ოქიტაშვილი აქციებს აანონსებს: მოთხოვნა ანანიაშვილის გადადგომაა

2018-12-20 13:20:58
800

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი პერმანენტულ აქციებს აანონსებს.  მთავარი მოთხოვნა ნინო ანანიაშვილის მიერ ხელმძღვანელი პოზიციის დათმობა ან მეუღლის შეხედულებებისგან გამიჯვნა იქნება.

დავით ოქიტაშვილის განცხადებით, დაუშვებელია ოპერას ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომლის მეუღლეც მთავრობის დამხობაზე საუბრობს. მისივე ინფორმაციით, თეატრში კრიზისული ვითარებაა, ოპერის მომღერლებს არ აქვთ წესიერად მუშაობის საშუალება, შეზღუდულია საოპერო და საბალეტო დასის უფლებები და ორმაგი სტანდარტებით იმართება.

ბრიფინგს დაესწრო ქორეოგრაფიული სასწავლებლის ყოფილი დირექტორი ნუგზარ მახათელი, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ მოღვაწეობს. მან ვახტანგ ჭაბუკიანის სასწავლებლში არსებულ არასახარბიელო მდგომარეობასა და სწავლის სისტემის პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, ნინო ანანიაშვილი მნიშვნელოვანი ფიგურაა საბალეტო ხელოვნებაში, როგორც მსახიობი, მაგრამ არა, როგორც დასის ხელმძღვანელი.

„არც ვიცით, ამ აბსურდულ ბრალდებებს რა პასუხი შეიძლება, გაეცეს“, - ასე ეხმიანება ოპერისა და ბალეტის თეატრის მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა იოსავა ოქიტაშვილის მოთხოვნას.

„თავადაც ამბობს დავით ოქიტაშვილი, რომ არ აქვთ არანაირი ფაქტები დასის წევრების პოლიტიკური ნიშნით შევიწროების შესახებ. თეატრში არანაირი პოლიტიკური საკითხები არ განიხილება და არანაირი კავშირი არ გვაქვს პოლიტიკასთან. დასი მუშაობს ჩვეულ რეჟიმში“.

ხათუნა იოსავა ამბობს, რომ ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული ქმრის შეხედულებების გამო ცოლს მოეთხოვოს პასუხი: 

„ჯერჯერობით დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. არ შეიძლება, რომ ქმრის საქმიანობის გამო პასუხს ცოლს სთხოვდნენ. ნინო ანანიაშვილს არანაირი შეხება არ აქვს მეუღლის საქმიანობასთან. ის მუშაობს დასთან და ამდენი წელია თავის საქმეს აკეთებს ძალიან წარმატებულად. საბალეტო დასი ასეთი წარმატებული არასდროს ყოფილა“.

როგორც ხათუნა იოსავა ამბობს, თუკი დათო ოქიტაშვილი წარუდგენს მათ კონკრეტულ ფაქტებს პოლიტიკური ნიშნით შევიწროების შესახებ, შესაბამისად იმოქმედებენ.