„ვაგრძელებ ბრძოლას და მცდელობას, რომ პრემიერი გამომეხმაუროს“

2018-12-24 13:05:11
397

ახალგორელი აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის განცხადებით, გააგრძელებს  ბრძოლას და მცდელობას, რომ „საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გამოეხმაუროს“.

„ყველა სტატუსის დაწერისას ვრისკავ... დევნის და გადაადგილების აკრძალვით, დარღვეული უფლებებით 1 წელი და 4 თვე. დღეს ისევ პროკურატურაში... პრემიერი არ გამოხმაურებია ჩემ მიმართვას... არ გამომხმაურებია არავინ, არსაიდან- ხელისუფლებას ვგულისხმობ. ტელევიზიებიდან მხოლოდ "აჭარის ტელევიზია"- დაინტერესდა ჩემი მდგომარეობით და დავრწმუნდი რაც ისედაც ვიცოდი მათზე - ერთ- ერთი სამინისტროს მითითება ტელევიზიებს - "მეარაყიშვილი არ აჩვენოთ"- არ ვრცელდება. ბრძოლას და მცდელობას, რომ პრემიერი გამომეხმაუროს ვაგრძელებ- ფორმას მოვიფიქრებ მისი ყურადღების მისაპყრობად“, – წერს მეარაყიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მეარაყიშვილმა ბახტაძეს საჯაროდ სთხოვა დახმარება: „ჩემთვის, ადვოკატის გარეშე დარჩენა ნიშნავს, ერთ პროცესში დასრულებულ სასამართლოს და თავისუფლების აღკვეთას“.