ჩეჩნეთში ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა ოჯახის ნათესავებმა კადიროვს “სთხოვეს”, ბიძაშვილი არ დასაჯოს

2018-12-18 14:32:45
289

2018 წლის 4 დეკემბერს გროზნოს შესასვლელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ოჯახი დაიღუპა. შავმა მერსედესმა”, რომელსაც ჩეჩნეთის რესპუბლიკის რუსეთის მიერ ხელდასმულ ლიდერ რამზან კადიროვის ბიძაშვილი მართავდა, “ჟიგულის” მარკის ავტომობილი ფაქტობრივად, შუაზე გადაჭრა. ახალგაზრდა ქალი და მისი 3 წლის შვილი ადგილზე დაიღუპნენ, ხოლო მძღოლი – ოჯახის უფროსი მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. “მერსედესის” მძღოლში თვითმხილველებმა ჩეჩნეთის შალის რაიონის ხელმძღვანელი, რამზან კადიროვის ბიძაშვილი ტურპან-ალი იბრაგიმოვი ამოიცნეს.

ჩეჩნური საზოგადოება მოუთმენლად ელოდა ხელისუფლების რეაქციას: ხალხს ახსოვს, რომ სულ რაღაც ერთი წლის წინ კადიროვმა ლეტალური შედეგით დასრულებულ ავტოსაგზაო შემთხვევებში დამნაშავეები ტერორისტებს გაუთანაბრა და უმკაცრესი დასჯით დაემუქრა.

თუმცა სასჯელის ნაცვლად საზოგადოებამ შეწყალების თხოვნა იხილა – არა ბრალდებულის, არამედ დაღუპულთა ახლობლების მხრიდან. სახელისუფლებო საიტზე კადიროვისადმი მათი მიმართვა გამოქვეყნდა. ერთ-ერთი დაღუპულის მამა აცხადებს, რომ ჰპატიებს ტურპან-ალი იბრაგიმოვს და მთელი თემის სახელით სთხოვს კადიროვს, იგი თანამდებობიდანაც კი არ გაათავისუფლოს.

ამგვარად, იგი დაეთანხმა სუფისტური საძმოს (ე.წ. თეთრქუდიანების) გადაწყვეტილებას, რომლის წევრიც თავადაც არის.