თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებს ახალი ემბლემა აქვთ

2018-12-26 10:07:18
82

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებს ახალი ემბლემა აქვთ, რომელიც ჰერალდიკის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2017 წელს ჰერალდიკის საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე, თავდაცვის სამინისტრომ გერბზე არსებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან ერთად აქტიური მუშაობა დაიწყო.

„შეიქმნა სამუშაო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ როგორც ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგნელები. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ დაადგინა, რომ 2018 წლის 20 დეკემბრამდე მოქმედი გერბი არ შეესაბამებოდა საქართველოში დამკვიდრებულ ჰერალდიკურ ნორმებს - ჯვრის ის სახეობა, რომელიც გამოსახული იყო ლოგოზე, არ დასტურდება ქართულ ჰერალდიკურ მემკვიდრეობაში, ასევე არ არის გამოსახული საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებზე. ჰერალდიკის საბჭომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ლოგოზე ასახულიყო საქართველოს სახელმწიფო დროშაზე დატანილი ჯვრის, კერძოდ ბოლნურ -კაცხური ჯვრის სახეობა. საქართველოში დამკვიდრებულ ჰერალდიკურ ნორმებთან დაახლოების მიზნით, ძველი სიმბოლოდან ამოღებული იქნა დაფნის ტოტი და რვაქიმიანი ვარსკვლავი, რომელიც უცხოა საქართველოს ჰერალდიკური ტრადიციისთვის. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს განმარტებით, ქართული ჰერალდიკისთვის დამახასიათებელია ვაზის ან მუხის რტოს წნული.

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსა და თავდაცვის სამინისტროს ხანგრძლივი ურთიერთთანამშრომლობით შემუშავდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ახალი სიმბოლიკა, მათ შორის სამხედრო-საბრძოლო დროშების სრული პაკეტი და ემბლემა“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.