც სხვადასხვა თანამდებობებზე იყვნენ წარმოდგენილები და როგორც კი შეიცვალა ხელისუფლება, შეიცვალა კანონმდებლობა, სისტემის შიგნით შემოიკრიბეს თანამოაზრეები და დაჰპირდნენ, „დაგიცავთ სისტემიდან გაშვებისგან და თუ ჩვენთან იქნებით, ჩვენც თქვენს გვერდით ვართ“. თავდაპირველად მოსამართლეები  ამ იდეის გარშემო გაერთიანდნენ. როდესაც გუშინ ლევან მურუსიძეს ვკითხე, „რატომ გაუშვით ღირსეული მოსამართლეები სისტემიდან?“, მან მიპასუხა, „ეს ხელს უწყობდა ერთიანობას“. რას ნიშნავს ეს? რატომ უნდა იყოს ერთიანობა სასამართლო სისტემაში? პირიქით, უნდა იყოს აზრთა სხვადასხვაობა. რაში სჭირდებათ ეს ერთიანობა, პოლიტიკური ორგანიზაციაა?

რეალურად, იდეა, რის გარშემოც ისინი გაერთიანდნენ იყო თანამდებობებზე უვადოდ დარჩენა და მათ ეს მიიღეს კიდეც. სადღეისოდ მოსამართლეების დიდი რაოდენობა უვადოდ არის დანიშნული.

– პერსონიფიცირება შეგვიძლია? სადღეისოდ ვის მიჰყავს პროცესები სასამართლოში?

ლევან მურუსიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს [უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე], მთავარი „ბოსი“ ეს უკანასკნელია...

გუშინ არ იგეგმებოდა ლევან მურუსიძესთან გასაუბრება. ეს სრულიად მოულოდნელად მოხდა. წინა საღამოს მივიღეთ ინფორმაცია და სასწრაფო რეჟიმში დანიშნეს გასაუბრება. რატომ? იმიტომ, რომ მთელი ერთი კვირის განმავლობაში ჩინჩალაძეზე კეთდებოდა აქცენტი და მურუსიძე გასაუბრებაზე მის დასაცავად გამოვიდა.

კლანის წევრები ასევე არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები: ირაკლი შენგელია, გიორგი მიქაუტაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი. ისინი ამას არც მალავენ. მათი ყველა მოქმედება, ყველა პასუხი, ქცევა ამის დასტურია.

– შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ვის ეკისრება?

პირველ რიგში, ცალსახად, კლანს, რადგან მათ საკანონმდებლო, დამოუკიდებლობის გარანტიები ბოროტად გამოიყენეს. მგონია, რომ მათ ხელისუფლება მოატყუეს და თავი შეაცოდეს. მაშინ იყო საუბარი, რომ მურუსიძე გახლდათ მსხვერპლი.

– თქვენ ამ კონტექსტში განიხილავთ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ მურუსიძე სისტემის მსხვერპლია?

შეაცოდეს თავი. მურუსიძის გუშინდელი გამოსვლაც იგივე იყო. აპელირებდა ისეთ საკითხებზე, რომ დამსწრე საზოგადოებაში ემოციები გაეღვიძებინა. საბოლოო ჯამში, ყველანი ადამიანები ვართ, ყველას ჰყავს ოჯახი და აქვს მისთვის მნიშვნელოვანი პირადი სივრცე. მისი ტონი, პათოსი მთლიანად იყო გაჯერებული ერთგვარი ემოციური შანტაჟით. ეს თავის დროზე გააკეთეს და ჰგონიათ, კიდე შეძლებენ. იმედს ვიტოვებ, რომ აღარავინ მოტყუვდება.

– შექმნილი ვითარებიდან სამართლებრივი გზით გამოსავალს რაში ხედავთ?

არსებობს გზები. ყველა დეტალზე საუბარს ახლა არ ვაპირებ, მაგრამ თუ ვინმეს ექნება სურვილი კონსულტაციების, რომ ძალიან სერიოზულად ვიმსჯელოთ გამოსავალზე, მზად ვარ, ჩემი ხედვები გავაცნო.

ზოგადად რომ ვთქვათ, გამოსავალი საკანონმდებლო ცვლილებებშია. ცვლილებებში, რომელიც კლანს შეზღუდავს.

