რა აქცენტები გაკეთდა სუს–ში დახურულ შეხვედრაზე: „ჩემი გაოცებაც გამოვთქვი“

2018-12-26 19:20:46
1245

რა აქცენტები გაკეთდა სუს–ში დახურულ შეხვედრაზე: „ჩემი გაოცებაც გამოვთქვი“

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ანალიტიკოსებს, სამოქალაქო სექტორისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია გააცნეს.

უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პირველად შედგა. „აქცენტი“ დაინტერესდა, რა აქცენტები გაკეთდა ღონისძიებაზე, აქვს თუ არა სუს–ს კრიტიკული მოსაზრებების მოსმენის, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის მზაობა, რას მოიცავს ექსპერტებისთვის წარდგენილი დოკუმენტი ამ საკითხებზე "აქცენტი" უშიშროების გადამდგარ პოლკოვნიკ ბესიკ ალადაშვილს ესაუბრა.  

ბესიკ ალადაშვილი: საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა იყო და საინტერესო პრეზენტაცია შედგა, მაგრამ, ბუნებრივია, ვინაიდან თავად დოკუმენტი ჯერ ღია არაა, მხოლოდ პირველადი შთაბეჭდილებები შემიძლია, გაგაცნოთ. ღონისძიებაზე უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე 20–მდე ექსპერტი იყო წარმომადგენილი და საინტერესოდაც ჩაიარა.

მსგავსი ტიპის შეხვედრა პირველად შედგა და რომ შედგა, პოზიტიურად უნდა შეფასდეს. 27 წელია ამ ჩაკეტილ წრეში ვართ. ჩემს გამოსვლაშიც გავამახვილე ყურადღება, რომ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესების დაცვით, მაგრამ საზოგადოებამდე მაქსიმალურად უნდა იქნეს მიტანილი ინფორმაცია იგივე ლაფანყურის, გაბრიელ–სალოსის ქუჩის თუ პანკისის სპეცოპერაციების შეახებ, რათა ამ საკითხს სხვადასხვა ძალებმა „კუდები“ არ მოაბას. ამ კუთხით ეს შეხვედრა მისასალმებელია. შესაძლოა, ამ შეხვედრებმა რეგულარული და თემატური სახეც მიიღოს.

ანალიტიკოსების მხრიდან დაფიქსირდა კრიტიკული მოსაზრებები?

ძალიან კრიტიკული არა, რადგან როგორც გითხარით, თავად დოკუმენტს „ლაივში“ ვეცნობოდით, დრო არ გვქონდა მოსამზადებლად, მაგრამ ვინაიდან ჩვენც ამ საკითხებზე ვმუშაობთ, იყო კეთილი განწყობით დაფიქსირებული შენიშნვები. ანალიტიკოსების პოზიცია იყო, რომ თუ გვინდა, ამ სტრატეგიამ იმუშაოს, მისი ინსტიტუციური უზრუნველყოფა უნდა მოხდეს. ანუ, კონკრეტულ პროგრამებად, კონკრეტულ სამუშაოებად უნდა ჩამოიშალოს. ამასთან, უმთავრესია ბიუჯეტი – პროექტების დაფინანსება. 2015–2016 წლებში ორჯერ მიიღეს უსაფრთხოების კონცეფცია, მაგრამ დარჩა კონცეფციად, რეალურად არაფერი გაკეთებულა. თუ პროექტს ბიუჯეტი არ არის მიბმული, არ არის დაკონკრეტებული უწყებები, პასუხისმგებელი პირები, ვადები, საქმე არ გაკეთდება. მესამე საკითხია კადრები – სად ვეძებთ და როგორ ვამზადებთ. საერთაშორისო ტერორიზმი ახალი გამოწვევა არაა, მაგრამ მეთოდები ახალია და გვჭირდება შესაბამისი კვალიფიკაციის კადრები. ჩემი შეთავაზება იყო, რომ არა მხოლოდ სუს–ის, არამედ სხვა ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები უნდა გავიდნენ კაბინეტებიდან, შეხვდნენ სტუდენტებს, პროფესორებს. მათ საზოგადოებასთან კონტაქტი უნდა ჰქონდეთ. არ შეიძლეა ჩაკეტვა.

