კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გუნდი ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებული გახდა

2018-12-17 17:13:16
184

კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გუნდი ინტელექტუალური თამაშის "რა?სად? როდის?" გამარჯვებული გახდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კადეტებს გამარჯვება საზეიმო ვითარებაში ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ მიულოცა და წარმატებები უსურვა.

"თამაში პროექტის ,,კინო სკოლაში“ შემოდგომის სეზონის დახურვასთან დაკავშირებით ,,გარდენ ჰოლში“  გაიმართა. მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 350 კინოსკოლელისაგან შემდგარი 50 გუნდი მონაწილეობდა. კითხვები სპეციალურად ამ თამაშისთვის კინოთემატიკის მიხედვით იყო შედგენილი.

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი უკვე მეორე წელია ამ თამაშის გამარჯვებულია. წლევანდელ თამაშზე ლიცეუმიდან  კადეტთა ორი გუნდი მონაწილეობდა. გუნდის წევრები ტესტირების გზით შეირჩნენ. გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში შედიან კინო კლუბის აქტიური წევრები: მარიამ კობერიძე, სალომე დავითულიანი, გიორგი ჯანელიძე, რატი ავალიანი, ბაჩანა წირღვავა, გოჩა გულუა. ისინი ღონისძიების ორგანიზატორებისაგან წიგნებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

პროექტი ლიცეუმში უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება, რომელსაც ფასილიტაციას კინომისიონერ ლია უკლებასთან ერთად ლიცეუმის ესთეტიკური აღზრდის ხელმძღვანელი მანანა რუხაია უწევს.  „კინო სკოლაში“ კინოგანათლების პოპულარიზაციაზე ორიენტირებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს მოზარდებში კრიტიკული აზროვნების და შემოქმედებითი უნარების განვითარებას", – აცხადებენ უწყებაში.

(R )