კანონებში შესაბამისი მექანიზმების ჩადება შესაძლებელია, მთავარია, ნება არსებობდეს?

– ანუ საბჭოს ავტონომია ერთგვარად უნდა შეიზღუდოს?

დამოუკიდებლობა კი არ უნდა შეიზღუდოს, საზოგადოების ჩართულობა უნდა გაიზარდოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელიც დანიშნვას ეხება და შეიზღუდოს საბჭოს როლი. რადგან მე, როგორც საბჭოს არამოსამართლე წევრს, გარდა იმისა, რომ კითხვები დავსვა, არანაირი გავლენა არ მაქვს. მე მხარი რომც არ დავუჭირო, მათ საკმარისი ხმების რაოდენობა აქვთ და გადაწყვეტილებებს მაინც მიიღებენ. გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო ხმათა რაოდენობაც რომ შეიცვალოს, ესეც ბევრ რამეს შეცვლის. მე გარანტიას ვიძლევი, რომ აბსოლუტურად ობიექტური ვიქნები. მგონია, რომ რამის შეცვლა ოდნავ მაინც შევძელით, რადგან საზოგადოებამ ბევრი რამ დაინახა – რეალურად რა ხდება შიგნით. ჩვენ ვნახეთ, რომ საბჭოს 11–მა წევრმა მხარი დაუჭირა მურუსიძის უვანო მოსამართლედ გამწესებას, და მათ შორის 3 არამოსამართლე წევრი იყო.

– და ეს 3 არამოსამართლე წევრი ისევ მმართველი გუნდის მიერ არის არჩეული...

დიახ. სწორედ ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მათ თავის დროზე მკაცრი ტესტი გაევლოთ, რამდენად კეთილსინდისიერები და ობიექტურები იქნებოდნენ თავიანთ გადაწყვეტილებებში. გუშინ ვნახეთ, რომ ისინი აბსოლუტურად იდენტურ პოზიციაზე აღმოჩნდნენ, კითხვებიც არ დაუსვამთ.

უკაცრავად და, მიქაუტაძის [იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი] კაბინეტიდან არ გამოდიან და ეს უკვე ამაზრზენია ჩემთვის.

– გუშინდელი გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის რიგმა წევრებმა პროვოკაციად შეაფასეს, თუმცა ისევ უმრავლესობის მიერ არჩეულმა წევრებმა სწორედ მურუსიძეს მისცეს ხმა. ეს აღშფოთება როგორ უნდა გავიგოთ?

დგება დრო და ადამიანი მაინც თავად იღებს გადაწყვეტილებას, ვის დაუჭიროს მხარი. ხელს ძალით ვერავინ მოაწერინებს. გუშინ, თუნდაც არამოსამართლე წევრებს შეეძლოთ, რომ ობიექტურები ყოფილიყვნენ. ვისგან რა მითითება და დაპირება ჰქონდათ, არ ვიცი.

რაც შეეხება პროვოკაციას, რა თქმა უნდა, ეს კლანის პასუხია პარლამენტისადმი: პარლამენტმა ჩააგდო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი 10–კაციანი სია, ამ დროს მურუსიძე სასწრაფოდ გამოდის გასაუბრებაზე, ერთის მხრივ, ეფარება ჩინჩალაძეს, რომ ისევ მურუსიძის გვარი ტრიალებდეს საზოგადოებაში (შიგნით ასე არიან შეთანხმებულები და ამას რატომ აკეთებს, ჩემთვის გაუგებარია, ბოლომდე ვერ ამოვხსენი ეს ფენომენი), მეორეს მხრივ – იგი იმავე დღეს დაინიშნა თანამდებობაზე. ეს უპრეცედენტო ფაქტია. ყოველთვის ჯერ არის გასაუბრება, რამდენიმედღიანი ინტერვალი და მხოლოდ შემდეგ არის კენჭისყრა. მურუსიძე კი გასაუბრებიდან 20 წუთში დანიშნეს მოსამართლედ. მე არ ვიცი საბჭოს მდივანი საერთოდ როგორ საუბროპბს. ეს დიდი ფარისევლობაა – სრულიად სხვა რამეს აკეთებს და სხვა რამეს ამბობს.  

ავტორი: დიანა მუსელიანი