და სუსი დემონიზებულია...

სწორედ ამის გამო. შეიძლება, ძალიან ბევრი საქმე კეთდება, მაგრამ ისე ჩანს, რომ მხოლოდ ანტიკორუფციული  სააგენტო მუშაობს. სუს–ის ძირითადი ფუნქცია კი უნდა იყოს კონტრდაზვერვა და ანტიტერორისტული მუშაობა. რეგიონში სიტუაცია უფრო და უფრო იძაბება და ჩემი წინადადება იყო, რომ შეიქმნას ანტიტერორისტული სამსახური (სახელს არ აქვს მნიშვნელობა), რომელიც პრემიერ–მინისტრს დაექვემდებარება. განსაკუთრებით თბილისში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ აჩვენა, რომ ძალები ძალიან გაფანტულია: თავმოყრილია თავდაცვის, შს სამინისტროებში, სუს–ში. ამ სამსახურში საგარეო დაზვერვის სამსახურიც უნდა იყოს ჩართული თავისი რესურსებით, რასაც სუს–ი ვერ შეძლებს. წარმოიდგინეთ ჯერ ბიუროკრატია, შემდეგ ქართული ბიუროკრატია, ეს კოორდინაციის პრობლემას ქმნის.

ირაკლი ალადაშვილმა [სამხედრო ანალიტიკოსი] დააყენა სპეცოპერაციის გაშუქებისთვის ჟურნალისტების მომზადების საკითხი.  მაგალითად გაბრიელ–სალოსის სპეცოპერაცია დასახელდა. ბუნებრივია, ჟურნალისტმა უნდა შეძლოს პროფესიული მოვალეობის შესრულება, მაგრამ თავადაც ჯანმრთელად უნდა გადარჩეს. უნდა იცოდეს, სად შევიდეს, სად – არა, ტყვია შეიძლება, ასხლეტილი იყოს და ა.შ. ბევრი დეტალია.

მეგობრული პოზიციიდან დაფიქსირებულ შენიშნვებზე რა პასუხები მიიღეთ?

მზადყოფნა დაფიქსირდა. პირად საუბრებშიც გაზიარებულ იქნა ძირითადი ღერძი. რადგან ეს საერთო საქმეა და რეალურ პრობლემებს ვხედავთ, ბუნებრივია, ჩასაფრებულის პოზიციით ვერ ვიქნებით. ეს სერიოზული საკითხია: სტრატეგია ერთ უწყებას სცილდება, ადის აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებების შტოებამზე. საჭირო იქნება სხვადასხვა ცვლილებების გატარება. ეს უნდა იყოს სახელმწიფო დონის დოკუმენტი. დავსვი კითხვები და ჩემი გაოცებაც გამოვხატე.

კერძოდ?

ტერორიზმის საფრთხე იზრდება ყველგან და ბუნებრივია, იზრდება თბილისშიც, ამ პირობებში კი თბილისის აეროპორტიდან დაახლოებით 1 წელია, აღებულია სკანერი–დეტექტორი. იქ გადაადგილდება პატრული, მაგრამ ჩანთით ტერორისტი რომ შევიდეს, და ღმერთმა დაიფაროს, პირველ სართულზე ტერაქტი მოაწყოს... ეს კითხვა დავსვი. არ ვიცი ვისი ბრძნული გადაწყვეტილება იყო, რომ სკანირების დროს გასასვლელთან რიგები დგება და აქ მეტი საფრთხეა, რიგების დროს მოხდეს ტერაქტიო. ჩემთვის ეს არგუმენტი არ იყო. ზოგან აეროპორტამდე მისასვლელ გზებზე აქვთ სკანერები, ფეხბურთის სტადიონებზეც.

და თავად საფრთხეს რამდენად ადეკვატურად აღიქვამენ? იგივე თქვენს მიერ მოყვანილი მაგალითი გულისხმობს, რომ სუს–ის აღქმით ქვეყანაში ტერირიზმის საფრთხე ნაკლებადაა?

ამას არავინ ამბობს. საფრთხე ნაკლებად არ არის. სტრატეგიაში საფრთხე იყო რანჟირებული როგორც  ტერორიზმის სახეების, ისე რეგიონების მიხედვით.

