ბიბილოვი სტრასბურგის წარმომადგენლებს ოკუპირებულ რეგიონში იწვევს

2018-12-27 21:03:56
269

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონოს დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი სტრასბურგის სასამართლოს წარმომადგენლებს ცხინვალში იწვევს. ასე გამოეხმაურა დე ფაქტო პრეზიდენტი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის მოქალაქეების სარჩელების დაუშვებლად ცნობის შესახებ.

„თუ სტრასბურგის სასამართლო გაემიჯნება პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს და რეალურად დამოუკიდებელი იქნება, იგი სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას შეძლებს. ამისათვის მოსამართლეებზე პოლიტიკური ზეწოლა უნდა შეწყდეს. ისინი სამხრეთ ოსეთს უნდა ეწვიონ და ადგილზე გაეცნონ იმას, რეალურად როგორ ხდებოდა ყველაფერი 2008 წლის აგვისტოში“, – განაცხადა ბიბილოვმა.

ცნობისთვის: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომთან დაკავშირებით რუსეთის მოქალაქეების ორი სარჩელი დაუშვებლად, ერთი კი – ნაწილობრივ დაუშვებლად სცნო.

როგორც სასამართლოს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად სცნო "კუდუხოვა და კუდახოვა საქართველოს წინააღმდეგ" და "ნანიევა და ბადაევა საქართველოს წინააღმდეგ" სარჩელები, რადგან მათ, სასამართლოს ცნობით, საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარადგინეს.  

რაც შეეხება კიდევ ერთ სარჩელს "ჯიოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ", სასამართლომ ის ნაწილობრივ დაუშვებლად სცნო. 

მოდავეები აცხადებდნენ, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქმედებების გამო მათ სიცოცხლეს და კერძო საკუთრებას საფრთხე შეექმნა.