„როსავიაციამ“ თბილისსა და ბათუმში პირდაპირი ავიარეისები რუსეთის 18 ქალაქიდან დაუშვა

2018-12-27 20:19:01
445

„როსავიაციის“ ინფორმაციით, რამდენიმე რუსული ქალაქიდან თბილისსა და ბათუმის მიმართულებით რეგულარული ავიარეისების განხორციელებაზე წვდომა რუსეთის 5-მა ავიაკომპანიამ მიიღო.  

თბილისის მიმართულებით ფრენები შესაძლოა, განხორციელდეს სამარიდან, ტომსკიდან, ომსკიდან, ბარნაულიდან, ვოლგოგრადიდან, უფიდან, ყაზანიდან, პერმიდან, ორენბურგიდან, ეკატერინბურგიდან და ჩელიაბინსკიდან.

კვირაში 2–ჯერ რეგულარული რეისების განხორციელების უფლება გაიცა ავიაკომპანიებზე „ურალის ავიახაზები“  და „ჩრდილოეთის ქარი“. ხოლო ავიაკომპანიებს „პობედა“, „ნორდსტარი“ და „იუვტ აერო“ მიეცათ უფლება, ბათუმის მიმართულებით რეისები კრასნოდარიდან, პერმიდან, ყაზანიდან, ეკატერინბურგიდან, კრასნოიარსკიდან და ჩელიაბინსკიდან განახორციელეონ.

 სადღეისოდ საქართველოსა და რუსეთის ქალაქებს შორის პირდაპირ რეისებს ავიაკომპანიები „აეროფლოტი“, „პობედა“, „ურალის ავიახაზები“, “S7 Airlines” და „Georgian Airways” ახორციელებენ. მიმიდნარე წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი გასულ წელთან შედარებით, 23%–ით გაიზარდა და თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში ერთად 4,6 მლნ მგზავრს გადააჭარბა.