რაზე გაკეთდა აქცენტი, ჩვენს შემთხვევაში რომელია აქტუალური?

ამ ეტაპზე ჩვენს შემთხვევაში რელიგიური და სეპარატისტული ტერორიზმის საფრთხეა. ჩვენი გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და შესაძლოა, ჩვენი მოწინააღმდეგე სახელმწიფოს მიერ იყოს სპონსირებული სეპარატისტული ტერორიზმი. რაც შეეხება რელიგიურს, სამწუხაროდ, გვაქვს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავირებით გამოცდილება.

ანალიტიკოსების მხრიდან ხშირად იყო შენიშნვები, რომ სახელმწიფო არ სწავლობს, რა განაპირობებს ახალგზარდების რადიკალიზაციას, რაც შემდეგ პრევენციული გეგმის შედგენაში დაეხმარება. როდესაც სუს–ის წარმომადგენლები გაცნობდნენ სტრატეგიას, დაგრჩათ შთაბეჭდილება, რომ ხსენებული კუთხით ანალიზი გაკეთებული იყო?

ახალგაზრდების ძირითადი გადინება 2012–2015 წლებში დაფიქსირდა და ამ საკითხზე მომუშავე სპეციალისტები რამდენიმე ძირითად ფაქტორს გამოვყოფდით: ეკონომიკური, სოციალური – უმუშევრობა, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების არქონა და ამ რეგიონებში სახელმწიფო ინსტიტუტების არაეფექტური მუშაობა.   

სუს–ის შესაბამის დეპარტამენტში პრობლემები ესმით და სტრატეგიაში შესაბამისი ქვეთავები იყო გამოყოფილი და რამდენადაც ღონიძიებაზე გაცხადდა, ამ საკითხებზე მუშაობენ. სტრატეგიაში იყო ჩამოწერილი, რა ღონისძიებებია გასატარებელი, რომ პოტენციური წამსვლელების ქვეყნის ერთიან ცხოვრებაში ჩაბმა მოხდეს. იდეები კარგია, მაგრამ ამას ბიუჯეტის მხარდაჭერაც სჭირდება.

მაგალითად, პანკისში ხშირად ჩივიან, სუს–ი და ზოგადად სახელმწიფო მხოლოდ ძალისმიერი მეთოდებით მუშაობსო...

მუშაობის სხვადასხვა მეთოდებია. ზოგჯერ ძალის დემონსტრირებაც ერთიანი სცენარის ნაწილია, მაგრამ ამასაც ბუნებრივია, თავისი საზღვრები აქვს.

ადგილობრივები ამბობენ, ზოგჯერ კი არა, მუდმივად და მხოლოდ ძალის დემონსტრირებაც ცდილობსო...

მე ამ საქმის გამრჩევად ვერ გამოვდგები, მაინც სუბიექტური აზრი აქვს ინსტიტუტსაც და მოსახლეობასაც, მაგრამ თუ ეს ხდება, მე უფრო სხვა საკითხს გავუსვამ ხაზს  –  როგორ ხორციელდება ოპერატიული მუშაობა, აქ პროფესიონალიზმი უნდა ჩანდეს.  

ბრძანეთ, დასაქმების კუთხით გეგმები აქვთო, ფინანსურ მხარდაჭერას საიდან ელიან?

ამას სხვა უწყებებთან კოორდინაცია სჭირდება და ეს გამოჩნდება. ჩვენც ძალიან მკაცრები არ ვიყავით, რომ არ შევაშინოთ. ასეთ თემებზე დიალოგი მისასალმებელია.

საფრთხეების ჩამონათვალში რომელი რეგიონები დასახელდა?

ჩრდილოეთ კავკასია და ახლო აღმოსავლეთი. მოგეხსენებათ, ბრძოლას საზღვრები არ აქვს და თბილისი იმოტომ არის ჯაშუშთა ქალაქი, რომ აქ ყველა ყველას ებრძვის, ანგარიშებს აქ ასწორებენ და ეს პრობლემა არსებობს.

ავტორი: დიანა მუსელიანი