საგარეო უწყებაში ირანის დელეგაციასთან შეხვედრაზე საზღვრის კვეთის საკითხები განიხილეს

2018-12-25 13:58:06
83

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ სეიედ ჯავადს და ქვეყნის დელეგაციას შეხვდა. როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, შეხვედრაზე სხვა თემებთან ერთად ირანის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთის დროს წარმოქმნილი პრობლემებიც განიხილეს.

"აღინიშნა, რომ ცალკეულ შემთხვევებში ადგილი აქვს ირანის მოქალაქეების მხრიდან საქართველოს საზღვრის კვეთის წესების დარღვევებს (ხშირად სათანადო ინფორმაციის აქრონის გამო)  და ამისთვის საჭიროა მათი ინფორმირებულობის გაზრდა. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ირანელ კოლეგებს შესაბამისი სტატისტიკა წარუდგინა.

ირანულ მხარესთან ასევე შეთანხმდა, რომ ქართულ მხარესთან თანამშრომლობით და ირანელი ვიზიტორების ცნობადობის გაზრდის მიზნით, მომზადდება შესაბამისი საინფორმაციო მასალა საქართველოს საზღვრის კვეთის, საქართველოში ბიზნესის წარმოების, სწავლის ან მკურნალობის რეგულაციების შესახებ, რომელსაც ირანული მხარე შესაბამისი უწყებების და ორგანიზაციების მეშვეობით გაავრცელებს.

შეხვედრაზე ასევე განხილული იყო საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულება და შეთანხმდა, რომ სასურველია მოხდეს ხელშეკრულების დებულებების დახვეწა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ხელშეკრულების არასწორი მიზნით გამოყენების შესაძლებლობებს.

შეხვედრის დასასრულს ირანულმა მხარემ აღინიშნა, რომ შეხვედრისას მიღებულმა ინფორმაციამ სიცხადე შეიტანა განხილულ საკითხებში. ორივე მხარემ, გამოხატა მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ მომავალში", – აცხადებენ საგარეო უწყებაში.