ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა უსერიოზულესი დარღვევები დადასტურდა

2018-12-21 16:32:53
498

ეუთოს ე.წ. მოსკოვის მექაზმის მომხსენებელმა ვოლფგანგ ბენედეკმა წარმოადგინა მოხსენება, რომელშიც ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევების შესახებ მონაცემები, ასევე რუსეთისა და ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელისუფლებებისა და ეუთოს მიმართ რეკომენაციებია წარმოდგენილი.

«მტკიცებულებები ნათლად მოწმობს, რომ ინფორმაცია ჩეჩნეთის რესპუბლკაში ადამიანის უფლებათა უსერიოზულესი დარღვევების შესახებ დასტურდება. ეს ეხება, კერძოდ, დევნასა და თვალთვალს, უკანონო დაკავებებსა და დაპატიმრებებს, წამებას, ადამიანთა გაუჩინარებასა და სასამართლო განაჩენის გარეშე სიკვდილით დასჯას. ამავე რიგშია 2017 წელს ადამიანის უფლებათა დარღვევები სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით. გამოვლინდა ახალი წმენდები, რომელიც, მათ შორის, მოზარდებსაც კი შეეხოთ», - ნათქვამია მოხსენებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ “არ არის გამოვლენილი არანაირი პროგრესი სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის კუთხით, გართულდა ვითარება დაუსჯელობის მიმართულებით, დაშინების კუთხით კი ატმოსფერო იმდენად არის დამძიმებული, რომ ნაკლებ სავარაუდოა, ჩეჩნეთში ვინმემ ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული პრობლემების შესახებ ღიად საუბარი გაბედოს”.

«უფლებადამცველი ორგანიზაციები და გამომძიებელი ჟურნალისტები თავდასხმებისა და დევნის მსხვერპლნი ხდებიან. იქმნება შთაბეჭდილება, რომ რეპრესიული სახელმწიფო აპარატი თავისუფალია, იმოქმედოს ისე, როგორც თავად სურს, ვინაიდან იგი დაცულია დაუსჯელობით», - ნათქვამია მოხსენებაში.

გრაცის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის პროფესორი ვოლფგანგ ბენედეკი ეუთო-ს წევრი იმ 16 ქვეყნის მიერ იქნა შერჩეული, რომლებმაც ნოემბერში ეუთოს ე.წ. მოსკოვის მექანიზმი აამოქმედეს.