საგარეო უწყებაში ჯონდი ბაღათურიასა და "ეროვნულ ძალთა შეთანხმების" წევრებს განუმარტეს, რას გულისხმობს გლობალური კომპაქტი

2018-12-24 17:36:10
237

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გაიმართა მოქალაქეთა საპროტესტო აქციის საორგანიზაციო ჯგუფთან, რომლებიც გლობალურ კომპატთან საქართველოს მიერთებას აპროტესტებენ.

როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, შეხვედრას ესწრებოდნენ "ქართული დასის" ხელმძღვანელი ჯონდი ბაღათურია,  "ეროვნულ ძალთა შეთანხმების" ლიდერი  დიმიტრი ლორთქიფანიძე, გურამ ფალავანდიშვილი და ლევან ჩაჩუა.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა საორგანიზაციო ჯგუფს განუმარტეს, რომ მიგრაციის გლობალური კომპაქტი წარმოდგენს სამართლებრივად არასავალდებულო ხასიათის დოკუმენტს, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს გლობალური მასშტაბით  მიგრაციის უკეთ მართვას.  იგი არ ეხება მხარდამჭერ ქვეყნებში მიგრანტთა გადაადგილების  საკითხებს და  ამ თემაზე დოკუმენტში საერთოდ არ არის საუბარი“, – აცხადებენ  საგარეო საქმეთა სამინისტროში.

როგორც უწყებაში აცხადებენ, კომპაქტის მიზნებით გათვალისწინებული მთელი რიგი ქმედებები ისედაც პრიორიტეტული იყო საქართველოსათვის და დოკუმენტის მიღებამდეც ხორციელდებოდა და ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ, ევროკავშირის, გაეროსა და სხვა პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების დახმარებით.        

„მხედველობაშია მისაღები, რომ საქართველო თავად არის მიგრანტთა წარმოშობის ქვეყანა და კომპაქტით გათვალისწინებული მიზნების შესრულება გლობალურ დონეზე, ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყნებში მიგრაციაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მათი ინტერესების დაცვას.

აქციის საორგანიზაციო ჯგუფმა მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოპერატიული რეაგირებისთვის. მხარეებმა გამოთქვემს მზადყოფნა, მომავალში - საჭიროების შემთხვევაში - აქტიურად  გააგრძელონ თანამშრომლობა საკითხის დეტალურად განხილვის კუთხით, რათა მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი საზოგადოების ჩართულობა და ინფორმირებულობა“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

შეგახსენებთ 2018 წლის 10-11 დეკემბერს ქ. მარაკეშში (მაროკო), გაეროს მთავრობათაშორისი კონფერენციის ფარგლებში მიღებულ იქნა გლობალური კომპაქტი უსაფრთხო, მოწესრიგებული და რეგულარული მიგრაციისათვის (GLOBAL COMPACT FOR SAFE, ORDERLY AND REGULAR MIGRATION).  საქართველო საწყისი ეტაპიდანვე მონაწილეობდა კომპაქტის შემუშავების პროცესში და გაეროს წევრი ქვეყნების უმრავლესობის მსგავსად შეუერთდა კომპაქტს.